ახალი ინდივიდუალური მასმედია

თებერვალი 24, 2008

ქვემოთ მოცემულია ავტორიზებული ტექსტი მანუელ კასტელსის გამოსვლიდან სემინარზე ”მედია:მოქალაქეებსა და ხელისუფლებას შორის”,რომელიც გაიმართა მსოფლიო პოლიტიკური ფორუმისა და ვენეტოს პროვინციის ორგანიზებით 2006 წლის 23-24 ივნისს იტალიაში.

ინფორმაცია და კომუნიკაცია ყოველთვის განსაზღვრავდა მთავრობის,ოპოზიიცისა და წინააღმდეგობრივი ძალების მიმართულებებს,სოციალური ცვლილებების ხასიათს.ხელისუფლებას მხოლოდ ხალხის აზროვნების მოდელირებით შეუძლია ჩამოაყალიბოს საზოგადოება და ასევე,ეს უკანასკნელიც მხოლოდ საკუთარი აზროვნების წესის შეცვლით ტრანსფორმირდება.
ფიზიკური და ინტელექტუალური დათრგუნვა ხელისუფლების ქმედების უმთავრესი კომპონენტია ,მაგრამ თუ ხალხის მსოფლმხედველობა რადიკალურად შეიცვლება ანუ ახლებულად მოხდება საკუთარი თავის გააზრება,მაშინ არ არსებობს ბუნებაში მმართველობა,რომელიც შეძლებს წინააღმდეგობის გაწევას.ფიზიკური წამება გაცილებით უფრო ნაკლებეფექტურია,ვიდრე აზროვნების მოდელირება.ამიტომაც კომუნიკაცია ნებისმიერი ხელისუფლების საფუძველთა საფუძველია.
თანამედროვე საზოგადოებაში პოლიტიკა ღებულობს ”მედიატორულ” განზომილებას.თავად პოლიტიკური სისტემა და მიღებული გადაწყვეტილებები ქმნიან სამოქმედო არენას მასმედიისთვის,რომელიც მას ჰპირდება სამოქალაქო მხარდაჭერის მოპოვებას ან ,სულ მცირე, მოსახლეობის ოპოზიციური განწყობის შერბილებას.ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ მედიას აქვს განუსაზღვრელი შესაძლებლობები და მისი გავლენა მთლიანად განსაზღვრავს საზოგადოებრივ აზრს.კვლევებმა დაადასტურა,რომ აუდიტორია არის აქტიური და არა პასიური ელემენტი.
თუმცა მასმედიის შიგნით არსებობს სისტემები,რომლებიც მას საშუალებას აძ-
ლევს გააკონტროლოს საზოგადოებაზე ზემოქმედების ზომები.მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ხომ ,უპირველეს ყოვლისა,კომერციული ორგანიზაციებია,რომლებიც მოგების მიღების იმპერატივს ექვემდებარებიან.მათ სურთ შექმნან საკუთარი მომხმარებელი და გააფართოონ გავრცელების ზონა.უმრავლეს შემთხვევებში,ისინი არიან განსხვავებულები,კონკურენტულები და ცდილობენ ფლობდნენ არა ნაკლებ ნდობის კრედიტს თავიანთ ოპონენტებთან შედარებით.
მიუხედავად ამისა,აუცილებლად უნდა გაესვას ხაზი ორ ტენდენციას.უპირველესად,ესაა საომარი,იდეოლოგიზირებული ,პოლიტიკური ბრძოლების ინსტრუმენტად ქცეული ჟურნალისტიკის გამოჩენა.მაგრამ დღესდღეობით რადიკალიზმი და იდეოლოგიური ანგაჟირებულობა მოგების ამოღების საშუალებაა.გავიხსენოთ:აშშ-ს ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა ტელეკომპანია ”ფოქს ნიუსმა” (რუპერტ მერდოკის News corporation-ის ფილიალი) უამრავი კონსერვატორი ამერიკელის გული მოიგო,როდესაც 2003 წელს მხარი დაუჭირა ერაყში შეჭრას.
მეორე მხრივ,იკლებს პროფესიონალი ჟურნალისტების მათი დამქირავებლებისგან დამოუკიდებლობის ხარისხი.ამითაა განპირობებული რთული მედია-მანიპულაციები.ახლახანს გამოქვეყნდა სოციოლოგიური კვლევა,რომლის მიხედვითაც 2004 წელს ამერიკის მოსახლეობის 40 % დარწმუნებული იყო,რომ სადამ ჰუსეინი და ”ალ ქაიდა ” მოკავშირეები იყვნენ და ერაყი ფლობდა მასობრივი განადგურების იარაღს(1).მაშინ როდესაც,დაახლოებით ერთი წლის წინ უკვე წარმოადგინეს საწინააღმდეგოს დამამტკიცებელი არგუმენტები. Read the rest of this entry »


მედიის შესახებ

თებერვალი 24, 2008

1. მედია ხელს უწყობს ”კარგი” პოლიტიკური მმართველობის ჩამოყალიბებას.
პლურალისტური შეხედულებით მომხმარებელი არ არის ინფორმაციის პასიური მიმღები.პლურალისტები უარყოფენ იმასაც,რომ ძალაუფლება კონცენტრირებულია ძლიერი უმცირესობის ხელში.მასმედიაში აისახება მრავალფეროვანი შეხედულებები.ერთი და იგივე მოვლენები სხვადასხვანაირად არის გაშუქებული სხვადასხვა გამოცემებში.მართალია,ზოგჯერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს არ ახასიათებთ ობიექტურობა,მაგრამ, საბოლოო ჯამში, აუდიტორიას შესწევს არაობიექტურის დანახვის უნარი.პლურალისტური თეორიით მასმედია თავისი არსით ემსახურება ლიბერალურ-დემოკრატიული წყობილების ინტერესებს,ანუ უზრუნველყოფს კონკურენციაზე დამყარებულ ჯანსაღ ურთიერთობებს,რაც ”კარგი” პოლიტიკური მმართველობის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია.( 1).
მანუელ კასტელსი მიიჩნევს,რომ ახალი ტიპის მასმედიის განვითარებას დადებითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს.მართალია, სერიოზული მასმედია ხშირად ექცევა კერძო გავლენების ქვეშ,მაგრამ ალტერნატიული საშუალებები ზემოქმედებენ მასზე ,უარყოფენ ან ქმნიან გარკვეულ ინფორმაციას.დემოკრატიის კრიზისის პერიოდში პრობლემა უნდა გადაწყდეს კომუნიკაციის სივრცეში.ანუ კასტელსის მიხედვით მედია არის ერთადერთი საშუალება ”კარგი” პოლიტიკური მმართველობის ჩამოსაყალიბებლად.(2)
2.მედია არ უწყობს ხელს ”კარგი” პოლიტიკური მმართველობის ჩამოყალიბებას.
მარქსისტები მიიჩნევენ,რომ მასმედია ემსახურება ცალკეული პირების ან ფენების ინტერესებს.ჰეგემონისტების მიხედვით,დომინანტური იდეები განსაზღვრავენ მედიის ხასიათს.ხოლო ინსტრუმენტალისტებს სჯერათ,რომ მასმედიის საქმიანობაში გადამწყვეტ როლს ასრულებენ წარმოების საშუალებების მფლობელები.(3)
რობერტ პატნემის აზრით,მასმედია ხელს უშლის საზოგადოებრივი კაპიტალის ჩამოყალიბებას. ტელევიზიამ ადამიანები გახადა უფრო ჩაკეტილები.თავისუფალი დროის დიდ ნაწილს ისინი ტელევიზორთან ატარებენ.საზოგადოებრივი აქტივობის შემცირება დემოკრატიისთვის საკვანძო პრობლემაა.(4)
მიხაელ ჰერმანის მოსაზრება ეფუძნება თანამედროვე სამყაროში ხელისუფლების ლეგიტიმაციის პრობლემას.ანალიტიკური პოლიტიკური ინფორმაცია დაჩრდილა გასართობმა გადაცემებმა,ნეგატივიზმმა,პერსონალიზაციამ,ყველაფერი ეს უარყოფითად მოქმედებს პოლიტიკური პროცესების სწორედ წარმმართვასა და დემოკრატიის განვითარებაზე.ხელისუფლება ცდილობს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით საზოგადოებაზე გავლენის მოხდენას,მაგრამ ეს მხოლოდ მოკლევადიანი შედეგის მომცემი შეიძლება იყოს. (5).
3.პლურალიზმი,ინსტრუმენტალიზაცია და სტრუქტურული შეზღუდვები ქართულ მედიაში.
თანამედროვე ქართულ მედიას ყველაზე ხშირად ადანაშაულებენ პოლიტიკური დაკვეთების შესრულებაში.ინტრუმენტალიზმი შეიძლება გულისხმობდეს როგორც კერძო მფლობელების, ასევე პოლიტიკური პარტიების გავლენებს მასმედიაზე.როგორ შეიძლება გავლენის მოხდენა?შალვა რამიშვილთან დაკავშირებულ ცნობილ სკანდალს თუ გავიხსენებთ, მაშინ მასმედიის საშუალებების ”დამორჩილების” საუკეთესო საშუალება ფულია.მედია ზოგიერთ შემთხვევაში არანაირ იდეებსა და გამოკვეთილ პოლიტიკურ შეხედულებებს არ ემსახურება. მისი მიზანი ინფორმაციით ვაჭრობაა,ანუ საბაზრო ეკონომიკის პრინციპები კლასიკურ პლურალისტურ თეორიებს გამანადგურებელ დარტყმას აყენებს. უფრო კონცენტრირებული და გავლენიანი მედიის საშუალებებზე საუბრისას განსხვავებულ სიტუაციას ვაწყდებით.”ვარდების რევოლუციის ” შემდეგ რუსთავი2-მა დაიმკვიდრა სახელისუფლო ტელევიზიის იმიჯი,”იმედმა” კი _ოპოზიციური აზრის დამცველის.ეს ორი წამყვანი ტელევიზია აშკარად გამოკვეთილი ინტერესების დამცველია,რასაც ვერ ვიტყვით პრესის საშუალებებსა და პატარა ტელეკომპანიებზე,რომლებიც უფრო მოსალოდნელია,რომ ფინანსური დაინტერესების შემთხვევაში იდეოლოგიზირებულ ბრძოლაზე უარს იტყვიან(ეს აჩვენა კიდეც შალვა რამიშვილის მაგალითმა).
სტრუქტურალისტური კუთხით განხილვისას,დასავლეთისგან მკვეთრად განსხვავებულ სურათს ვაწყდებით.ამერიკასა და ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ჟურნალისტები განათლებული და სპეციალური უნარებით შეიარაღებული ადამიანები არიან.მათთვის ლიბერალური ღირებულებები პრიორიტეტს წარმოადგენს.საქართველოში რიგით ჟურნალისტსა და საშუალო სტატისტიკურ მოქალაქეს შორის ინტელექტუალური განსხვავება გაცილებით მცირეა.შესაძლოა ეს გამოიწვევს კიდეც იმას,რომ სოციალურ სიუჟეტებსა და სახალხო შეხედულებებს ზოგიერთ ტელევიზიაში მეტი ადგილი დაეთმობა.რუსთავი2-მა რევოლუციის შემდეგ მკაფიოდ დააფიქსირა თავისი პოზიცია_გარკვეულ მოვლენებზე თვალის დახუჭვა და ხელისუფლების არაპოპულარული ნაბიჯების პოპულარიზაციის ან გადაფარვის მცდელობა.მათ ეს ახსნეს ქართული საზოგადოების მოუმწიფებლობითა და ლიბერალური შეხედულებებისადმი უნდობლით.ფაქტობრივად, მათ აღიარეს,რომ საზოგადოებრივ აზრს მხოლოდ ერთი მიმართულებით ასახავდნენ.
ქართულ მედია სივრცეში პლურალისტური შეხედულებებისთვის გაცილებით ნაკლები ადგილი რჩება,თუმცა ბევრი მიიჩნევს,რომ მსხვილ ტელევიზიებს შორის იდეოლოგიურ-პოლიტიკური დაპირისპირება დადებითად აისახება განვითარების ზოგად ტენდენციებში.პრესის მიუკერძოებლობის საკითხი კი მისი მცირე მასშტაბურობისა და ეკონომიკური მოგების მიღების დიდი სურვილის გამო ჯერ კიდევ საეჭვოა.
(1) M.&E. Jones. Mass Media. Macmillan, 1999, pp. 36-59
(2) . Манюель Кастельс. Новые индивидуальные масмедия. Le Monde diplomatique, 2006, 5pp
(3) M.&E. Jones. Mass Media. Macmillan, 1999, pp. 36-59
(4) Robert D. Putnam, Bowling alone: America’s Declining Social Capital, Journal of Democracy 6:1, Jan 1995, 65-78
(5) Михаэль К. Херманн. Политическая коммуникация: воздействие средств массовой информации на общество в современных государствах