ჯონ როულსის ”სამართლიანობის თეორია”

როულსის ”სამართლიანობის თეორიის” გაგება შეუძლებელია იმ პოლიტიკური და სოციალური წანამძღვრების გააზრების გარეშე, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოშობილ პოზიტიურ მიმართულებებს უკავშირდება. პირველ რიგში, ჩვენ ვსაუბრობთ ფრანკლინ დელანო რუზველტის ”ახალი კურსის” ეპოქის და მის შემდგომ განვითარებული ტენდენციების შესახებ. 1970-იანი წლების დასაწყისში პოლიტიკური ფილოსოფია აღორძინების გზას დაადგა და უტილიტარისტული საყრდენების კრიტიკით ლიბერალიზმის წიაღში ახალი დაპირისპირებების განვითარებას შეუწყო ხელი. ამგვარი შემოტრიალება,  1971 წელს, ”სამართლიანობის თეორიის” გამოქვეყნებით დაიწყო.
როულსი სვამს კითხვას, თუ, ზოგადად, რას წარმოადგენს სამართლიანობის პრობლემა. მისი აზრით, ეს არის ის, თუ როგორ უნდა განაწილდეს ადამიანების თანამშრომლობის ნაყოფი ისე, რომ არავინ იგრძნოს თავი უსამართლობის მსხვერპლად. საუბარია იმაზე, თუ განაწილების რომელი სქემაა სამართლიანი (მაგალითად, ყველას მოთხოვნის მიხედვით, ან ყველას უნარის მიხედვით და ა.შ.). მეორე მხრივ, შეიძლება იმას გვეკითხებიან, განაწილების რომელი პროცედურაა სამართლიანიო. როულსი იმ თეორიებს, რომლებიც ამ მეორე კითხვაზე პასუხის გაცემას ცდილობენ, ”პროცედურული სამართლიანობის” თეორიებს უწოდებს. პოლიტიკური თეორიის საგანს არა ცალკეული ქმედებები, არამედ საზოგადოების ”საბაზო სტრუქტურა” წარმოადგენს. ეს საბაზო სტრუქტურა არის ის გარკვეული წესები და პროცედურები, რომელიც ინდივიდის ქმედებებს აწესრიგებს.
როულსი აცხადებს, რომ სამართლიანობის თეორია რაციონალური თეორიის ნაწილია. თუ ჩავთვლით, რომ თანამშრომლობა შესაძლებელთა შორის საუკეთესო ვარიანტია (მთელი საზოგადოებისთვის), მაშინ შეგვიძლია ჩავთვალოთ ისიც, რომ არც ერთმა ინდივიდმა არ უნდა იგრძნოს თავი უსამართლობის მსხვერპლად. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ სამართლიანი პირობები განვსაზღვროთ. შეთანხმება სამართლიანი არ იქნება, თუ იგი სამართლიანი პირობების საფუძველზე არ იქნება მიღწეული. ესეთი შეთანხმება მხოლოდ ჰიპოთეტური შეიძლება იყოს, ანუ იგი მიღწეული უნდა იყოს ერთმანეთის ინტერესების მიმართ ინდიფირენტული, რაციონალური ინდივიდების მიერ, იმ პირობით, რომ ისინი სამართლიანობის პოზიციიდან გამოდიან.
ესეთ შემთხვევაში, საკითხავია, თუ როგორ უნდა განვსაზღვროთ სამართლიანობის საწყისი პოზიცია. როულსი უარყოფს სამართლიანობის პირობების შეთანხმების საფუძველზე განსაზღვრის შესაძლებლობას. მისი აზრით, იგი სრულიად განსხვავებული პროცედურის მიხედვით უნდა განისაზღვროს, რომელსაც ”რეფლექსური წონასწორობის” მეთოდს უწოდებს. მორალისტური რეფლექსიის პროცესში ჩვენ გამოგვაქვს დასკვნების ამა თუ იმ კონრკრეტულ ქმედებასთან თუ მოვლენასთან დაკავშირებით. ამ დასკვნებს გონებრივ ექსპერტიზას ვუტარებთ და ვადგენთ ზოგად პრინციპებს. შემდეგ ვუბრუნდებით ცალკეულ დასკვნებს და ვადგენთ მათ შესაბამისობას ზოგად მორალის ზოგად თეორიასთან. ასე ვივლით წინ და უკან ცალკეულ, კონკრეტულ დასკვნებსა და ზოგად პრინციპებს შორის მანამდე, სანამ არ მივაღწევთ იმ წერტილს, როცა აღარ დაგვჭირდება რომელიმე მათგანის შეცვლა. ამ წერტილს რეფლექსური წონასწორობის წერტილი ეწოდება.
სამართლიანობის თავდაპირველი პირობების შენარჩუნებას როულსი სწორედ ამგვარი მორალისტური რეფლექსიის ხარჯზე ცდილობს.
ათვლის წერტილს იგი იღებს იმ ინტუიციას, რომ ყველა ინდივიდი უნდა განიხილებოდეს, როგორც თავისუფალი და თანასწორი. აქედან გამომდინარე, უმაღლეს ფასეულობად ადამიანი, როგორც ავტონომიური არსება მიიჩნევა. როგორც ვხედავთ, ”თეორია” არ წარმოადგენს მხოლოდ სამართლიანობის თეორიას, არამედ მისი მიზანია, ასევე, ყველაზე მიმზიდველი იერი შესძინოს ლიბერალურ პოლიტიკურ ტრადიციას.
როულსი უარყოფს თანასწორობის უტილიტარისტულ გაგებას და თვლის, რომ უტილიტარიზმი სერიოზულ მნიშვნელობას არ ანიჭებს ადამიანებებს და მათი ცხოვრების წესებს შორის განსხვავებებს. თუ გვსურს, რომ ყველა ადამიანს თანასწორობის საფუძველზე მოვეპყრათ, ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა უნდა გადავწყვიტოთ: არცერთი ინდივიდი არ განიხილავს თავის და სხვა ადამიანების ცხოვრებას თანაბრად. სანაცვლოდ, როულსი გვთავაზობს კონტრაქტუალიზმს, როგორც სამართლიანობის პრინციპთან დაკავშირებული პრობლემების საუკეთესო საშუალებას. კონტრაქტუალიზმის მიხედვით, ადამიანების განიხილებიან გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე სუბიექტებად და აქედან გამომდინარე, თითოეულ მათგანს აქვს ვეტოს უფლება.
როდესაც თანასწორობისა და თავისუფლების ინტუიციური იდეების განსაზღვრა დასრულდება, შესაძლებელი გახდება სამართლიანი შეთანხმების პირობების განსაზღვრაც. ამიტომ, არავის შეუძლია დამსახურებად ჩაეთვალოს იმ ეკონომიკური თუ კულტურული კაპიტალის ფლობა, რომელიც მას რომელიღაც კონკრეტულ ოჯახში დაბადებით ერგო. უსამართლო სარგებლისა და ზარალის კატეგორიაში როულსი ბუნებრივ ნიჭსა და ნაკლსაც აერთიანებს. ლეგიტიმურ უსამართლობად იგი მხოლოდ ისეთ ცვლად სიდიდეებს თვლის, რომლებისთვისაც ინდივიდს შეიძლება პასუხი მოვთხოვოთ, ანუ რომლებიც მისი არჩევანის, ქცევის ან შეცდომების შედეგია.
ჰიპოთეტური საწყისი პოზიციის აგების პროცესში აუცილებლად უნდა ჩავრთოთ ”უმეცრების საბურველი”, ანუ ინდივიდების ისეთი მდგომარეობა, როდესაც ისინი სხვების უპირატესობების თუ ნაკლოვანებების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. ის, რაზეც უმეცრების საბურველში მყოფი ინდივიდები შეთანხმდებიან სამართლიანობის პრინციპები იქნება. უმეცრების საბურველი, რა თქმა უნდა, ხელოვნურად შექმნილი მდგომარეობაა, თუმცა რეალურ პირობებში, შესაძლებელია მისი ”გამოცდა”. უმეცრების საბურველის გამოცდა უნდა გაიაროს ნებისმიერმა პრინციპმა, რომელსაც სურს, რათა სამართლიან პრინციპად იქნას აღიარებული.
იბადება კითხვა, რომ თუ უმეცრების საბურველში გახვეულ ინდივიდებს არანაირი წარმოდგენა არ აქვთ სოციალური მდგომარეობის შესახებ, საიდან მოდის მათი მიზნები? როულსი აცხადებს, რომ არსებობს ე.წ. ”პირველადი სიკეთეები”, რომელთა არსებობაც ნებისმიერი ინდივისთვის ძირითადი პირობაა იმისთვის, რომ მან საზოგადოებაში არსებობს შეძლოს. ამგვარი სიკეთეების რიგს მიეკუთვნება: ჯანმრთელობა და ენერგია, ძალაუფლება, ჭკუა და წარმოსახვის უნარი და ა.შ. აქედან გამომდინარე, შეთანხმების მხარეებმა უნდა ეცადონ ამ პირველადი სიკეთეების მაქსიმალიზაცია.
სახეზეა ჰიპოთეზური მდგომარეობის მოდელი: 1. ჩვენ ვიცით მხარეთა თვისებების შესახებ (ისინი რაციონალური ადამიანები არიან); 2. ჩვენ ვიცით, თუ რა ინფორმაცია გააჩნიათ მათ (”უმეცრების საბურველში” არიან გახვეული); 3. ჩვენ ვიცით, თუ რისი მაქსიმალიზაცია უნდა მოახდინონ მათ (პირველადი სიკეთეების კრებული). ამ მონაცემებზე დაყრდნობით, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, თუ სამართლიანობის რომელი პრინციპი იქნება შერჩეული. შედეგად ვიღებთ შემდეგ ღირებულებებს:
1. თითოეულმა ინდივიდმა მაქსიმალური თავისუფლებით უნდა ისარგებლოს, რაც სხვების თავისუფლების ტოლფასი იქნება
2. სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობები უნდა გამოსწორდეს ისე, რომ:
ა)ისინი თანამდებობზე და საზოგადოებრივ მდგომარეობებზე უნდა იყოს დამოკიდებული, რომლებიც ყველასთვის ღიაა;
ბ)ისინი ღარიბთა მდგომარეობის გაუმჯობესებაზე უნდა იყოს მიმართული
ამ ნორმების საფუძველზე ვიღებთ ისეთ სახელმწიფო პოლიტიკას, რომელიც სოციალური უთანასწორობების აღმოფხვრაზე იქნება ორიენტირებული. სასკოლო სისტემა კი უზრუნველყოფს კულტურული კაპიტალის მემკვიდრეობით გამოწვეული უთანასწორობების გამოსწორებას.
როულსის მიღებული ღირებულებები უნდა დალაგდეს ლექსიკოგრაფიული პრინციპის საფუძველზე, ანუ თუ ერთი პრინციპი უსწრებს მეორეს, მეორე პრინციპი ისე არ უნდა შევიდეს ძალაში, თუ მთლიანად არ დაკმაყოფილდება პირველი.
სამართლიანობის თეორია გახდა არა მარტო სოციალური ლიბერალიზმის მთავარი ნაშრომი, არამედ გავლენა მოახდინა მისი გამოქვეყნების შემდგომ აღმოცენებულ პრობლემებზე. ჯონ როულსს კი 1999 წელს პრესტიჟული როლფ შოკის პრემია გადაეცა ლოგიკასა და ფილოსოფიაში შეტანილი წვლილისთვის.

2 Responses to ჯონ როულსის ”სამართლიანობის თეორია”

  1. ლიშთოთა says:

    როლსი კლასიკაა!
    საინტერესოა, რომ როლსი აღიარებდა თავად ’მისაღები (კეთილგონიერი) ძირეული დოქტრინების’ (reasonable comprehensive doctrine) სიმრავლეს. პრინციპში იქითკენ მიდის, რომ სხვაგვარი ’დოქტრინების’ გამზიარებლებმა უბრალოდ უნდა აღიარონ მართებულის ლეგიტიმურობა, ანუ, პოლიტიკური სამართლიანობის მისეული პრიმატი. სამართალს ვინღა ჩივის და აქ სტაბილურობა არც ისე გარანტირებულია.

    როლსს რომ ვკითხოთ, მისაღები ფუნდამენტური დოქტრინა ის არის, რომელიც თეორიულად, ლოგიკურად ასაბუთებს თავის სიკეთეს. რა პრობლემაა, ვთქვათ, მარქსიზმ-ლენინიზმისთვის? პრინციპში ტენდენციურია. ბოლოს თავის ”პოლიტიკურ ლიბერალიზმში” პირდაპირ ხეთქა, ’თუ ვინიცობაა, პოლიტიკური ღირებულებები (აქ ტრადიციული ლიბერალური-სამოქალაო ინსტიტუტები უნდა ვიგულისხმოთ) სხვა (ფილოსოფ. რელიგ) შეხედულებებზე მაღლა უნდა დავაყენოთო. მისი სამართლიანობის პოლიტიკური თეორიაც ’დოქტრინაა’ სინამდვილეში, არა უბრალოდ სამართიანი გარემოსადმი სწრაფვის მექანიზმი. ’დემოკრატიის საჯარო კულტურაც’, რომელსაც მისეული სამართლიანი წესრიგი უნდა დაეყრდნოს, ლიბერალიზმის დოქტრინაზე (ხაზგასმა: დოქტრინაზე) აგებული პოლიტიკური კულტურა და მისი პირმშოა.

    მაგრამ სადღაც მართლაც უნდა გაევლოს ზღვარი, ’დემოკრატიის საჯარო (საზოგადოებრივი) კულტურა’ ის ფილტრი და სტანდარტია, რომელსაც უნდა მეორგოს არალიბერალური, განსაკუთრებით კი/მათ შორის, არადასავლური ემიგრაცია. ეს ის პრობლემაა, რაც მისი მოღვაწეობის დროს განსაკუთრებით აქტუალური გახდა, მაგრამ რასაც ღიად და კონკრეტულად არ პასუხობს, მხოლოდ იპლიციტური დასკვნაა: ”ეს არის დასავლეთი და ამაზეა აგებული, მორჩა და გათავდა, ვისწავლოთ თანაცხოვრება მაქსიმალურად სამართლიან პირობებში”. სხვა ამბავია, რომ ეს არალეგიტიმური მორალურ-ფილოსოფიური დასაბუთებაა და კრიტიკას ვერ უძლებს დღეს, ალბათ ამიტომაც ’არც თქმულა’. ამის გამო როლსს ’ფსევდო-ლიბერალს’ ვერ ვუწოდებ, ის უბრალოდ მართებულად აღიარებს ლიბერალურ-დემოკრატიული სახელმწიფოს პრიმატს.

    არის ჰონიგის შრომა – Honig, B. (1993). Political theory and the displacement of politics, სადაც აღნიშნულია, რომ როლსი ფაქტობრივად ტექნიკურ გზებს ეძებს საჯარო პოლიტიკური სივრციდან ინსტიტუციონალურად გარიყოს არალიბერალური აზრი (132-33) და მისი მარგინალიზაცია (კრიმინალიზაციაც?) მოახდინოს, სრულიად ვეთანხმები ამ დასკვნას, მაგრამ ახლა… რას იზამ, სახელმწიფო ამისთვისაა.

    პრინციპში როლსის მიდგომა ე.წ. ’საეჭვო დოქტრინებს’ არსებულ პოლიტიკურ სისტემასა (ლიბ-დემოკრ) და ინსტიტუტებთან შესაბამისობაში მოყვანას ურჩევს, რაც ასევე არალიბერალურია, მაგრამ სრულიად ვეთანხმები. თუ მილი და ლოკი ქრისტიანობას უდგებოდნენ ინსტუმენტალისტურად (ცოტათი ძლიერი ნათქვამია, მაგრამ პრინციპში ასეა, ამოკენკეს რაც აწყობდათ და არც თუ ურიგოდ), ახლა ყურანის ჯერია, დაე მოხდეს წმინდა ტექსტების რეინტერპრეტაცია.

    მე არ მომწონს მისი ’ბოლომდე არ თქმა’ იმისა, რაც განვაზოგადე (იმედია, სწორად მესმის), მაგრამ მომწონს მისი უტოპია და ის ადეკვატურია იმდენად, რამდენადაც უკეთესი კონცეფცია თუ არის, ისევ და ისევ მას ეყრდნობა და მისით საზღდოობს, უბრალოდ უფრო დაიხვეწა. განსაკუთრებით მომწონს მისი სოციალური სოლიდარობის სული, ურთიერთდამოკიდებულების ლოგიკა, რომელზეცაა აგებული სტაბილურობის შესაძლებლობა და ყველანაირი შანსი.

    როლსს პოლიტიკურ კულტურაზე უფრო მეტი რომ ეწერა, რასაც უპირობოდ და აპირორი ეყრდნობოდა, უთუოდ ჩემი რჩეული თეორეტიკოსი იქნებოდა.

    მოკლედ, ორი ხაზის დაწერას ვაპირებდი და გავუბერე.
    საღოლ მოდუს.

  2. oratori says:

    ხათუნა შიუკაშვილი

    THE MUMY RETURNED;
    – ანუ „პროექტი ბაგრატიონი“!
    ********************************************
    თუ დაგამშვიდებს,
    შენი და ჩემი “ბნელი ოთახი“
    – ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო,
    მეც
    მ ა შ ი ნ ე ბ ს…

    რადგან ყველა ცრუ,
    ყრუ თუ „პატიოტი“,
    წარსული მითების
    ფ ე რ ე ბ ი თ…
    ხელების, თვალების უაზრო
    ც ე ც ე ბ ი თ…

    ეძებენ უკვდავ “გოდოს”,
    როგორც თავშესაქცევს,
    მუდმივ თავშესაფარს,
    როგორც
    ს ი მ შ ვ ი დ ე ს ს . . .

    პირფერობისათვის,
    ფარისევლობისათვის,
    მორჩილებისათვის,
    კმაყოფილებისათვის,
    შეთქმულებისათვის,
    უასახურობის შენიღბვისათვის,
    – ბრიყვები,
    ამკვიდრებენ სიბნელეს
    გ ა მ ხ ე ც ე ბ ი თ…

    The mumy returned!
    The darkness returned!
    გამოქვაბულიდან
    ვყვირივარ ძარღვებით –
    სადაა სინათლე!?
    კმარა ეს სიმშვიდე!!!…
    სუნთქვა აღარ გვყოფნის,
    არც სივრცე –
    ს ი გ ა ნ ე,
    ილიას, ვაჟას და აკაკის
    უ გ ა ნ ე ს !..

    გვამები ცეკვავენ,
    მუმია დაბრუნეს,
    გვირგვინით უმეცრების!
    სიბნელე დაბრუნდა –ამაყი უმეცრებით!
    სახე უმეცრების, უსახურობაა…
    მტკივა და მაშინებს,
    შენი და ჩემი „ბნელი ოთახი“
    – ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო . . .

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: