მართლმადიდებლური ეთნონაციონალიზმი

“კაცთა შორის რჩეულო! ჩემი მოხუცებულობის ოცნება იყო საკუთარი თვალით მენახა ჩვენი ხალხის სიამაყე და მსოფლიოს უდიდესი ადამიანი, მაგრამ ბედმა არ მარგუნა ეს ბედნიერება, ალბათ ამის ღირსი არა ვარ. მიიღეთ ძვირფასო იოსებ, საქართველოს ეკლესიის და მისი მეთაურის გულწრფელი მადლობა მშობელი ეკლესიის საბჭოთა კავშირში არსებული სარწმუნოებრივ ორგანიზაციათა სიაში შეყვანისათვის, ჩემი კადნიერი მამაშვილური სიყვარულის გამომხატველად მოგართმევთ ქართულ კულას წარწერით: იოსებ ქართველს, მსოფლიოში უცალღალატო ადამიანს, მაშვრალთა წინამძღვარს, მადლობით გულსავსე საქართველოს მართლმადიდებელთა მწყემსის კალისტრატე კათალიკოზ-პატრიარქისაგან.”

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე. წერილი იოსებ სტალინს. 1948 წ.

 

“საქართველოს ეკლესია მთლიანად უჭერს მხარს სსრკ მთავრობის საგარეო და საშინაო პოლიტიკურ კურსს – ასეთ დეპეშას ვაგზავნიდით ყოველთვის საახალწლოდ კრემლში.”

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. საიუბილეო გამოსვლა ოპერისა და ბალეტის თეატრში. 1997 წ.

 

“უნდა იცოდეთ, რომ ქართული იდეა ორ უმთავრეს სვეტს ეყრდნობა. ესაა სულიერი ღირებულებები (რაც გულისხმობს მართლმადიდებლურ სარწმუნოებას და მის წეს-ჩვეულებებს) და ეროვნულ-კულტურული ფასეულობები, რითაც ასე მდიდარია ჩვენი ქვეყანა. ქართულმა იდეამ რომ ხორცი შეისხას და განვითარდეს, საჭიროა გაერთიანდეს სახელმწიფოს, საზოგადოებისა და ეკლესიის ძალისხმევა.”

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. საშობაო ეპისტოლე, 2007.

 

“Нельзя говорить о Достоевском только как о религиозном мыслителе и сердцеведце. Нужно говорить о Достоевском как об огромной величине в политической философии. Ведь это он автор “русской идеи”. Владимир Соловьев о положениях “русской идеи” Достоевского говорит: “Русская идея” – это христианское преображение мира на основе истины, красоты и добра.’

Патриарх Московский и всея Руси Кирилл I

 

“Перед нами встает задача: воспитание нового типа священников; подбор и расстановка священников – дело партии.”

Константин Харчев, Председатель совета по делам религий при Совете Министров СССР

საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური ჟურნალი “კრიალოსანი” ვრცლად განმარტავს კათოლიკოს-პატრიარქის სწავლებას “ქართული იდეის” შესახებ: 
“… ქართული იდეა პატრიარქის ქადაგების მიხედვით ასე მოიაზრება: I- ღმერთი, II- სამშობლო, III- ადამიანი. ფაქტიურად, გიყვარდეს ღმერთი, შენი; გიყვარდეს სამშობლო შენი და ემსახურე მას მართლმადიდებლობით და ქრისტიანობით… ორი წლის წინ საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში შედგა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სა და სტუდენტების შეხვედრა… ძალიან საინტერესო კითხვა დასვა პატრიარქმა: რა არის ყველაზე მთავარი ჩვენი ერის გადასარჩენად? ზოგმა თქვა – მართლმადიდებლობა, ზოგმა – ეკლესიურობა, ზოგმა – სიკეთე, ღმერთისადმი სიცოცხლის მიძღვნა და ა. შ. მაგრამ, არც ერთი პასუხი პატრიარქისათვის დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდა და ბოლოს თვითონ გასცა ამ კითხვაზე პასუხი: ყველაზე მთავარია ქართველი ადამიანის გაეროვნულება ანუ გაქართველება. ე. ი. როდესაც კარგი ქართველი, ეროვნული გახდება ადამიანი, ის იქნება კარგი მართლმადიდებელი, ზნეობრივი, კეთილი, მოყვასისა და მტრის მოყვარულიც.” (კრიალოსანი, N 1 (47), იანვარი 2009. გვ.36).

პატრიარქის მიერ გავრცელებულმა რელიგიურ-ეთნონაციონალისტურმა სლოგანებმა: “საქართველო გაბრწყინდება!”, “ქართველნო, ერთად ღვთისაკენ!”, “საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია!” და სხვ. ფაქტიურად სახელმწიფოებრივი ლეგიტიმაცია შეიძინეს საქართველოში. “ზეციური საქართველოს” არსებობის შესახებ კი უკვე ყოველმა სკოლის მოსწავლემ იცის. 2009 წლის სააღდგომო ეპისტოლეში პატრიარქი მხოლოდ საგადასახადო ამნისტიის:“…ალბათ უფრო შედეგიანო იქნება საგადასახადო ამნისტიის გამოცხადება…” და დასავლეთზე პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლისაკენ კი არ მოგვიწოდებს: “ქვეყნის კეთილდღეობა დიდად არის დამოკიდებული მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობაზეც. ჩვენ მათთან, აუცილებლად, უნდა გავაღრმავოთ კავშირი, რის წინაპირობადაც უნდა იქცეს კულტურათა შორის დიალოგი; ერთმანეთის სულიერი, მეცნიერული და მატერიალური ფასეულობების წარმოჩენა ხელს შეუწყობს ჩვენს შორის არსებული სხვა საკითხების გადაწყვეტასაც”, არამედ იდეოლოგიური სახელმწიფოს შექმნას გვთავაზობს: “საერთოდ სახელმწიფო უნდა განვითარდეს და მისი იდეოლოგიის განმსაზღვრელი უნდა იყოს არა გეო-პოლიტიკური ფაქტორები, არამედ ეროვნული ინტერესები”. ფაქტიურად ჩვენ უკვე ვცხოვრობთ იდეოლოგიურ სახელმწიფოში, უბრალოდ დარჩა ამ მდგომარეობის კონსტიტუციაში დაფიქსირება. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მსოფლმხედველობას მართლმადიდებლურ-ეთნონაციონალისტური იდეოლოგია წარმოადგენს, ხოლო ამ იდეოლოგიის გამავრცელებელ ერთ-ერთ მთავარ ინსტიტუციად კი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გვევლინება.
მართლმადიდებელი ეთნონაციონალიზმის იდეოლოგიური ბაზა ერთდოულად პოლიტიკურიცაა და რელიგიურიც. ამგვარი მიმდინარეობის აღსანიშნავად გამოიყენება ორი ტერმინი: ინტეგრიზმი და ფუნდამენტალიზმი. იგი ინტეგრისტულია, რადგან ეწინააღმდეგება პლურალიზმს საზოგადოებაში და არსებობის უფლებას მხოლოდ რელიგიურ ღირებულებათა სისტემას ანიჭებს. ხოლო ფუნდამენტალისტურია იმიტომ, რომ არამარტო ეწინააღმდეგება მოდერნიზაციას და იცავს ტრადიციონალიზმს, არამედ სურს დაამარცხოს მოდერნიზმი და სეკულარიზმი, მოდერნის სოციალური ინსტრუმენტების (მედია, პოლიტიკური ინსტიტუტები და სხვ.) გამოყენებით და ააშენოს აღორძინებული და მოდიფიცირებული რელიგიურობის მქონე ახალი ტოტალიტარული საზოგადოება. ამიტომაც მართლმადიდებლური ეთნონაციონალიზმი უპირისპირდება არა მხოლოდ სეკულარულ ხელისუფლებას ან სახელმწიფოს, არამედ მთლიანად საზოგადოებას. დღეისათვის ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მთელი პოლიტიკური ცხოვრება წარმოადგენს მართლმადიდებლური ეთნონაციონალიზმის მეტ-ნაკლებად “რესპექტაბელურ” ფორმას. 

      

მართლმადიდებლური ეთნონაციონალიზმი წარმოადგენს იდეოლოგიურ და კვაზირელიგიურ კლერიკალიზმს. მისთვის დამახასიათებელია მართლმადიდებლურ-პატრიოტული პოპულიზმი და მტრის ხატის შექმნა. “მტრები” ცდილობენ ქართული ცნობიერებისა და ქართული სახელმწიფოებრიობის დენაციონალიზაციას, მართლმადიდებლური და კულტურული ინდივიდუალურობის წართმევას და ქართველი ერის ცხოვრების უნიფიცირებას დასავლურ სტანდარტებთან, რითაც სურთ გადააქციონ საქართველო “ახალი მსოფლიო წესრიგის” ანუ მსოფლიო მასონური ზესახელმწიფოს შექმნის ერთ-ერთ პლაცდარმად. მტრები კი არიან უცხოები, არაქართველები, არამართლმადიდებლები, მოღალატეები. 
რელიგიისა და ნაციონალიზმის შერწყმისაგან იბადება ქართული ეთნომესიანიზმი. რელიგიური განსაკუთრებულობა, როგორც მორწმუნე ადამიანის მსოფლაღქმის ბუნებრივი ელემენტი, ქართულ მართლმადიდებლობაში ერწყმის საქართველოს, როგორც ქვეყნის, მეტაფიზიკურ განსაკუთრებულობას და ქმნის ქართულ ეთნომესიანიზმს. მართლმადიდებლური ცნობიერება შობს სფეციფიკურ ეროვნულ-სახელმწიფოებრივ აზროვნებას: მორწმუნეები თავს აკუთვნებენ საკრალურ სამშობლოს, რომელიც მთლიანად არ არის გაიგივებული სახელმწიფოსთან. “ქართველის” აბსოლუტურად რასისტული გაგება მისაღებია მართლმადიდებელი ეთნონაციონალისტებისათვის. ამას ემატება ნაციონალიზმის ეთნიკური, “სისხლისმიერი” განზომილება. ამგვარად ვიღებთ ცნობილ სლოგანს “ქართველისა” და “მართლმადიდებელის” იდენტურობის შესახებ. ის ფაქტი, რომ მსოფლიოში არსებობენ მართლმადიდებელი ბერძნები, არაბები, იაპონელები, აფრიკელები და სხვა, მართლმადიდებელი ეთნონაციონალისტებისათვის არგუმენტს არ წარმოადგენს.  შეუძლებელია წარმოვიდგინოთ ქართველი ადამიანი, რომელიც არ არის მართლმადიდებელი, “ქართველი ბაპტისტი” უბრალოდ ნონსენსია. 
ეთნოსისა და რელიგიის გაიგივებას არავითარი კავშირი არ აქვს ქრისტიანობასთან. ქრისტიანობა მიმართავს კონკრეტულ პიროვნებას და არა საზოგადოებებსა და ერებს. ოჯახზე, გვარზე, ტომზე, მემკვიდრეობითობაზე, წინაპრებზე და საერთოდ სისხლით ნათესაობაზე დამყარებული იყვნენ წარმართული რელიგიური სისტემები. დასავლურისაგან განსხვავებით, აღმოსავლური (მართლმადიდებლური) ქრისტიანობა ყოველთვის განიცდიდა სხვადასხვა აღმოსავლური რელიგიებისა თუ ფილოსოფიური სისტემების ზემოქმედებას. ამიტომაც, თავისი არსებობის ათასი წლის მანძილზე მან გამოიმუშავა ქრისტიანობის გავრცელების საკუთარი სტრატეგია: აღმოსავლური ქრისტიანობა პიროვნულ ღმერთს აყენებდა გვარ-ტომობრივი, ნაციონალური ღმერთების ადგილას, მაგრამ ამავე დროს ინარჩუნებდა გვარ-ტომობრივი (უპიროვნო) რელიგიურობის ფორმას. გვარ-ტომობრივ რელიგიურობაში ადამიანი მიმართავს ღმერთს არა როგორც დამოუკიდებელი პიროვნება, არამედ როგორც კლანის ან ტომის წარმომადგენელი. სწორედ ამიტომ ბერძნული და რუსული მართლმადიდებლობების ასლმა – ქართულმა მართლმადიდებლობამ ვერ შეძლო პიროვნულ რელიგიად ჩამოყალიბება, არამედ გახდა გვარის, თემის, ტომის რელიგია. ამგვარ რელიგიაში შეუძლებელია პიროვნული ქრისტიანობის განხორციელება. შესაბამისად განვითარდა რელიგიური ცნობიერების ეროვნული განსაკუთრებულობა, რომელმაც შემდგომში გამოიწვია იზოლაციონალისტური, რელიგიურ-ეთნონაციონალისტური მესიანიზმი, რომელიც გამორიცხავს სულიერ და კულტურულ ინტეგრაციას დანარჩენ კაცობრიობასთან. 
ქრისტიანობა ადამიანს აძლევს საშუალებას და ავალებს კიდეც პიროვნულად ელტვოდეს წმინდანად გახდომას, მაგრამ შეუძლებელია მთლიანად ერის წმინდანად გამოცხადება და ქრისტიანობის ეროვნულ რელიგიად გადაქცევა. თავიდანვე საქართველომ ქრისტიანობა მიიღო დასრულებული, მზა ფორმით, პიროვნებისა და პროგრესის იდეების გარეშე. ფაქტიურად ერის პიროვნებაზე და ეროვნულობის რელიგიაზე დომინირებით ქართული მართლმადიდებლობა “გაუკუღმართებული ქრისტიანობა”, სულიერი ანტიქრისტიანობა გახდა, რომელიც მიზანმიმართულად ახორციელებს საკუთარი თავის განადგურებას. 
პიროვნული რელიგიური ცნობიერების გამოღვიძება იყო ევროპული განმანათლებლობის და მასთან დაკავშირებული სეკულარიზმის მთავარი მამოძრავებელი. საქართველოში მოდერნიზაცია ვერ დაეყრდნობა ქრისტიანულ ცნობიერებას, რადგან ეს ცნობიერება მუდმივად მიელტვის მართლმადიდებლურ-ეთნონაციონალისტურ რევანშს.
თავისი იდეოლოგიის შემუშავების პროცესში ნაცისტებმა უკუაგდეს ქრისტიანული ტერმინოლოგია. მათგან განხვავებით, მართლმადიდებელი ეთნონაციონალისტები საკუთარი დოქტრინის საფუძველს სწორედ ტრადიციულ რელიგიაში – მართლმადიდებლობაში ეძებენ და ქრისტიანული ტერმინოლოგია მათ კონცეფციებში განმსაზღვრელ როლს თამაშობს. ისინი აქტიურად იყენებენ მართლმადიდებელი ეკლესიის ისეთი წმინდანების ტექსტებს, როგორებიც არიან იოანე ოქროპირი, იოანე კრონშტადტელი და სხვ. 
იოანე ოქროპირი V საუკუნეში მოღვაწეობდა. იმ პერიოდში ქრისტიანობა მთლიანად გამარჯვებული რელიგია არ იყო და სხვადასხვა ადგილებში მიმდინარეობდა მძაფრი დაპირისპირება ქრისტიანულ და იუდეურ თემებს შორის. ამიტომაც, იოანე ოქროპირის ნაწერებში ხშირად გვხვდება იუდეველთა საწინააღმდეგო გამონათქვამები. ეთნონაციონალისტი ანტისემიტები, რომლებიც საკუთარ თავს მართლმადიდებელ ქრისტიანებად მიიჩნევენ, მუდმივად ციტირებენ ისტორიული კონტექსტიდან ამოგლეჯილ ამ ტექსტებს და საკუთარ ანტისემიტიზმს იოანე ოქროპირის ავტორიტეტით ამართლებენ. ამგვარად ანტისემიტიზმი გახდა მართლმადიდებლური ეთნონაციონალისტური მსოფლმხედველობის ერთ-ერთი საფუძველი. 
იოანე კრონშტადტელი იგივე დეკანოზი იოანე სერგიევი (1829-1908) რუსი საეკლესიო მოღვაწე და რუსული მართლმადიდებლურ-მონარქისტული ნაციონალიზმის იდეოლოგია. სწორედ მან აკურთხა ნაციონალისტურ-ექსტრემისტული ორგანიზაციის “რუსი ხალხის კავშირის” (Союз русского народа) დროშა. იოანე კრონშტადტელის რელიგიურ-იდეოლოგიური კონცეფციის საფუძველი რუსული მართლმადიდებლური მონარქიის იდეაა. მისი მართლმადიდებლური ეთნონაციონალიზმი ეფუძნებოდა დაპირისპირებას “ღვთის სამეფოს”, რომელსაც რუსეთი წარმოადგენდა და მომავალი ანტიქრისტეს სამეფოს, რომლის უკანაც მსოფლიო ებრაელობა იდგა, შორის. “ჭეშმარიტი მესიის უარყოფის შემდეგ იუდეველობა ყოველგვარი ბოროტების სათავედ იქცა. სწორედ ის დაიწყებს საშინელ ანტიქრისტიანულ კრიზისს და ამ ანარქიაში მოვა ანტიქრისტე, რომელიც შეეცდება ყველგან საკუთარი გაღმერთების კულტი დანერგოს. ეს კულტი კი დაეფუძნება ყველა სარწმუნოებისა თუ მსოფლმხედველობის უარყოფას იუდეურის გარდა” – წერდა იოანე სერგიევი. 1990 წელს იოანე კრონშტადტელი რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ხშირად გამოხატავს განსაკუთრებულ მოწიწებას წმ. იოანე კრონშტადტელისადმი. მისი ხატები იმყოფება საქართველოს თითქმის ყველა ეკლესიაში და მის ნაწერებს ხშირად ციტირებენ ქართული მართლმადიდებლური ჟურნალ-გაზეთები.
მართლმადიდებელი ეთნონაციონალისტები ასევე ხშირად იყენებენ “სიონის ბრძენკაცების ოქმებს” (Протоколы сионских мудрецов). ეს ტექსტი წარმოადგენს ფალსიფიკაციას, რომელიც რუსეთის იმპერიაში დაამზადა პოლიციამ და საეკლესიო მწერალ სერგეი ნილუსს შეუგდო, მან კი გამოაქვეყნა აღნიშნული ტექსტები. დაიწყო ოქმების ფართო ექსპლუატირება და ტირაჟირება. ფაქტიურად ანტისემიტური ფალსიფიკაცია ეკლესიის სწავლების ნაწილი გახდა. სამწუხაროდ ეს ფალსიფიკაცია ქართულადაცაა ნათარგმნი და უკვე მრავალი წელია ვრცელდება ეკლესიის მრევლში. 
ისტორიის განმავლობაში ქრისტიანობა მრავალჯერ გამხდარა რომელიმე ნაციონალური იდეის გამტარებელი. დღეს საქართველოში ამან მიიღო ულტრანაციონალისტური სახე. მისი ერთ-ერთი საფუძველია კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ეთნომესიანისტური ფანტაზიები და ის ყალბი ისტორიული წარმოდგენა, რომ ვითომ სწორედ ეკლესიამ გადაარჩინა ქართული სახელმწიფოებრიობა და მოიტანა დღემდე. ქართველი მართლმადიდებლების აბსოლუტური უმრავლესობისათვის სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის იდეალური ფორმა არის ბიზანტიური “სიმფონია”. მრავალი მათგანი და უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქი თვლიან, რომ სწორედ ამგვარ “სიმფონიას” ახორციელებდა თავისი ცხოვრების ბოლო პერიოდში ი. ბ. სტალინი. იგი მართლმადიდებლური სახელმწიფოს იდეალის რეალური განმახორციელებლად ითვლება. საპატრიარქოს მიერ მართლმადიდებლური ეთნონაციონალიზმის პროპაგანდა კომუნისტური მეთოდებით ხდება. შედეგად ყალიბდება ტოტალიტარული მსოფლმხედველობა (“ჩვენ – ისინი”, “ქართული მართლმადიდებლობა – კარგია, მთელი მსოფლიო – ცუდია”), რომელიც იწვევს ჯგუფური იდეების დომინირებას ინდივიდუალურზე, კეთილი სლოგანებით შენიღბული ამორალური ქმედების გამართლებას და იმ შეხედულების დანერგვას, რომ ჯგუფის ნება პიროვნების ნებაზე მაღლა დგას. 
ამგვარი პოლიტიკური და იდეოლოგიური პლატფორმის საფუძველია მტერთან დაპირისპირება. მართლმადიდებელი ეთნოაციონალისტებისათვის მთავარი მტერია დასავლეთიდან მოსული ლიბერალიზმი. ისინი თვლიან, რომ დასავლეთი და ლიბერალიზმი ანტიქრისტეს მთავარ იარაღს წარმოადგენენ, ხოლო საქართველო კი მათ წინააღმდეგ მებრძოლი უკანასკნელი ციხე-სიმაგრეა. მართლმადიდებელი ეთნონაციონალისტების პრინციპული ანტილიბერალიზმი აისახება მათი საქმიანობის ყველა სფეროში და უპირველეს ყოვლისა – პოლიტიკაში. მართლმადიდებელი ეკლესიის პოლიტიკური პოზიციების ერთადერთი გამომხატველები მართლმადიდებელი ეთნონაციონალისტები არიან.
როგორც მთავარი მტერი, დასავლეთი არის არა სუბიექტი, არამედ მტრული სივრცე, სადაც მოქმედებენ სხვადასხვა ძალები: იუდეველები, საერთაშორისო ფინანსური, პოლიტიკური და სამხედრო ინსტიტუტები, მასონები, დასავლური მთავრობები, არამართლმადიდებელი რელიგიური ორგანიზაციები და ისლამისტი ექსტრემისტები. ერთად ისინი ქმნიან ახალ მსოფლიო წესრიგს. ამ ძალების ურთიერთქმედება წარმოადგენს “მსოფლიო შეთქმულებას”. 
მართლმადიდებლური ეთნონაციონალიზმი ცალსახად ამტკიცებს თავის განსხვავებულობას სხვა ერებისაგან და განსაკუთრებით მეზობელი ერებისაგან. საქართველო სრულიად უნიკალური ქვეყანაა, ქართველები სრულიად უნიკალური ერია და ამიტომაც შეუძლებელია მათი მოქცევა აღმოსავლურ ან დასავლურ ცივილიზაციაში. მართლმადიდებელი ეთნონაციონალისტების აზრით დასავლური კულტურა აგრესიულია, მისი პოლიტიკური ზეწოლა ხორციელდება სულიერი იძულებით, მისი პროზელიტიზმი გამონაკლისებს არ უშვებს, ხოლო დასავლური ფასეულობების სისტემას უნივერსალურობაზე და უნიკალურობაზე აქვს პრეტენზია. დასავლეთი ცივილიზაციის ერთადერთ ფორმად მხოლოდ თავისას აღიარებს, რითაც მართლმადიდებლურ საქართველოს ართმევს კულტურული არჩევანის უფლებას. ამასთან კათოლიკურ-პროტესტანტული დასავლეთი მართლმადიდებლობას მწვალებლობად თვლის. ამიტომ მართლმადიდებლური ეთნონაციონალიზმი ანტიდასავლურ პოზიციებზე დგება, რათა შეინარჩუნოს საკუთარი კულტურულ-პოლიტიკური, გეოპოლიტიკური და მეტაფიზიკური დამოუკიდებლობა. 
გლობალიზაციამ და საერთაშორისო ინსტიტუტების განვითარებამ “მსოფლიო შეთქმულების” არგუმენტაციის ახალი საშუალებები გააჩინა. ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ სულ რამდენიმე წლის წინ წარმოშობილმა მართლმადიდებლურმა ანტიგლობალიზმმა მთლიანად მოიცვა ეკლესია და საეკლესიო იდეოლოგიის ფუნდამენტური ელემენტი გახდა. კათოლიკოს-პატრიარქი ხშირად აცხადებს, რომ გლობალიზაცია გარდაუვალი ბოროტებაა და უნდა გავუძლოთო. მართლმადიდებელი ეთნონაციონალისტები გლობალიზაციის პროცესს პირდაპირ უკავშირებენ სამყაროს აღსასრულს. რამდენიმე წლის წინ საქართველოს ეკლესიის მღვდელმა გიორგი პავლოვმა, განაცხადა, რომ ანტიქრისტე უკვე იშვა და ის არის აშშ-ს წარმომადგენელი გაეროში რიჩარდ ჰოლბრუკი.
მასობრივ ცნობიერებაში მართლმადიდებლური ეთნონაციონალიზმის იდეა გამოიხატება ნათელი და მარტივი ფორმულით – “იყო ქართველი ნიშნავს იყო მართლმადიდებელი”. მაგრამ ამ ფორმულის შინაარსი სულაც არ არის მარტივი და გასაგები. უპირველეს ყოვლისა, მართლმადიდებლური ეთნონაციონალიზმის მიხედვით სწორედ მართლმადიდებელმა ეკლესიამ შეკრა სულიერად ქართველი ერი და გადაარჩინა ისტორიის ქარტეხილებს. ამიტომაც ცნება “ქართველს” აქვს არა მარტო ეთნიკური შინაარსი, არამედ რელიგიურიც. ამ კონტექსტში სხვა ეროვნების მართლმადიდებლებიც კი მეორეხარისხოვან ადამიანებად მოიაზრებიან. ქართველმა ერმა ნებაყოფლობით იკისრა ვალდებულება წმინდად დაიცვას ეკლესიის დოგმატური და ზნეობრივი სწავლება. ერის ცხოვრების მთავარი მიზანი ღვთისმსახურებაა, ყოველი ქართველის მოვალეობა კი არის მართლმადიდებლობის იდეალების განხორციელება და დაპირისპირება სატანური ბოროტებისადმი, ანუ ყველაფერი იმისადმი, რაც ეწინააღმდეგება საპატრიარქოს შეხედულებებს. ისმის კითხვა: რაღა საჭიროა თვითონ ეკლესიის არსებობა, თუკი ყველა მის ფუნქციას ქართველი ერი აღასრულებს, რომელიც ფაქტიურად “ეკლესიურ ორგანიზმს” წარმოადგენს? 
ყველა მართლმადიდებელი ეთნონაციონალისტი მონარქიის აღდგენის მომხრეა. თუმცა, ისინი მორცხვად მალავენ აბსოლუტური მონარქიის აღდგენის გეგმას და თვალებდახრილნი, შეცბუნებული ღიმილით ამბობენ: ხომ არის კონსტიტუციური მონარქია ბრიტანეთში, ნორვეგიაში და სხვა ქვეყნებშიო. მათი აზრით გზამ დემოკრატიიდან სასურველ მონარქიამდე უნდა გაიაროს დიქტატურაზე, რომელიც ამ შუალედურ პერიოდში მოაწესრიგებს ლიბერალიზმით გამოწვეულ ანარქიას. აბსოლუტური მონარქიის აღდგენის კონკრეტულ გზებზე კი ვერ საუბრობენ. საერთოდ ამ წრეებში პოლიტიკური სტრატეგიული გეგმები ნაკლებადაა შემუშავებული. არსებობენ მხოლოდ მიმდინარე პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებული მოთხოვნები ან უბრალოდ იმედი, რომ “ღვთის შეწევნითა და ჩვენი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით საქართველო ჭეშმარიტ გზაზე დადგება”. “ჭეშმარიტი გზა” კი მოიცავს შემდეგ პარამეტრებს: 
– მართლმადიდებელი მონარქია და ნაციონალური დიქტატურა;
– პატერნალისტური და მთლიანად სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ეკონომიკა;
– სამოქალაქო და სხვა უფლებების მნიშვნელოვანი შეზღუდვა, უპირველეს ყოვლისა სინდისის თავისუფლების და ისეთი უფლებების გაუქმება, რომელიც აზიანებს რელიგიურ ზნეობას; მართლმადიდებელი ეკლესიის დომინირება საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.
გლობალიზაციის პროცესში ხდება არქაული და ტრადიციული ცნობიერების აქტივიზაცია, რაც ნიშნავს აზროვნებისა და ქცევების მაგიური საშუალებების გაცოცხლებას. შედეგად კი აქტიურდება კონსერვატიული, ანუ არსობრივად მაგიური პოლიტიკა. ყოველგვარი ნაციონალიზმი და ნაციონალისტური პოლიტიკა მაგიურია, რადგან მათი მომხრეების ცნობიერებაში ნაცია, ერი – არის ყოვლისშემძლე, საკრალური მოვლენა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ნებისმიერი მიზნის მიღწევა რაციონალური, დემოკრატიული პროცედურისა და რაციონალური ეკონომიკური გამოთვლების გვერდის ავლით. 
საპატრიარქო მართლმადიდებლური ეთნონაციონალიზმის დროშის ქვეშ ებრძვის “უკიდურეს ლიბერალიზმს”, ეს მისი უმნიშვნელოვანესი მიზანია. ამ მიზნის მისაღწევად ეკლესია ვერ დაეყრდნობა სეკულარულ ხელისუფლებას, არამედ ეყრდნობა შესაბამისი პოლიტიკური ორიენტაციის ოპოზიციურ პარტიებს, თავისი მრევლის ფართო მასებს, რომლებსაც რადიკალური ქმედებების მზაობაც ახასიათებთ. საქართველოში არსებული ეთნონაციონალისტური პოლიტიკური ორგანიზაციები ერთხმად აღიარებენ, რომ ეთნიკურობა და რელიგია განუყოფელი არიან. საქართველოში ყველა ეთნონაციონალისტი თავს აკუთვნებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს. მათ შორის არ არიან ათეისტები, სხვა კონფესიის თუ რელიგიის წარმომადგენლები და არც ალტერნატიული მართლმადიდებელი ეკლესიების წევრები. ნაციონალისტური პოლიტიკური ორგანიზაციების უმრავლესობისათვის მართლმადიდებლობა მხოლოდ ეთნიკური იდენტურობის ელემენტია და არა ძირითადი ღირებულება, რაც ფაქტიურად რელიგიურ რასიზმს წარმოადგენს. 
 საპატრიარქო თავის გავლენის გაფართოებას ახორციელებს პოსტსაბჭოთა საზოგადოების სფეციფიურ პირობებში. ამ სიტუაციისათვის დამახასიათებელია ეთნონაციონალიზმის მაღალი, ხოლო რელიგიური კულტურის დაბალი ხარისხი. ამიტომაც ადვილია მართლმადიდებლური ეთნონაციონალისტური იდეების გატარება. მრავალკონფესიურ, საერო სახელმწიფოში რელიგიურ უფლებებსა და თავისუფლებას უზრუნველყოფს მხოლოდ სახელმწიფოსა და ეკლესიის გაყოფა. მას რეალურად ეწინააღმდეგება საქართველოს საპატრიარქო, რითაც თავის თავს კანონზე და ზოგადსაკაცობრიო დემოკრატიულ პრინციპებზე უფრო მაღლა აყენებს. 
 მართლმადიდებელი ეთნონაციონალისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ისინი მოახდენენ სახელმწიფო პოლიტიკის ეთნიზირებას. თუმცა ამგვარი პოლიტიკური ჯგუფები, როგორც წესი დიდხანს ვერ ძლებენ ხელისუფლებაში, რადგან სახელმწიფო პოლიტიკის ეთნიზაცია, განსაკუთრებით კი მრავალეროვან სახელმწიფოებში, ანადგურებს მის ლეგიტიმურობას. ეთნონაციონალისტებს მართლმადიდებელ ეკლესიაში იზიდავთ თავისი პოლიტიკური საქმიანობის საკრალიზაცია, მრევლის მრავალრიცხოვნება, სერიოზული ფინანსური რესურსები და რაც მთავარია, მაღალი ავტორიტეტი საზოგადოებაში. ეს ყველაფერი მათ აძლევს იმედს, რომ ეკლესია იქნება ეფექტური ბერკეტი ხელისუფლებაში მოსასვლელად. სამაგიეროდ, ეთნონაციონალისტები, რომლებიც საკუთარ თავს “ერის ნების” გამომხატველებად თვლიან, საპატრიარქოს სთავაზობენ “მთელი ერის” მხარდაჭერას, “მართლმადიდებლობის დაცვას” ყოველგვარი სექტანტებისაგან და საერთოდ სახელმწიფოს მფარველობას. 
პირველ ეტაპზე ეთნონაციონალისტები კმაყოფილდებიან მათი ორგანიზაციის ოფიციალური აღიარებით ეკლესიის მიერ. სწორედ ამას ემსახურება სხვადასხვა აქციები: მღვდლების მიერ პარტიული დროშების კურთხევა, სასულიერო პირების მიწვევა პარტიულ ყრილობაზე და ა. შ. ცხადია, ეთნონაციონალისტების რელიგიური კულტურა დაბალია და მათი წევრების უმრავლესობა პრაქტიკულ ცხოვრებაში არ ასრულებს ეკლესიის ზნეობრივ მოთხოვნებს. დღეისათვის ეთნონაციონალისტებს სრული მხარდაჭერა აქვთ საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან. პოლიტიკური ლიდერების უმრავლესობას ჰყავთ “სულიერი მოძღვრები” და ისინი ხშირად ბრავირებენ ამ ფაქტით პროპაგანდისტული მიზნებით, ანუ “სულიერი მოძღვრის” ყოლა ნიშნავს, რომ ეკლესია მხარს უჭერს მოცემული ლიდერის პოლიტიკურ მოღვაწეობას. საკმაოდ გავრცელებულია ეთნონაციონალისტური ორგანიზაციების, როგორც საეკლესიო სტრუქტურების გაფორმება, მაგალითად რომელიმე წმინდანის სახელობის მართლმადიდებელი მრევლის კავშირები. 
მართლმადიდებელი ეთნონაციონალისტებისათვის დამახასიათებელია წარსულის გაიდეალება, ორიენტაცია დავით აღმაშენებელზე და მისი პერიოდის საქართველოს, როგორც ისტორიული შედევრის წარმოჩენა. მართლმადიდებლობა ხდება ეროვნული რელიგია და იდეოლოგია: საქართველო დაარსებულია ღმერთის მიერ და მას მტერი ვერაფერს დააკლებს! დაგმობილია ადამიანის უფლებები და ხელისუფლების შტოების გაყოფა. სახელმწიფოს საფუძვლად ცხადდება “ერისადმი მსახურება”, თანაც, მხოლოდ ერთი – ქართველი ერისადმი. არაქართველი და არამართლმადიდებელი მოქალაქეები პირდაპირ ცხადდებიან მეორეხარისხოვან ადამიანებად და საფრთხედ სახელმწიფო უშიშროებისათვის. ვინც ერთგულია საპატრიარქოსი, ის ერის ერთგულია და პირიქით, ვინც საპატრიარქოს აკრიტიკებს – ერის მოღალატედ ითვლება. სახელმწიფო თანამდებობები მხოლოდ ეთნიკურად სუფთა მართლმადიდებელმა ქართველებმა უნდა დაიკავონ.
ნებისმიერი შედარებით ადექვატური ადამიანი, მიუხედავად მისი რელიგიურობისა, არ განიცდის სიძულვილს ან ზიზღს სხვა ადამიანისადმი ამ უკანასკნელის სარწმუნოების გამო. ამის მიუხედავად, საქართველოში ძლიერია რელიგიური დისკრიმინაცია და შუღლი. ამ სამწუხარო ფენომენის კულტივირებას ახდენენ კლერიკალები, რომლებიც მას წარმოადგენენ “ჭეშმარიტ ქართულ მართლმადიდებლობად” ანუ მართლმადიდებლურ ეთნონაციონალიზმად. სწორედ ისინი უჭერენ მხარს ნებისმიერ მართლმადიდებლურ-პატრიოტულ მოძრაობას, რომლის მთავარი არგუმენტიც არის ის, რომ თითქოს ქართული ეკლესია და ქართული ეროვნული ცნობიერება მუდმივად საფრთხეში არიან. საქართველო ნელ-ნელა ხდება ავტორიტარული და ნაციონალისტური  იდეოლოგიური სახელმწიფო, ხოლო ეს სახელმწიფოებრივი იდეოლოგია ეფუძნება ეთნოცენტრისტულ მართლმადიდებლობას.
ეკლესიის იერარქიაში მრავალი ადამიანი იზიარებს ეთნონაციონალისტურ იდეებს. კათოლიკოს-პატრიარქს მრავალჯერ განუცხადებია, რომ მართლმადიდებლობა ქართველი ერის გენეტიკური რელიგიაა. მართლმადიდებელი სამღვდელოებისათვის თვით მრევლს შორის არ არსებობს ეთნიკური თანასწორობა. საქართველოს ეკლესიაში ლიბერალური მიმდინარეობის სრულმა განადგურებამ განაპირობა ეთნონაციონალისტური იდეოლოგიის გაბატონება.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას არ აღმოაჩნდა საკმარისი ინტელექტუალური, ზნეობრივი, სულიერი რესურსები, რათა ხელი შეეწყო საზოგადოების მოდერნიზაციისა და დემოკრატიზაციისათვის. მან ახალი პროცესების რაციონალური აღქმაც კი ვერ მოახერხა და ისტორიული პროცესებისაგან დისტანცირება მოახდინა. იყო რა “ტომის რელიგია” და არა “პიროვნების რელიგია”, ქართული მართლმადიდებლობა საბოლოოდ დეგრადირდა ყოფითი რელიგიურობის დონემდე და მხოლოდ ამგვარი “რელიგიური მოთხოვნილებების” დაკმაყოფილებით შემოიფარგლა. ნებისმიერი სოციალური ცვლილებები ეკლესიის მიერ აღიქმება, როგორც ქრისტიანობისაგან განდგომა. ეკლესია საკუთარ თავს რეტროსპექტიულად აიგივებს გაიდეალებულ წარსულთან, ხოლო საკუთარ წევრებს შუასაუკუნეების ადამიანთან. ქართული ქრისტიანობა დაიცალა აზრისაგან, ის თვითონ ანადგურებს აზროვნების ნებისმიერ ჩანასახს. თავისი მრავალსაუკუნოვანი არსებობის განმავლობაში საქართველოს ეკლესიამ არ მისცა კაცობრიობას არც ერთი მნიშვნელოვანი ღვთისმეტყველი, ქრისტიანული აზროვნების არც ერთი სკოლა. 
საბჭოთა პერიოდის განმავლობაში ეკლესიაში ჩამოყალიბდა სასულიერო პირთა ფენა, რომელიც დოქტრინალურად იზიარებდა ქრისტიანულ შეხედულებებს, მაგრამ ფსიქოლოგიურად შეზრდილი იყო “საზოგადოებრივი მორალის” საბჭოთა აღქმასთან. საეკლესიო წრეების მრავალი წარმომადგენლისათვის დამახასიათებელი გახდა საბჭოთა მენტალიტეტის და ეროვნულ-მართლმადიდებლური იდეების ერთობლიობა. დღეს მათთვის კლერიკალურ-მონარქიული სახელმწიფო წარმოადგენს მართლმადიდებლური მსოფლმხედველობის საფუძველს. ეკლესიაში არ არსებობს პოლიტიკური ორიენტაციების მრავალფეროვნება. მართლმადიდებლობა ხდება ეროვნული სახელმწიფოს იდეოლოგიური საყრდენი. ეკლესიის წიაღში ულსტრაკონსერვატიული განწყობების არსებობა ქმნის პირობებს ეთნონაციონალისტური იდეოლოგიის დომინირებისათვის. ამის უპირველესი სტიმულია კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის პირადი პოზიცია. ეკლესიაში არ არსებობს ძალა, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევდა მართლმადიდებლურ ეთნონაციონალიზმს. 
საქართველოს ეკლესიის ეთნიზირება უკვე მოხდა, მაგრამ ეთნიზირება მკვეთრად ზღუდავს მისი მოქმედების არეალს, როგორც გეოგრაფიულ, ასევე სოციალურ პლანში. ეთნიზირებული რელიგია შედის ორ კონფლიქტში, პირველი კონფლიქტი ჩნდება ჰუმანისტურ ტრადიციასთან, რომელიც ინერგება მოსახლეობაში განათლების სისტემის მიერ. მეორე კონფლიქტი წარმოიშვება საკუთარ თავთან, რადგან, როგორც ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს, “რჩეულთა რელიგია” (მათ შორის ეთნიკურობის მიხედვით), ყოველთვის მარცხდება “საყოველთო რელიგიასთან”, თუმცა ისტორიულ პერსპექტივაში ეთნიზირებულ რელიგიას საკმაოდ დიდხანს შეუძლია არსებობა. 
ეკლესია ყველაზე ნაკლებად უნდა ამაყობდეს პატრიოტიზმით, თავისი “დამსახურებებით” სამშობლოს წინაშე, რადგან როდესაც ქრისტიანობა “ეროვნული რელიგია” ხდება, ის აღარ არის სულიერი (გამოცხადებითი), წარმართობისაგან განსხვავებული რელიგია. სიამაყეს უნდა განიცდიდნენ ქრისტიანები და არა ეკლესია. რელიგიისა და ეთნოსის მეტაფიზიკური შერწყმის დამღუპველი პოლიტიკა ვერ გადაილახება, სანამ არ იქნება დაგმობილი როგორც ეკლესიის მხრიდან, ასევე ჯანსაღი ეროვნული ცნობიერების მიერ. ისეთი ცნობიერების, რომელიც თავისუფალია ყოველგვარი იდეოლოგიური სქემებისა და კლიშეებისაგან. ეკლესია კი თვითონ უნდა დაეყრდნოს საკუთარ დოგმატურ სწავლებას და უარყოს ფსევდომართლმადიდებლური პატრიოტიზმი და ეთნონაციონალიზმი. ქართველი მართლმადიდებლები ახალი იდენტურობის ძიებაში კი არ უნდა იყვნენ, არამედ საკუთარ ეროვნულობას უნდა სცენ პატივი, მიუხედავად რელიგიური კუთვნილებისა, თუკი სურთ, რომ მართლაც ქრისტიანები იყვნენ. 
ეკლესია ისეთივე უძლური უნდა იყოს, როგორც ღმერთი, როგორც სინდისი, რომელიც ურჩევს, სთხოვს, მაგრამ არ ძალადობს ადამიანზე, იცავს მის პიროვნულ თავისუფლებას, ზნეობრივი ავტორიტეტის გარდა, მას სხვა გავლენის ბერკეტები არა აქვს. 
 ეთნონაციონალიზმის, შავრაზმელობის და ფუნდამენტალიზმის ავადმყოფობის დაძლევას ეკლესია შეძლებს თეოლოგიისა და რელიგიათმცოდნეობის საშუალებით. აკადემიური ღვთისმეტყველება ეკლესიაში ჯანსაღი აზრის დომინირების გარანტად შეიძლება ჩაითვალოს. 
მართლმადიდებლური ეთნონაციონალიზმი ფაქტიურად წარმოადგენს ერის აღორძინებისა და მოდერნიზაციის ახალ იდეოლოგიას. ამ იდეოლოგიას სურს არა მარტო დაუბრუნოს ერს “ისტორიული დიდება”, არამედ კიდევ უფრო “განადიდოს”. ამისათვის კი საჭიროა “ღვთივდადგენილი” ავტორიტარიზმი. მრავალ ქვეყნაში ამგვარი ეთნონაციონალისტური იდეოლოგია სხვადასხვანაირად გამოხატავდა საკუთარ თავს – გერმანიაში მას წარმოადგენდა ჰიტლერი და მისი “მაინ კამფი”, იტალიაში – მუსოლინი და მისი “ფაშიზმის დოქტრინა”. ეთნონაციონალისტურ მოდერნიზაციას ახორციელებდნენ პინოჩეტი ჩილეში, ფრანკო ესპანეთში, დენ სიაო პინი ჩინეთში. მაგრამ თანამედროვე სიტუაციაში, საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაში საკუთარი თავის მსოფლიოსაგან იზოლაცია და ტოტალიტარული რელიგიური სახელმწიფოს აშენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქვეყანა არის ჩრდილოეთ კორეა და საზოგადოება თანახმაა რკინის გალავნის შიგნით, სიბნელესა და სიღარიბეში იცხოვროს. თუმცა ამგვარი ეგზოტიკური სახელმწიფოების ბედიც წინასწარ არის გადაწყვეტილი – მათ სწრაფად დაანგრევს გლობალიზაცია, სეკულარიზაცია და საზოგადოებრივი ცხოვრების დემოკრატიზაცია. ეს არ ნიშნავს, რომ ზემოთ აღნიშნული პროექტის განხორციელება საქართველოში შეუძლებელია, უბრალოდ ეს იქნება ნახტომი უფსკრულში. 

16 Responses to მართლმადიდებლური ეთნონაციონალიზმი

  1. kid says:

    კარგი სტატიაა ოპტიმისტური დასასრულით, მაგრამ გვეშველება რამე?

    საბოლოოდ არ გამოვიდეს, რომ “ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის” (ჯერჯერობით ასეა. . .)

  2. alex says:

    zalian kargi statiaa, didi madloba

  3. -- says:

    ძალიან მომეწონა :))

  4. zurriuss says:

    sorry, ვეღარ ჩავედი ბოლომდე… დამღალა ძალიან. გღძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო – უთქვამს შოთას, მაგრამ მასაც 1600 კუპლეტი დასჭირდა ამის სათქმელად. ანუ ვისწავლოთ მოკლედ წერა😉

  5. zurriuss კარგია რომ არ წაგიკითხავს ბოლომდე!ათეიზმი და პროდეგენერატიზმი ყვავის ამ ბლოგზე!ხო სულ დამავიწყდა პროიდიოტიზმი!გლობალიზმი,სეკულარიზმი,დემოკრატიზმი და…ფაშიზმი,ნაციზმი!ხუთივე ერთმანეთისგან განუყოფელია!ხუთივე ადამიანების სამართავად არის მოგონილი!მისი ნების დატუსაღებისთვის!რელიგიური ჟურნალების კრიტიკას და საერთოდ ეკლესიისთვის ჭკუის სწავლებას თავის დაანებეთ!რადგან ამ ყველაფერს თქვენ მიზანმიმართულად აკეთებთ!თორემ კრიტიკა და კამათი ეკლესიითვის არ არის უცხო!შვიდ მსოფლიო საეკლესიო კრებებზე მუდმივი კამათი იყო,რომელიც ცოდნაზე იყო დამყარებული!თქვენი სტატიები კი სუფთა გლობალისტური სიმახინჯის პირმშონი არიან,რომელიც არ სცნობს ენას,სარწმუნობას,ისტორიას და პირველიგში ადამიანს!

  6. აქ იდეოლოგიაზე საუბრობთ!თქვენთვის ალბათ უფრო მისაღებია ევროპა-ამერიკის იდეოლოგიური ხვეუები,რომელიც საწოლზე გადის!როგორც პირველყოფილ წყობილებაში იყო!(მგონი არც მაშინ იყო)

  7. ნოდარჩიკა says:

    ეს რა იდიოტობებს წერთ… “მართლმადიდებლური ეთნონაციონალიზმი წარმოადგენს იდეოლოგიურ და კვაზირელიგიურ კლერიკალიზმს”… ეკლესია და პატრიარქი ცუდია და თქვენ გვასწავლით უფრო ღირებულს? ვის აბოლებთ ამ სიაფანდი დასავლური ფასეულობებით… ისევ თქვენ ნაირ გოიმებს ხო? თქვე… ტვინით კვაზიმოდოებო…. და ცვედნებო…

  8. ნოდარჩიკა says:

    ნოდარ ლადარია ვარ…

  9. likunebi says:

    gaachnia am kvelafers vin rogor gaigebs.ara mgonia musolinis an hitlers etkvat mteri sheni gikvardeso.
    me simartle gitxrat ar momcons tundac is rom chevnatan am bolo dros kovel sitkvase patriarkis saxels axseneben da titkos samgvdelo pirebis kurtxevis gareshe arafers aketeben.chveni xalxis seni iko da koveltvis ikneba cocxali adamianebis gakerpeba,rac cesit at mcenebashive ikrzaleba ,cheshmarit martlmadideblur mozgvrebaze rom araferi vtkvat.ar sheilzleba chvens nacvlad sxvam ifikros da sul sxvis ideebze vikot damokidebuli,vinc ar unda ikos es saero tu samgvdelo piri.

  10. xogais mindi says:

    ესაა ცილისმწამებლური სტატია! აგერ კარდუს ორდენის პასუხი თქვენ:

    http://kardu.ge/forumi/index.php?showtopic=120&st=140&start=140

  11. კაცი სანამ რამეზე მსჯელობას დაიწყებ, ჯერ საკუთარ თავს უნდა ჰკითხო, გესმის საკითხი თუ არა, მაგრამ თქვენ რეალურად არც ლიბერაულ-დემოკრატიული ღირებულებები გაინტერესებთ და არც მართლმადიდებლობა. თქვენი ინტერესია, როგორმე ლუკმა-პური დასტყუოთ ”მეგობარ ამერიკელებს”, აი თქვენს პატრონებს კი ძალიან უნდათ იხილოთ უქართველებო ახალი ქართველი ერი, რომელსაც ადვილად წაართმევენ ადგილ-მამულს, გაუყიდიან ეროვნულ ქონებას, გაასახლებენ, მოუწყობენ სახელმწიფო გადატრიალებებს და ამაზე ხმის ამომღები არავინ ეყოლებათ. მაგრა, ფრთხილად, ემანდ სხვა რამე არ დაიჭიროთ!!!

    თქვენი იდეალია ამერიკა, რომელმაც ავტოქტონი ინდიელები რეზერვაციებში გამოამწყვდია, მათ მიწებს დაეპატრონა და ეხლა მსოფლიო ბატონობას ლამობს.

    არავითარი ეთნონაციონალიზმი არ არის ქართულ ეკლესიაში და თქვენ ეგ ძალიან კარაგდ იცით! მაგრამ ნიადაგს ამზადებთ და ზეწოლას ახდენთ, რადგან ემზადებით ილია მეორეს შემდეგ თქვენი ”შესტიორკა ” მოიყვანოთ საქართველოს საპატრიარქოში, რადგან ქართულ ეკლესიაში ხედავენ თქვენი პატრონები იმ წინაღობას, რომელიც ხელს უშლით ქართველი ერის ქონების სრულად დაპატრონებაში!!!

  12. ილიკო says:

    ამ პროექტებს ფსბ-ში ამუშავებენ და ამ ბოზების დახმარებით ავრცელებენ, ვითომ დასავლური ”ღირებულებების” პროპაგანდირებისთვის. არადა, კრემლის გარდა არავინ არის დაინტერესებული ჩვენი ეკლესიის (უკანასკნელი აუღებელი ფორფოსტი)და უწმინდესის სახელის დისკრeდიტირებით. ამ სატანისტების და გიენების დახმარებით ნახევარი საქართველო უკვე ხელში ჩაიგდეს და ახლა ჩვენი სულიერი ფასეულობების დაკნინების ხარჯზე სურთ მთლიანად გადაიფორმონ რაც ხელთ აქვთ, მარა ჩემი ფეხები… მადლობა ღმერთს ქართველობა აზრზე მოდის და ილიას 19-ე საუკუნეში დეკლარილებული ფასეულობებისკენ დაიწყო შემობრუნება.
    ყველაფერი კარგად იქნება!!!

    სუ პანჩურებით გაგყრიან საქართველოდან🙂

  13. ფარისეველი says:

    სტატიის ავტორთან მაქვს კითხვა: თალმუდი არის ეთნონაციონალური და ეთნომესიანისტური?

  14. anasvana says:

    სტატია ბოლომდე ნამდვილად არ წამიკითხავს, მაგრამ პირველი აბზაციც საკმარიასია იმისათვის, რომ გრმად ჩაფიქრდე ჩვენი ერის დღევანდელ მორალურ-საზოგადოებრივ-მატერიალურ და ა.შ. ყოფაზე. . . ისტორიული წარსულიდან მოყოლებული და დღემდე ჩვენს უდიდეს პრობლემას “ჩატეხილი ხიდი” წარმოადგენს. მიუხედავად მწარე გამოცდილებებისა, რის შედეგებსაც დგემდე ვიმკით ქართველი ერი, ისევ ვაგრძელებთ კურსს – სრული სვლით სიბნელისაკენ და ამას ბოლო არ უჩანს. ნუთუ არ დადგა დრო ვიფიქროთ გაერთიანებაზე და უკეთეს მომავალზე? რა საჭიროა ამდენი აგრესია? ჩემი აზრით ერთიანობის იდეა და შეგნება უმთავრესია, მითუფრო მაშინ, როცა უკეთეს მომავალზე გვაქვს “პრეტენზია”

    Long Live Georgia!

  15. ვაი თქვენს პატრონს უბედურს says:

    რა ცოდოა ამ სტატიის ავტორი და როგორ მინდა ვაგინო ეხლა მწარედ და მოთქმით (გვიანი კია უკვე)🙂🙂 რა გგონია შე გამოქლიავებულო, იზმიზე დაბოლოვება ისწავლე სიტყვების და შენია ქვეყანა? რა გაგიკეთებია ცხოვრებაში ისეთი სხვას რომ გამოდგომოდა, ან ხელი მაინც არ შეეშალა ცხოვრებაში? მოგიტყან ქართველობა.

  16. იოსებ თორელი says:

    ქართული ელექტრონული დისკურსი – არასწორია ბლოგის დასათაურება, ჩემი აზრით. ეს დისკურსი ბლოგის ავტორისაა და ქართულია თუ ამერიკულ-ზამბიურ-გრენლანდიური, კაცმა უწყის. ეს შეცდომა არაეფექტურია ბლოგის თემაზე პუბლიკაციების გასაცნობად.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: