პოსტმოდერნული ხელოვნების გამოწვევები

მარტი 29, 2008

თანამედროვე ხელოვნების ყველაზე უფრო სკანდალურ და შოკისმომგვრელ ელემენტებს ერთ ძალიან ცნობილ გლობალურ მოვლენას უკავშირებენ. ამ მოვლენის, თუ დროების აღმნიშვნელი სიტყვა ხელოვნების ყველა მოყვარულისთვის კარგადაა ცნობილი_ყბადაღებული და ბუნდოვანი, სკანდალური და ‘პროგრესული’, ბოლომდე გაურკვეველი პოსტმოდერნი! რატომ ‘ბუნდოვანი და ბოლომდე გაურკვეველი’? სამწუხაროა, მაგრამ ძალიან ხშირად, მისი არსი სხვადასხვა არტისტის პირად შეხედულებებში იკარგება. ასევე, ხშირად უჭირთ მოდერნული და პოსტმოდერნული ხელოვნების ერთმანეთისგან გარჩევა. პრინციპში, ზოგიერთ შემთხვევაში, ეს მკვლევარებისთვისაც კი სერიოზული დაბრკოლებაა, თუმცა პროვოკაციული ქმედებები პოსტმოდერნის ერთ-ერთი აშკარა ინდიკატორია. მაგალითად, კარლ ანდრეს აგურების მართკუთხედი _ Equivalent VIII (1966), არტისტის ყველაზე უფრო ცნობილი და შოკისმომგვრელი ნამუშევარი. 1976 წელს, ლონდონის ტეიტ გალერეაში მან ნამდვილი აურზაური და მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მართლაც საოცარია, როცა შედიხარ მუზეუმში და ხედავ უბრალო აგურებისგან შედგენილ მართკუთხედის ფორმის ფიგურას. ის არაა რთული, ექსპრესიული, უფრო მეტიც, ის დამღლელია და მაყურებელი მისი ცქერით ადვილად მოიწყენს. ბუნებრივია, იბადება კითხვა: რა არის ამ ყველაფრის არსი? რატომ აღიქმება იგი ხელოვნებად? არის თუ არა Equivalent VIII პროვოკაცია?დიახ, პროვოკაცია ნამდვილად არის, თუმცა პროვოკაცია გამოწვეული კონკრეტული მინიმალისტური კონცეპციის გავლენით. ანდრეს აინტერესებდა ადამიანების რეაქცია. მან გააკრიტიკა ხელოვნების შესახებ დამკვიდრებული საყოველთაო, კონვენციური წარმოდგენები, ხელი შეუწყო კრიტიკულ მოსაზრებებს და შეეცადა, გამოეწვია ჩვეული პოსტმოდერნული დისკურსი. მისი აზრით, ეკვივალენტები არის ‘კომუნისტური, რადგან ფორმა ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომია’. ანდრეს თეორეტიკული ავანგარდიზმი ეჭვქვეშ აყენებს ადრეული არტის მიერ მინიჭებულ სიამოვნებებს. ამ ტრადიციას აგრძელებს თანამედროვე არტ-ნამუშევრებიც. მაგალითად, მარტინ კრიდის ცარიელი ოთახი, რომელშიც ელექტრული დენი პერიოდულად ინთება და ქვრება (სხვათა შორის, ამ ნამუშევარს ტარნერის პრიზი აქვს მიღებული). ერთი სიტყვით, პოსტმოდერნიზმის ხანაში საყოველთაოდაა მიღებული, რომ სწორედ გალერეები და მუზეუმები, როგორც ინსტიტუტები, ქმნიან ხელოვნების ნამუშევარს. მართლაც, ვიზუალური ხელოვნება შეიძლება გახდეს ნებისმიერ რამ, რასაც მუზეუმის კურატორები გვანახვებენ. შემდეგ ამას მოჰყვება მნახველის, მისი აზრით, კომპეტენტური კომენტარი და ამგვარად იდება ერთგვარი შეთანხმება, რომელიც ანიჭებს სტატუსებს, ქმნის ხელოვანებს.
მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ფრანგული ფილოსოფია და ინტელექტუალური დისკურსი პოსტმოდერნული ხელოვნების თეორიულ ბექგრაუნდად იქცა. ხელოვანებსა და მეცნიერებს შორის კავშირი არც ისე ღრმა და გავლენიანია, თუმცა იდეათა კლიმატის ცვლილებამ სერიოზული განხეთქილება წარმოშვა. მიიჩნევენ, რომ ფუნდამენტური განსხავავება სახეზეა_ ჯეიმს ჯოისის და ალან რობ-გრიიეს ნაწარმოებები ერთმანეთისგან კარდინალურად განსხვავდება, ისევე, როგორც ანრი მატისი და რობერტ რაუშენბერგი, ჟან რენუარი და ჟან-ლუკ გოდარი, ჯეიკობ ეპსტეინი და კარლ ანდრე… პოსტმოდერნისტები ცდილობენ, წაშალონ განსხავავება ‘მაღალ’ და ‘დაბალ’ ხელოვნებას შორის… ამის დასტურია მათი ნამუშევრების განზრახ პოპულარიზირება, პოპ კულტურასთან დაახლოების მცდელობა, დასავლური კულტურის დეკონსტრუქცია. სერიოზული თეორიული წინაპირობები ბევრი ავტორისათვის რეალურ დაბრკოლებებად იქცა. ისინი შემფასებლისგან მოითხოვენ პოსტმოდერნული მეტა-ენის გაცნობიერებას, ამის გარეშე ხომ კარლ ანდრეს აგურები მართლაც უზომოდ მოსაწყენია. Read the rest of this entry »


ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა: ხანგრძლივი პროცესის დასაწყისი

მარტი 2, 2008

2007 წლის 21 ნოემბერს თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს პრეზიდენტებმა საზეიმოდ გახსნეს ბაქო-თბილისი-ყარსის (B.T.K.) რკინიგზის მშენებლობა მარაბდაში, სამხრეთ საქართველოში. თბილისის გავლით, დააკავშირებს რა ბაქოს ყარსთან, პროექტი, სავარაუდოდ, დასრულდება 2009-2010 წლებში და მოემსახურება საქონლის, ძირითადად, ნავთობის გადატანასა და მგზავრებს.
პროექტი მოიცავს 29 კილომეტრიან ზოლს საქართველოში და 76 კილომეტრიან ზოლს თურქეთში. ასევე, არსებობს გეგმებიც, რომ რკინიგზის კორიდორი, სტამბოლის ტუნელის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ანუ 2012 წლისათვის, დაუკავშირდეს ევროპასაც. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ჩინეთი და ყაზახეთი დაინტერესებულნი არიან ამ პროექტით, რადგანაც ახალი რკინიგზის მეშვეობით ისინი ევროპას დაუკავშირდებიან უფრო სწრაფად, ვიდრე არსებული ტრანს-ციმბირული მაგისტრალით.
B.T.K. არ არის ევრაზიულ კონტექსში იზოლირებული პროექტი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ყოფილ რესპუბლიკებს შორის გახშირებულმა სავაჭრო ურთიერთობებმა და შიდა-კონტინენტური სატრანსპორტო კორიდორების საჭიროებამ ჩაკეტილ ქვეყნებს უბიძგა, მოეძებნათ თანამშრომლობის გზები ტრანსნაციონალური ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის.
ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის საგზაო და სარკინიგზო სატრანსპორტო კორიდორები რეგიონალური და გლობალური ინტეგრაციის აუცილებელი ვექტორებია. ასევე, ეს ნიშნავს ადამიანური რესურსების მობილობას, კულტურული და ბიზნეს ურთიერთობების ზრდას.
მიუხედავად იმისა, რომ წარსულშიც იყო აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობის მცდელობები, შედეგები აშკარად არადამაკმაყოფილებელია. ევროკავშირმა, 1993 წელს, დაიწყო ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის (T.R.A.C.E.C.A.) დაფინანსება, რომლის მიზანიც იყო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. თუმცა ევროკავშირის თანმიმდევრული სტრატეგიის არარსებობამ, პოლიტიკურმა განხეთქილებებმა, დაფინანსებისა და კოორდინაციის ნაკლებობამ 12 წევრ ქვეყანას შორის უმთავრესი პროექტების იმპლემენტაცია მნიშვნელოვნად დაამუხრუჭა. სარკინიგზო ტრანსპორტირების განვითარების გეგმები შედის ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში (E.N.P.) და მხარს უჭერს გუამ-ის (G.U.A.M.) წევრი ქვეყნები. გაცილებით უფრო ძველი ინიციატივაა ტრანს-აზიური რკინიგზა (T.A.R.), რომელიც 1960 წელს წამოაყენა გაერომ აზიისა და ევროპის ერთიანი სარკინიგზო ტვირთბრუნვის მხარდასაჭერად.
როგორც ჩანს, 2007 წელს განახლდა ძველი პროექტების აღდგენის ინტერესი. ამასთან ერთად, გამოიკვეთა ახალი ტრანსნაციონალური ინიციატივები, რომლებიც დაფუძნებულია ცენტრალური აზიისა და კასპიის ზღვის რეგიონებში გაჩენილ გეოპოლიტიკურ, ნაციონალურ და ეკონომიკურ ინტერესებზე.
ნოემბერში, ჩინეთმა და ცენტრალური აზიის შვიდმა ქვეყანამ წამოაყენა თანამედროვე აბრეშუმის გზის პროექტი, რომელიც მოიცავს ავტობანების, აეროპორტების, სარკინიგზო ხაზებისა და საზღვაო პორტების მშენებლობას ჩინეთისა და დასავლეთ ევროპის დასაკავშირებლად.
ყაზახეთი და თურქმენეთი საბოლოოდ შეთანხმდნენ კასპიის ზღვის რეგიონში რკინიგზის მშენებლობის დაწყებაზე. თურქმენეთის პრეზიდენტმა ყურბანგული ბერდიმუხამედოვმა დსთ-ს შესთავაზა ჩრდილოეთისა და სამხრეთის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის სატრანსპორტო დერეფნების მშენებლობა; რუსეთმა კი გამოაცხადა ტრანსპორტის, განსაკუთრებით, რკინიგზის, განვითარების გრძელვადიანი გეგმა. ტრასეკას მომდევნო პროექტია ფოთი-ბაქო-აკტაუ-ალმატის სარკინიგზო კორიდორი, რომელიც, ძირითადად, განკუთვნილია კონტეინერული გადაზიდვებისთვის და მასში მონაწილეობს სამი ქვეყანა: საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი.
B.T.K.-პოლიტიკური კონტექსტი
პროექტის დაწყების პირველ ეტაპიდანვე ცხადი გახდა, რომ ერევანი არ დაუჭერდა მხარს ახალ სატრანსპორტო დერეფანს, რომელიც გამოიწვევდა სომხეთის შემდგომ იზოლაციას, რაც, თავისთავად, გაზრდიდა საქართველოსა და ირანზე დამოკიდებულების ხარისხს . მთიან ყარაბაღში დაძაბული მდგომარეობა სომხეთს აფიქრებინებს, რომ მომავალში, რკინიგზა გამოყენებული იქნება თურქეთიდან აზერბაიჯანში სამხედრო ტექნიკისა და იარაღის გადასატანად. მართალია, ერევანი არ იწონებს საქართველოს მონაწილეობას, მაგრამ სათუა, რომ სამმხრივმა პროექტმა საფრთხე შეუქმნას ორი ქვეყნის მომავალ ბილატერალურ თანამშრომლობას.
სომხეთის ლიდერები ამტკიცებდნენ, რომ ჩრდილოეთ სომხეთში მდებარე ყარსი-გიუმრის რკინიგზა საუკეთესო არჩევანი იქნებოდა. რკინიგზა 1993 წელს დაიხურა, როდესაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დაწყების შემდეგ, თურქეთმა სომხეთთან საზღვრები ჩაკეტა.
თავდაპირველად, სომხეთმა მართლაც მოახერხა პროცესის დამუხრუჭება. 2005 წელს, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (P.A.B.S.E.C.) საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა სომხეთის წინადადებას, გაეხსნათ სარკინიგზო კავშირი თურქეთთან. Read the rest of this entry »


იდეათა ისტორია

მარტი 1, 2008

New Dictionary of the History of Ideas (6 Volume Set)

Charles Scribner’s Sons | English | 2004 | ISBN 0684313774 | 3132 pages | PDF | RS | 39 MB

ეს არის “იდეათა ისტორიის ენციკლოპედიის’ განახლებული ვერსია, რომელშიც წარმოდგენილია ძირითადი იდეები და მოძრაობები გლობალური კულტურის ისტორიაში ანტიკურობიდან დღემდე. სხვადასხვა დარგის სწავლულები იკვლევენ მთავარ იდეებს და მათ მნიშვნლობებს განსხვავებულ კულტურულ და დროით კონტექსტებში. ასევე, ისინი ცდილობენ, გამოკვეთონ ბოლო 30 წლის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ინტელექტუალური მიღწევები.
ესაა სრულიად ახალი ნაშრომი და არა უბრალოდ შესწორებული ვარიანტი. იგი შეიცავს ორჯერ მეტ სტატიას, ვიდრე ორიგინალი და გვთავაზობს თემების უფრო მკაფიო გლობალურ ხედვას, ვიდრე ძველი ვერსია თავისი ევროცენტრიზმით. სტატიების ნაწილი 70-იანი წლების შემდეგ სრულიად ახალი სახით მოგვევლინა ( ‘კომპიუტერული მეცნიერებები’, ‘სექსუალური ჰარასმენტი’, ‘ვიზუალური კულტურა’), ნაწილი კი პირდაპირ გადმოიტანეს ორიგინალიდან (‘ქალაქი’, ‘ნაციონალიზმი’, ‘დრო’).
შედეგად კი მივიღეთ ენციკლოპედია, რომელიც კვლავ ასახავს ვესტერნული სამყაროს იდეებს, მაგრამ, ამავე დროს, ტოვებს ევროპული ტრადიციის სივრცეს და იკვლევს აზიის, აფრიკისა და ამერიკის ‘აზროვნების’ ისტორიას. საბოლოო ჯამში, 30 წლიან ლოდინად ნამდვილად ღირდა.
ზოგიერთი ინფორმაცია ახალ გამოცემაში სრულიად ამოღებულია, თუმცა ძველი ვარიანტის ნახვა შეგიძლიათ საიტზე: http://etext.lib.virginia.edu/DicHist/alpha/

ქართული სერვერის ლინკი:
http://www.alldrives.ge/main/linkform.php?f=9b9e23eb5d4819bb
http://bin.ge/file/141888/Thomson-Gale—New-Dictionary-of-the-History-of-Ideas-Vol-1-6.pdf.html

რუსული სერვერის ლინკი:
http://myftp.vicatv.net/index.php?show_dir=1&id=10098819&id_res=23