პოსტმოდერნული ეპოქა

1. მოდერნიზმი
2. სტრუქტურალიზმი
3. პოსტ-სტრუქტურალიზმი (ფუკო და დერიდა)
4. პოსტმოდერნული სოციალური თეორიები

მოდერნიზმი
ტერმინი ‘პოსტმოდერნიზმი’ გულისხმობს არა მხოლოდ თანამედროვეობის შემდგომ ეპოქას, არამედ იმ ფუნდამენტური პრობლემების დაძლევის მცდელობასაც, რომელიც მოდერნულმა ხანამ წარმოშვა. მოდერნულობა აღნიშნავს ისტორიული ცვლილებების ვრცელ ეპოქას, რომელიც გამოიწვია სამეცნიერო და ტექნოლოგიურმა გადატრიალებებმა და საბაზრო ეკონომიკის საყოველთაო გავრცელებამ. ერთი მხრივ, მოხდა ეკლესიის ავტორიტეტის დაკნინება, მეორე მხრივ კი, მეცნიერებამ შეიძინა ელიტარული ცოდნის სტატუსი.
მოდერნიზმის, როგორც სიახლის გააზრება არ დაემთხვა საზოგადოებაში დაწყებულ ადრეულ ცვლილებებს. დაახლოებით 1880-იანი წლებიდან ჩვენ უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ მოდერნზე, როგორც სამყაროს ხედვისა და რეკონსტრუქციის დაუსრულებელ, სპეციფიკურ პროექტზე.
მოდერნიზმის ეპოქისთვის დამახასიათელი ღირებულებები ეპისტემოლოგიურ ტრავმასთან არის დაკავშირებული. ეს არის დრო-სივრცული წარმოდგენების გადახედვის მცდელობა; რენესანსის ეპოქიდან მოყოლებული, განმანათლებლობის პოზიტივისტურ იმპლიკაციებში მოცემული რეალისტური სურათი აღარ აკმაყოფილებდა მოდერნის მიღწევებს. ეპისტემოლოგიური ტრავმის მასშტაბურობა მართლაც რომ განსაკუთრებული მოვლენაა იმ გაგებით, რომ მან ადამიანური საქმიანობის თითქმის ყველა სფერო მოიცვა. მოდერნისტული ესთეტიკა აისახა პიკასოსა და ბრაკის, სტრავინსკისა და შონბერგის, კაფკასა და ფოლკნერის, იეიტსისა და ელიოტის ნაწარმოებებში. უფრო მეტიც, მოდერნისტული არტისტული კულტურის სირთულეები ძალიან ჰგავს საბუნებისმეტყველო მეცნიერებასა და მათემატიკაში განვითარებულ ტენდენციებს. ორივე ამ სფეროში სირთულეები წარმოიშვა არა ტრადიციული ტექნიკის გადახედვის, არამედ მისი მიტოვების პრაქტიკიდან. ფარდობითობის თეორია ამისი ნათელი მაგალითია. მოდერნისტული თეორიების მიმდევრები ცდილობდნენ გაეპროტესტებინათ ის საფუძვლები, რომლებსაც ისინი წინა ეპოქებში ეყრდნობოდნენ (მაგალითად, ერთ წერტილოვანი პერსპექტივა მხატვრობაში, ტონალურობა მუსიკაში, ნეიტრალური და უნიფორმალური ნარატივი, უცვლელი დროითი და სივრცითი კოორდინატები ფიზიკაში).
მიუხედავად განვითარებული მოვლენებისა, მოდერნული ეპოქამ მაინც არ დაკარგა განმანათლებლობის იდეალებისადმი ერთგულება. ეს იყო გრანდიოზული პროექტების განხორციელებისადმი სწრაფვა. ამიტომ, მოდერნის თეორიებისთვის კვლავაც აქტუალური რჩებოდა ბინარული ოპოზიციების არსებობა. ორტეგა ი გასეტის აზრით, მასები ყოველთვის დაუპირისპირდებიან მოდერნულ ხელოვნებას. ის თავისი არსით არაპოპულარულია. უფრო მეტიც, ის ანტი-პოპულარულია.
მოდერნული სოციალური თეორიები თანამედროვეობის გამოწვევებს განსხვავებულ მიზეზებში ეძებდნენ. მარქსისთვის ეს იყო კაპიტალისტური ეკონომიკა, ვებერისთვის_ ფორმალური რაციონალობა, დიურკჰეიმისთვის_ კოლექტიური სინდისის შესუსტება… ზოგიერთი თეორეტიკოსი დღემდე ამტკიცებს, რომ მოდერნის ეპოქა ჯერ არ დასრულებულა და იტოვებს იმედს, რომ ადამიანი შეძლებს მის დახვეწას და გაკონტროლებას. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ენტონი გიდენსი, რომელიც კვლავ საუბრობს დაუსრულებელ პროექტებზე, თუმცა აღიარებს სისტემური დიფერენციაციისა და ფრაგმენტაციის მასშტაბურობას, რამაც განვითარების უპრეცედენტო პირობებში ჩაგვაყენა. ჰაბერმასისა და ლიოტარის დიალოგში კი თვალშისაცემი იყო ე.წ. ‘Middle Ground’-ის ნაკლებობა: ის, რაც ჰაბერმასისთვის წარმოადგენდა ‘თეორიულ მიდგომას’, ლიოტარისთვის იყო მხოლოდ ‘მეტა-ნარატივი’.

სტრუქტურალიზმი
სტრუქტურალიზმის წარმოიშვა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში. შვეიცარიელი ლინგვისტი, ფერდინანდ დე სოსიური (1857-1913) თავის ლექციებში საუბრობდა ენის (Langue), როგორც ფორმალური სტრუქტურის როლზე, რომელიც განისაზღვრება სისტემურ ელემენტებს შორის არსებული განსხვავევებით. სოსიურის მიხედვით, ეს სტრუქტურა არსებობს აწმყოში და აერთიანებს აზრისა და სიტყვის ორივე სფეროს. მოცემული ლინგვისტური ცნება (‘ნიშანი’) არის იდეისა და ფიზიკური საგნის ერთიანობის შემცველი. ენა სწორედ ამგვარი ნიშნების სისტემაა, რომელიც არსებობს არა როგორც ცალკე სუბსტანცია, არამედ როგორც აღსანიშნებისა და აღმნიშვნელების სპეციფიკური სტრუქტურის განმსაზღვრელი დიფერენცირების ფორმა. სოსიურის ხედვა ეწინააღმდეგება დასავლურ ტრადიციაში დამკვიდრებულ შეხედულებას, რომლის მიხედვითაც, იდეათა სამყარო სრულად გამოცალკევებულია ფიზიკურისგან. ამგვარი ტრადიცია სათავეს იღებს პლატონისგან. სოსიური უარყოფს მათ დამოუკიდებლობას და აცხადებს, რომ აღსანიშნებს და აღმნიშვნელებს მნიშვნელობა ეძლევათ მხოლოდ იმ ფორმალური სტრუქტურის არსებობის პირობებში, რომელსაც ისინი იზიარებენ.
სოსიურის მიდგომა წარმატებით დამკვიდრდა ლინგვისტიკაში, თუმცა 1950-იან წლებში მისი გამოყენება დაიწყეს სხვა სფეროებშიც: ანთროპოლოგიაში (კლოდ ლევი სტროსი), ფსიქოანალიზსა (ჟაკ ლაკანი) და ლიტერატურის თეორიაში (როლან ბარტი). იმედოვნებდნენ, რომ იგი ჩამოაყალიბებდა მკაცრ ჩარჩოს ჰუმანიტარულ მეცნიერებებში. ამ ჩარჩოს განმასხვავებელ ელემენტებად შეგვიძლია ჩავთვალოთ:
1. ყველა ისეთი იდეალისტური ხედვის უარყოფა, რომლის მიხედვითაც ცნებები და მნიშვნელობები ჩნდება ცნობიერების აქტივობის შედეგად;
2. ცნებები და მნიშვნელობები ყალიბდება აბსტრაქტულ სისტემებში მიმდინარე სტრუქტურულ ურთიერთობებში;
3. ამგვარი სტრუქტურული ურთიერთობების ექსპლიკაციაა ბიპოლარული დიფერენციაციები (მაგალითად, რეალური/არარეალუ-
რი, ტემპორალური/ნონტემპორალური, არსებული/არარსებული, მასკულინური/ფემინური).
როლან ბარტმა სოსიურის იდეები მთელს სოციალურ ცხოვრებაზე გაავრცელა. მისი აზრით, არა მხოლოდ ენა, არამედ სოციალური ქცევებიც ნიშნების რეპრეზენტაციას წარმოადგენს. ტერმინი “ლინგვისტური მობრუნება” სწორედ ენის როლის უპრეცედენტო ზრდას აღნიშნავს. ლევი სტროსმა, ამავე დროს, წამოაყენა გარკვეული იდეები, რომლებიც ლინგვისტურ მობრუნებას ეწინააღმდეგება. მაგალითად, იგი ამბობდა, რომ ფონემიკური და ნათესაობრივი სისტემები გონების სტრუქტურის პროდუქტებია, თუმცა ისინი არ გამომდინარეობენ ცნობიერებისგან, არამედ ისინი არიან გონების არაცნობიერი, ლოგიკური სტრუქტურის ნაყოფი. ეს სისტემები, ისევე, როგორც გონების ლოგიკური სტრუქტურები, მოქმედებენ ზოგადი წესების მიხედვით. ლინგვისტური მობრუნების აპოლოგეტების უმრავლესობამ ლევი სტროსის ეს თეორია უარყო.

პოსტ-სტრუქტურალიზმი
როგორც უკვე ვნახეთ, სტრუქტურალიზმის მიხედვით, ადამიანის მოღვაწეობის სფეროები წარმოადგენს ფორმალურ სტრუქტურებს, რომლებშიც მნიშვნელობები ყალიბდება არა ცნობიერი სუბიექტების, არამედ ფორმალურ სისტემაში არსებული ელემენტების ურთიერთობის შედეგად. პოსტ-სტრუქტურალიზმი მოიცავს განსხვავებულ რეაქციებს სტრუქტურალიზმზე. სტრუქტურალიზმის ერთ-ერთი პირველი გამოვლინება სოციალურ მეცნიერებებში იყო მიშელ ფუკოს ცნობილი ნაშრომი “სიტყვები და საგნები”, სადაც ავტორმა შემოგვთავაზა სოციალური მეცნიერებების განსხვავებული აღქმა. პოსტ-სტრუქტურალიზმის დაწყების თარიღად ასახელებენ 1966 წელს, როდესაც ჟაკ დერიდამ თავის ცნობილ გამოსვლაში აღნიშნა ახალი, პოსტ-სტრუქტურალისტური ერის დასაწყისი.
დერიდასა და მის მეთოდზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ, მანამდე კი “სიტყვებსა და საგნებს” განვიხილავთ. ნაშრომში ფუკო ცდილობს მოშალოს სუბიექტურობის ცენტრალური როლი სოციალურ მეცნიერებებში. მისი მტკიცებით, “ადამიანი” მოდერნის მიერ შემოტანილი კატეგორიაა და სტრუქტურალისტური სოციალური მეცნიერებების უკანასკნელი მიღწევები (კლოდ ლევი სტროსის ანთროპოლოგია და ლაკანის ფსიქოანალიზი) ამ კატეგორიას აღარ ეყრდნობა. მსგავსი მიდგომები, ფუკოს აზრით, გვიჩვენებენ, თუ როგორ შეიძლება დავინახვოთ ადამიანური რეალობა მისი სუბიექტურობის რეპრეზენტაციის ცნებებში განსაზღვრის გარეშე. ფუკო აღიარებს, რომ თანამედროვე სოციალური მეცნიერებები _ფსიქოლოგია და სოციოლოგია, ასევე, კანტის შემდგომი ფილოსოფიაც, ეყრდნობა სუბიექტურობის უპირატესობას. ეს მეცნიერებები ცდილობენ, გადაჭრან პრობლემა, თუ როგორ შეიძლება ადამიანი იყოს ერთდროულად სამყაროსთვის მნიშვნელობის მიმცემი და ამავე დროს, სამყაროში არსებული ბუნებრივი ობიექტი. ამისათვის ჰუმანიტარულ მეცნიერებებს შემოაქვთ არაცნობიერი გონების ცნება. ესე იგი, ადამიანი ყალიბდება არაცნობიერი გონების მიერ, რომელიც თავად არ არის სამყაროში არსებული ობიექტი. სტრუქტურალისტური სოციალური მეცნიერებები გვთავაზობენ არაცნობიერის მოქმედების საუკეთესო ახსნას. ფუკო თვლის, რომ ამ ახალმა “კონტრ-მეცნიერებებმა” დაანგრიეს “ადამიანის კატეგორიის” ცენტრალური როლი და ორიგინალური მიდგომის მეშვეობით, გადაინაცვლეს გაცილებით არა-ფუნდაციონალისტურ პოზიციაზე.
ფუკო განიხილავს სხვადასხვა ეპისტემოლოგიურ ველს (“ეპისტემეს”), რომლებსაც განსხვავებული ყოფიერების ფორმა აქვს, ვიდრე იმას, რომლითაც ჩვენ ვაზროვნებთ. კვლევის საფუძველზე ფუკომ დასავლური კულტურის ეპისტემეში ორი დიდი წყვეტილი შენიშნა: ერთი, რომელიც იწყებს კლასიკურ ეპოქას (XVII საუკუნის შუა პერიოდი) და მეორე, რომელიც გვამცნობს მოდერნულობის ეტაპის დადგომას (XVIII-XIX საუკუნეთა გასაყარი). ფუკოს აზრით, XVI საუკუნემდე მსგავსების ფენომენმა დასავლური კულტურის ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი შეასრულა. ადამიანები ნიშნებში ეძებენ საგნების რეალურ არსს. ამგვარი დისკურსის საილუსტრაციოდ ფუკოს მოჰყავს ბორხესის ერთ-ერთ თხზულებაში ციტირებული “ჩინური ენციკლოპედია”, სადაც წერია, რომ “ცხოველები შემდეგ ჯგუფებად იყოფიან: ა) იმპერატორის კუთვნილნი ბ) კეთილსურნელოვანნი, სხვადასხვა ნელსაცხებლის წყალობით, გ)მოშინაურებულნი, დ) ძუძუს გოჭები, ე)სირენები ვ) მითოსური ცხოველები…” როგორც ვხედავთ, აქ ჯერ კიდევ არ არის ერთმანეთისგან გამოყოფილი საგანი და ნიშან_აღმნიშვნელი. ადამიანები ცდილობენ საკუთარი მოღვაწეობის ყველა დონეზე ნიშნებში დამალულ მაგიურ საიდუმლოებებს ჩასწვდნენ. ფუკოსთვის კლასიკური ეპოქის დაწყების მანიშნებელი სერვანტესის ცნობილი რომანი “დონ კიხოტია”. ეს არის ისტორია რაინდზე, რომელსაც სურს დარჩეს იგივე, იყოს ანალოგიის რაინდი, თითქოს წიგნებიდან გადმოსული ასო-ნიშნების კომპლექტია, თუმცა რეალურ ცხოვრებაში იგი აწყდება სრულიად არაადეკვატურ შესაძლებლობებს, რაც მას უდიდეს დაბრკოლებებს უქმნის. ეს კი მკითხველში ისეთსავე სიცილს იწვევს, როგორც “ჩინური ენციკლოპედიის” კითხვა. მე-17 საუკუნის შუა წლებიდან ამგვარი დისპოზიცია ირღვევა და იწყება ე.წ. “მათეზისის” ბატონობის ხანა. ამას შეგვიძლია დავამთხვიოთ რაციონალიზმის ეპოქა, ხოლო ცოტა მოგვიანებით, მე-19 საუკუნის დასაწყისში უკვე იკვეთება ახალი ემპირიულობების ბატონობის ხანა. ესენია: შრომა, სიცოცხლე და ენა. “ფილოლოგია, ბიოლოგია და პოლიტიკური ეკონომია უკვე არსებულ ზოგად გრამატიკას, ბუნებისმიეტყველებასა და სიმდიდრეთა ანალიზს კი არ ენაცვლებიან, არამედ იქ იქმნებიან, სადაც ცოდნის ეს დარგები საერთოდ არ არსებობდა…” ნაშრომის დასრულების შემდეგ, ფუკოსთვის დაისვა საკითხი, თუ რამ განაპირობა ერთი ეპისტემედან მეორე ეპისტემეში გადასვლა. ამის პასუხი, მისი აზრით, ძალაუფლების, ცოდნისა და სექსუალობის ურთიერთკავშირში უნდა ვეძებოთ. “დისციპლინასა და სასჯელში” ფუკო გამოყოფს დამნაშავის დასჯის სხვადასხვა ფორმებს და მეთოდებს, რომლებიც დასავლურ კულტურაში გამოიყენებოდა. ფიზიკური სხეულის დასჯიდან სულის ან ნების დასჯაზე გადასვლა, ფუკოს წარმოდგენით, ახალი, მოდერნული ეპოქის მორალისტურ განზომილებაზე მიუთითებდა. მე-18 საუკუნის ბოლომდე საზოგადოებას სურდა სიკვდილის კონტროლი, ხოლო შემდგომში კი, იგი ფოკუსირდა სიცოცხლის კონტროლზე. ამავე პერიოდს(1757-1830-იანი წლები) ემთხვევა ციხის ინსტიტუტის შემოღებაც. უფრო მეტიც, ფუკო, ასევე, განიხილავს გიჟისამდი მოპყრობის სხვადასხვა ეტაპებს, სადაც, ასევე, აღმოაჩენს ძალაუფლების მსგავს დისპოზიციებს. ყოველ ახალ ეპისტემეში გადასვლა დაკავშირებულია ძალაუფლების გაგებასთან:
1. ძალაუფლება, ფუკოს აზრით, არის პროდუქტიული. იგი გამოხატავს არა მარტო სისტემის შემბოჭავ ძალებს, არამედ ხელს უწყობს ცოდნისა და პრაქტიკის ახალი სამფლობელოების შექმნას.
2. ძალაუფლება არ არის კონცენტრირებული ერთ კონტროლირების ცენტრში. იგი სოციალური სისტემის მეშვეობით გაფანტულია უამრავ ადგილობრივ ძალაუფლების პოსტზე. ეს პოსტები ერთმანეთთან ურთიერთქმედებენ, თუმცა ისინი არ ქმნიან უნიფიცირებულ სისტემას.
3. მიუხედავად იმისა, რომ ძალაუფლება მჭიდროდ არის დაკავშირებული ცოდნის სისტემებთან, ის მაინც “რაღაც უფრო მეტია”, ვიდრე აღსანიშნებისა და აღმნიშვნელების თამაში ამ სისტემის შიგნით.
პოსტ-სტრუქტურალიზმის უფრო რადიკალური განვითარება დაკავშირებულია ჟაკ დერიდას ფილოსოფიასთან. იგი მიიჩნევდა, რომ ადამიანები არ შეიძლება იყვნენ ენის სტრუქტურით შებოჭილნი. დერიდა ყველა სოციალურ ინსტიტუტს უყურებდა, როგორც “დამწერლობას” და აქედან გამომდინარე, მისი აზრით, მათ (ამ სტრუქტურებს) არ შეუძლიათ ადამიანების შეზღუდვა. დერიდას ენა დაჰყავს “დამწერლობამდე” და მიიჩნევს, რომ იგი არასტაბილური და ქაოსურია. სხვადასხვა კონტექსტი სიტყვებს სხვადასხვა დატვირთვას აძლევს. დერიდა ილაშქრებს ლოგოცენტრიზმის წინააღმდეგ, ანუ იმგვარი სისტემის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს უნივერსალური ჭეშმარიტების, ზნეობისა და სილამაზის მიღწევას. ამგვარი ტენდენცია მოდის პლატონიდან და უკავშირდება “დამწერლობის” ჩახშობას საუბრის სასარგებლოდ. დეკონსტრუქციული წაკითხვის მიზანია იმ დამალული წინააღმდეგობრივი ლოგიკის აღმოჩენა, რომელიც ჩვეულებრივ უგულებელყოფილია ტრადიციული, ორთოდოქსული შეხედულებების მიერ. ბევრ შემთხვევაში, ეს ტაქტიკა მოიცავს ბინარული ოპოზიციების გამოკვეთას (მაგალითად, ბუნება და კულტურა, საუბარი და წერა, ცნება და მეტაფორა, ფილოსოფია და ლიტერატურა) და იმის ჩვენებას, რომ არც ერთი პოლუსის პრიორიტეტულობა არ არის მყარი. სხვანაირად რომ ვთქვათ, დეკონსტრუქცია არის ერთეულების დეკომპოზიცია დამალული განსხვავებების დასანახად. თანამედროვე ეპოქის საილუსტრაციოდ, დერიდას მოჰყავს “თეოლოგიური თეატრის” მაგალითი. ამგვარ თეატრს აქვს რეპრეზენტაციული ლოგიკა, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ის ყველაფერი, რაც სცენაზე ხდება, ასახავს, წარმოადგენს “რეალურ ცხოვრებას”. დერიდას სურს, რომ საუბარმა შეწყვიტოს თეატრის მართვა; თეატრი უნდა გახდეს განსხვავებების თამაში. აქ შემოდის პოსტ-სტრუქტურალისტებისთვის და პოსტმოდერნისტებისთვის დამახასიაბელი “დეცენტრალიზაციის” ცნება. ამ შემთხვევაში, თეატრმა უარი უნდა თქვას თავის ტრადიციულ ცენტრზე და მისცეს მსახიობებს საშუალება, ითამაშონ თავისუფლად.

პოსტმოდერნული სოციალური თეორიები
პოსტმოდერნული თეორიები, მიუხედავად მოდერნის მძაფრი კრიტიკსა, მაინც შეიცავს მოდერნისტულ იმპლიკაციებს. მაგალითად, ფრედრიკ ჯეიმსონის_ პოსტმოდერნისტი მარქსისტის თეორიები ხშირად ექცევა თავად პოსტმოდერნისტ მოაზროვნეთა ქარცეცხლში, რადგან, მათი აზრით, იგი მარქსისტული მეტა-ნარატივის გადმონაშთებს შეიცავს. ჯეიმსონი თავის ცნობილ ესსეში “პოსტმოდერნიზმი ანუ გვიანი კაპიტალიზმის კულტურული ლოგიკა” გვთავაზობს მარქსისტულ პოზიციას, რომ კაპიტალიზმი შევიდა განვითარების გვიანდელ ფაზაში, რომლისთვისაც დამახასიათებელია პოსტმოდერნისტული ტენდენციები. განიხილავს რა მარქსისტულ ჭრილში, ჯეიმსონი პოსტმოდერნიზმში ერთდროულად კატასტროფისა და პროგრესის მიმართულებებს ხედავს. მისი აზრით, პოსტმოდერნის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი არის ის, რომ ესთეტიკური პროდუქცია გახდა საქონელი. იგი კაპიტალიზმის განვითარების ისტორიაში ხედავს სამ ფაზას. პირველი ფაზა დაკავშირებულია მარქსთან და ერთიანი ნაციონალური ბაზრის წარმოშობასთან. ლენინის მიერ გააზრებული მეორე ფაზა არის იმპერიალისტური თავისი გლობალური კაპიტალისტური ქსელით. მესამე ფაზას კი, ჯეიმსონის მიხედვით, “გვიანი კაპიტალიზმი” ეწოდება. ამ უკანასკნელისთვის დამახასიათებელია პოსტმოდერნული კულტურა. მარქსის თეორეტიკული ჩარჩო მის გასააზრებლად საკმარისი არ არის.
ფრედრიკ ჯეიმსონი გვთავაზობს პოსტმოდერნული საზოგადოების ოთხ ძირითად ელემენტს:
1. პოსტმოდერნულ საზოგადოებას ახასიათებს ზედაპირულობა და სიღრმის ნაკლებობა. ამისი კარგი მაგალითია ენდი უორჰოლის ცნობილი ნახატი “კემპბელის სუპი”, რომელიც სხვა არაფერია თუ არა, კემპბელის სუპის კონსერვის იდეალური ასლი. თუ პოსტმოდერნულ თეორიაში ცნობილ საკვანძო ტერმინს გამოვიყენებთ, ეს ნახატი წარმოადგენს სიმულაკრას, რომელშიც რთულია ერთმანეთისგან განასხვავო ასლი და ორიგინალი. ჯეიმსონისთვის სიმულაკრა არის იდენტური ასლი, რომლის ორიგინალი არასოდეს არსებულა.
2. პოსტმოდერნიზმი ხასიათდება ემოციის და ეფექტის გაქრობით. ამის მაგალითად, ჯეიმსონს მოჰყავს უორჰოლის კიდევ ერთი თითქმის ფოტოგრაფიული რეპრეზენტაცია_ “მერლინ მონრო”. მოდერნისტული მხატვრობიდან მას შეიძლება დავუპირისპიროთ ედმუნდ მუნკის “კივილი”, რომელიც იმედგაცრუების ღრმა ემოციას ასახავს. სოციოლოგიურ ტერმინებს თუ ვიხმართ, ეს არის ანომიისა და ალიენაციის ასახვა. უორჰოლის ნახატი კი დაცლილია ყოველგვარი ზედმეტი ემოციისგან. პოსტმოდერნზში ალიენაციას ფრაგმენტაცია ანაცვლებს.
3. პოსტმოდერნში დაკარგულია ისტორიულობა. ჩვენ არ შეგვიძლია წარსულის ცოდნა. ჩვენ მხოლოდ გვაქვს გარკვეული ტექსტები წარსულის შესახებ, თუმცა მათი რეპროდუცირება შეუძლებელია. ჯეიმსონის სიტყვებით, ესაა “წარსულის ყველას სტილის უწესრიგო კანიბალიზაცია”. წარსული და აწმყო მჭიდროდ არის ერთმანეთზე გადაბმული.
4. პოსტმოდერნულ საზოგადოებასთან დაკავშირებულია ახალი ტექნოლოგიები. პროდუქტიული (მწარმოებელი) ტექნიკების ნაცვლად დომინირებს რე-პროდუქტიული ტექნიკები. განსაკუთრებით, ელექტორნული მედია, მაგალითად, ტელევიზორი და კომპიუტერი.
ჯეიმსონი პოსტმოდერნულობაში ხედავს ჰიპერსივრცის არსებობას და მაგალითად მოჰყავს ცნობილი არქიტექტორის, ჯონ პორტმანის სასტუმრო “ბონავენტურა”, რომელიც არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ სივრცის მოდერნული კონცეპციები აღარ წარმოადგენს ჩვენი ორიენტაციების საფუძველს. ამისათვის საჭიროა კოგნიტური რუკების გამოგონება, რომლებიც დაგვეხმარება საკუთარი თავის ლოკალიზებაში. პოსტმოდერნისტები ჯეიმსონს ამგვარ იდეებს ტოტალიზების მცდელობებად უთვლიან.
თუ ჯეიმსონი ერთ-ერთი ყველაზე ზომიერი პოსტმოდერნისტია, ჟან ბოდრიარი აშკარად ყველაზე რადიკალურების ფრთას მიეკუთვნება. თავდაპირველად ისიც მარქსისტული პოზიციებიდან ცდილობდა თანამედროვე საზოგადოების გამოწვევების დანახვას, თუმცა მოგვიანებით, მან შემოიტანა სიმბოლური გაცვლის იდეა, რაც ეკონომიკური გაცვლისგან განსხვავებით, შესაძლოა, კაპიტალიზმის რეალურ ალტერნატივად გადაქცეულიყო. აქედან გამომდინარე, ბოდრიარმა გააკრიტიკა მარქსი. იგი მუშათა კლასს ემიჯნებოდა და ჰიპებისა და ახალი მემარცხნეების პოზიციებს იზიარებდა, თუმცა მალე ბოდრიარმა ყოველგვარ პოლიტიკურ მიზანზე უარი განაცხადა. მისი აზრით, თანამედროვე საზოგადოებაში პროდუქციის ნაცვლად მედია, კიბერნეტიკალური მოდელები, ცოდნისა და გართობის ინდუსტრიები დომინირებს. სახეზეა ნიშნების ბატონობა პროდუქციაზე. ნიშნებსა და რეალობას შორის განსხვავება წაიშალა. ამგვარად, ბოდრიარი ჯეიმსონის მსგავსად, საუბრობს სიმულაციის პროცესებზე, რომლებსაც სიმულაკრებამდე, ანუ “საგნებისა და მოვლენების რეპროდუქციებამდე” მივყავართ. სამყაროა იქცა ჰიპერრეალობად_მედიამ შეწყვიტა რეალობის ასახვა; იგი გახდა რეალობის შემოქმედი. ბოდრიარისთვის თანამედროვეობა სიკვდილის კულტურაა. სიკვდილის შიში ადამიანებს აიძულებთ ჩაერთონ სამომხმარებლო კულტურაში, თუმცა სიმბოლური გაცვლა ამგვარი მდგომარეობის პრიმიტიული ალტერნატივაა, ამიტომ, ბოდრიარი გვთავაზობს “ცდუნებას”, როგორც სასურველ ალტერნატივას. ცდუნება არის უშინაარსო, მსუბუქი, სიღრმეს მოკლებული, ირაციონალური… დასასრულს, ბოდრიარი თავის ერთ-ერთი უკანასკნელ ნაშრომში “ამერიკა” ავითარებს ფატალობის თეორიას. იგი ამბობს, რომ ამ ქვეყანაში ვიზიტით ცდილობდა მომავლის კატასტროფის დასრულებული ფორმის მოძებნას; არ არსებობს არანაირი რევოლუციური იმედები. ჩვენ, თითქოს, სიმულაციების, ჰიპერრეალურობის და ე.წ. შავ ხვრელში შთანთქმის პერსპექტივით ვართ განწირულნი. ბოდრიარი უარს ამბობს ყოველგვარ ისეთ მეტა-ნარატივზე, რომელიც ამ სიტუაციიდან გამოსავალს შემოგვთავაზებს, თუმცა ერთი მხრივ, ტექნოლოგია, მეორე მხრივ კი, მოდერნისგან შემორჩენილი კონტროლის მექანიზმები კვლავ ვითარდება. მანუელ კასტელსის თვლის, რომ გადამწვეტი ბრძოლა ციფრული ტექნოლოგიების სამფლობელოში მოხდება.

10 Responses to პოსტმოდერნული ეპოქა

  1. არტ_თაკო says:

    სრულიად შემთხვევით, მოულოდნელად წავაწყდი ამ საიტს… მოდერნიზმთან დაკავშირებით ვეძებდი მასალებს… არა უბრალოდ გაკვირვებული დავრჩი…. ასეთი გამართული მეცნიერული ენით დაწერილი სტატიები ქართლად, ქართულ ინეტ სივრცეში ჯერ არ მინახავს…. საკმაოდ აქტუალური თემებით… თანამდროვე ეპისტემეებით………

    ჯერ კიდევ არ მინახავს ბოლომდე. კარგად გადავხედავ…….

    და შეკითხვა……. შემიძლია ავტვირთო აქ მასალა ერთ პოსტმოდერნისტული სულის მატარებელ მხატვარზე, მაგრიტზე??? სიურეალისტია, თუმცა საკმაოდ დიდი გავლენის მატარებელი.. უფრო და უფრო იზრდება მისი როლი ხელოვნებაში…. უბრალოდ მინდა რომ კარგმა მკითხველმა იცოდეს მის შესახებ…… ამ სტატიებს აშკარად უაზრო ხალხი არ წაიკითხავს. გამგები კი გაიგებს……… !!!!!!!!!!!!!!!!

    პასუხი მომწერეთ მაილზეეეეეეეეე

  2. joao says:

    Sesanisnavi analizia. daaxloebiT igive rames vaketeb.Sesanisnavi xalxi xart. Cems blogsac estumret xolme gamexardeba.

  3. Sally says:

    ძალიან მომეწონა თქვენი საიტი:) შემთხვევით “აღმოვაჩინე”, თანაც ზუსტად ჩემი პროფესიის თემებს მოიცავს (ფილოსოფია, კულტუროლოგია,ესთეტიკა). მააადლობთ:) ახალი თემის დამუშავებას ვაპირებ და მინდოდა მეკითხა რაიმე მასალას ხომ ვერ მომაწოდებდით, აზარტულ თამაშებზე , კაზინოს შესახებ და ა.შ. რაც ვნახე ყველგან უფრო პრაგმატული ასპექტია ხაზგასმული, მე კი ვფიქრობ, რომ მთავარი მომენტი-“მიზეზი”, მაინც სხვა რამეში მდომარეობს.
    წინასწარ – მადლობთ:)

  4. burusi says:

    გმადლობთ ამ სტატიისთვის

  5. ენიგმა says:

    ძალიან კარგი სტატიებია, მაგრამ ცოტა:( წარმატებები!!!

  6. giorgi says:

    ძალიან კარგადაა განხილული პპოსტმოდერნიზმთან დაკავშირებული ასპექტები, მადლობთ🙂

  7. ძალიან კარგი წერილებია. მომეწონა.ჩემი ბლოგიც მიამატეთ თქვენს ბლოგროლს.

  8. Teona says:

    Dzalian kargi statia,Visiamovne..:)

  9. anina says:

    მომეწონა ის, რაც წავიკითხე. გამიხარდება, თუ ბლოგროლში დამამატებთ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: