პოსტმოდერნული ხელოვნების გამოწვევები

თანამედროვე ხელოვნების ყველაზე უფრო სკანდალურ და შოკისმომგვრელ ელემენტებს ერთ ძალიან ცნობილ გლობალურ მოვლენას უკავშირებენ. ამ მოვლენის, თუ დროების აღმნიშვნელი სიტყვა ხელოვნების ყველა მოყვარულისთვის კარგადაა ცნობილი_ყბადაღებული და ბუნდოვანი, სკანდალური და ‘პროგრესული’, ბოლომდე გაურკვეველი პოსტმოდერნი! რატომ ‘ბუნდოვანი და ბოლომდე გაურკვეველი’? სამწუხაროა, მაგრამ ძალიან ხშირად, მისი არსი სხვადასხვა არტისტის პირად შეხედულებებში იკარგება. ასევე, ხშირად უჭირთ მოდერნული და პოსტმოდერნული ხელოვნების ერთმანეთისგან გარჩევა. პრინციპში, ზოგიერთ შემთხვევაში, ეს მკვლევარებისთვისაც კი სერიოზული დაბრკოლებაა, თუმცა პროვოკაციული ქმედებები პოსტმოდერნის ერთ-ერთი აშკარა ინდიკატორია. მაგალითად, კარლ ანდრეს აგურების მართკუთხედი _ Equivalent VIII (1966), არტისტის ყველაზე უფრო ცნობილი და შოკისმომგვრელი ნამუშევარი. 1976 წელს, ლონდონის ტეიტ გალერეაში მან ნამდვილი აურზაური და მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მართლაც საოცარია, როცა შედიხარ მუზეუმში და ხედავ უბრალო აგურებისგან შედგენილ მართკუთხედის ფორმის ფიგურას. ის არაა რთული, ექსპრესიული, უფრო მეტიც, ის დამღლელია და მაყურებელი მისი ცქერით ადვილად მოიწყენს. ბუნებრივია, იბადება კითხვა: რა არის ამ ყველაფრის არსი? რატომ აღიქმება იგი ხელოვნებად? არის თუ არა Equivalent VIII პროვოკაცია?დიახ, პროვოკაცია ნამდვილად არის, თუმცა პროვოკაცია გამოწვეული კონკრეტული მინიმალისტური კონცეპციის გავლენით. ანდრეს აინტერესებდა ადამიანების რეაქცია. მან გააკრიტიკა ხელოვნების შესახებ დამკვიდრებული საყოველთაო, კონვენციური წარმოდგენები, ხელი შეუწყო კრიტიკულ მოსაზრებებს და შეეცადა, გამოეწვია ჩვეული პოსტმოდერნული დისკურსი. მისი აზრით, ეკვივალენტები არის ‘კომუნისტური, რადგან ფორმა ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომია’. ანდრეს თეორეტიკული ავანგარდიზმი ეჭვქვეშ აყენებს ადრეული არტის მიერ მინიჭებულ სიამოვნებებს. ამ ტრადიციას აგრძელებს თანამედროვე არტ-ნამუშევრებიც. მაგალითად, მარტინ კრიდის ცარიელი ოთახი, რომელშიც ელექტრული დენი პერიოდულად ინთება და ქვრება (სხვათა შორის, ამ ნამუშევარს ტარნერის პრიზი აქვს მიღებული). ერთი სიტყვით, პოსტმოდერნიზმის ხანაში საყოველთაოდაა მიღებული, რომ სწორედ გალერეები და მუზეუმები, როგორც ინსტიტუტები, ქმნიან ხელოვნების ნამუშევარს. მართლაც, ვიზუალური ხელოვნება შეიძლება გახდეს ნებისმიერ რამ, რასაც მუზეუმის კურატორები გვანახვებენ. შემდეგ ამას მოჰყვება მნახველის, მისი აზრით, კომპეტენტური კომენტარი და ამგვარად იდება ერთგვარი შეთანხმება, რომელიც ანიჭებს სტატუსებს, ქმნის ხელოვანებს.
მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ფრანგული ფილოსოფია და ინტელექტუალური დისკურსი პოსტმოდერნული ხელოვნების თეორიულ ბექგრაუნდად იქცა. ხელოვანებსა და მეცნიერებს შორის კავშირი არც ისე ღრმა და გავლენიანია, თუმცა იდეათა კლიმატის ცვლილებამ სერიოზული განხეთქილება წარმოშვა. მიიჩნევენ, რომ ფუნდამენტური განსხავავება სახეზეა_ ჯეიმს ჯოისის და ალან რობ-გრიიეს ნაწარმოებები ერთმანეთისგან კარდინალურად განსხვავდება, ისევე, როგორც ანრი მატისი და რობერტ რაუშენბერგი, ჟან რენუარი და ჟან-ლუკ გოდარი, ჯეიკობ ეპსტეინი და კარლ ანდრე… პოსტმოდერნისტები ცდილობენ, წაშალონ განსხავავება ‘მაღალ’ და ‘დაბალ’ ხელოვნებას შორის… ამის დასტურია მათი ნამუშევრების განზრახ პოპულარიზირება, პოპ კულტურასთან დაახლოების მცდელობა, დასავლური კულტურის დეკონსტრუქცია. სერიოზული თეორიული წინაპირობები ბევრი ავტორისათვის რეალურ დაბრკოლებებად იქცა. ისინი შემფასებლისგან მოითხოვენ პოსტმოდერნული მეტა-ენის გაცნობიერებას, ამის გარეშე ხომ კარლ ანდრეს აგურები მართლაც უზომოდ მოსაწყენია.
პოსტმოდერნული კულტურის ფემინისტური გამოწვევა ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ასპექტია. ბევრი მიიჩნევს, რომ, უპირველეს ყოვლისა, პოსტმოდერნიზმი პოლიტიკური განზომილებაა, რადგან იგი ცდილობს, ძალაუფლების იერარქიის დარღვევას. მასკულინური და ფემინური დუალობა თანამედროვე დასავლური კულტურის ქვაკუთხედია. ძნელია, იყო განსხვავებული, იმ სოციალური მოლოდინებისგან თავისუფალი, რომლებსაც ბავშვობიდან გინერგავენ. აქედან გამომდინარე, პოსტმოდერნისტი ხელოვანების უმრავლესობა ყურადღებას ამახვილებს უფრო მეტად გენდერზე, როგორც სოციალურ კონსტრუქციაზე, ვიდრე ბიოლოგიურ სქესზე, თუმცა ამ უკანასკნელის დეკონსტრუქციის მცდელობებიც მრავლად გვაქვს. საკმარისია, გავიხსენოთ მარინა აბრამოვიჩის და ულაის ცნობილი პერფორმანსი “Relation in Space” (1976). ბიოლოგიური სქესის, ადამიანის სხეულის გაურკვეველი მდგომარეობების გამოცდა პერფორმანსების ცენტრალური პრობლემაა. მთავარია, გაგვიჩნდეს კითხვა, ეჭვი, სკეპტიკური დამოკიდებულება, ადამიანის მიერ მოთხრობილი, განხორციელებული პროექტების შესახებ, ვეცადოთ, ძალაუფლების მიღწევის საშუალებების განადგურებას. მათ შორის, უმთავრესია პატრიარქალური პროექტის დეკონსტრუქცია, ანუ პრე-ოიდიპოსური მდგომარეობის დაბრუნება, ერთ-ერთი მთავარი ამოცანის მიღწევა. კაროლი შნიიმანის, ცნობილი ამერიკელი არტისტის, პერფორმანსი Interior Scroll (1975) ფემინისტური ხელოვნების ორიგინალური დასაბუთებაა_ მაგიდაზე იდგა შიშველი, ტალახით მოხატული პერფორმერი, რომელიც კითხულობდა ვაგინიდან გამოღებულ ქაღალდს. მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო დაეცვა ‘écriture feminine’, ანუ ფემინური მწერლობა. მსგავსი პროვოკაციები უფრო ფემინისტური დისკურსის განვითარების მეორე ტალღისთვის იყო დამახასიათებელი; პრობლემა დღემდე აქტუალურია, სხვადასხვა ფორმებით, თუმცა უფრო მეტად პოსტ-სტრუქტურალისტური და პოსტმოდერნული ინტერპრეტაციებით.
ახალი, ინფორმაციული ერის დამახასიათებელი გლობალური სიმპტრომი კომუნიკაციის საშუალებების განვითარებაა. მარშალ მაკლუენმა, ჯერ კიდევ 1960-იან წლებში, მომავლის მსოფლიოს ‘გლობალური სოფელი’ უწოდა. მედია აღიქმება კულტურის ფორმირებისა და გავრცელების მთავარ მიზეზად. თითქოს ეს ინფორმაციის სანდოობას უნდა იწვევდეს, თუმცა რეალურად კი პირიქით ხდება: გადაჭარბებული და დაუმოწმებელი ინფორმაციის ბუმი პარანოიულ დაეჭვებას იწვევს. ადამიანი თავს გრძნობს ისეთ გარემოში, რომელშიც ნებისმიერ პატარა ცვლილებას დიდი კატაკლიზმის გამოწვევა შეუძლია (‘პეპლის ეფექტი’). დიდ ურბანულ ცენტრებში იქმნება პოსტმოდერნული ჰიპერსივრცე, რომელიც ასახავს ჩვენი მენტალური შესაძლებლობების უუნარობას. ჩვენი ტვინებისთვის გაცილებით უფრო რთული გახდა კომპლექსურ მსოფლიო რუკაზე საკუთარი თავის ლოკალიზება. ამერიკელ ლიტერატურის კრიტიკოსს, ფრედრიკ ჯეიმსონს პოსტმოდერნული ჰიპერსივრცის მაგალითად ლოს-ანჟელესის ‘Westin Bonaventure Hotel’ მოჰყავს. ბევრი ადამიანი გრძნობს იმავეს, როცა იმყოფება ლონდონის ბარბიკან ცენტრში. ამგვარი დაბნეულობა და ‘დიდ სასტუმროში დაკარგულის’ კომპლექსი ძალიან ჰგავს მოდერნული ხელოვნების გაუცხოების, ალიენაციის თემას. ალბათ ბევრს გაახსენდება კაფკას შემოქმედება, რომელიც ადამიანის ცხოვრებას უყურებს, როგორც მუდმივ გაუცხოებასა და გაქცევას.
სტერეოტიპულობისა და ნარატიულობის ფუნდამენტური წყარო ენაა. ჯერ კიდევ რენე მაგრიტი, მიშელ ფუკოს საყვარელი ფერმწერი, ცდილობდა, ამოეხსნა ენის დაფარული კოდები. მაგრიტის ერთ-ერთი ცნობილი ნახატი_ ‘Ceci n’est pas une pipe’ (‘ეს არ არის ჩიბუხი’) ამ იდეის მარტივი დემონსტრაციაა. სურათზე ადამიანები ხედავენ ჩიბუხს, რომელიც ავტორის აზრით, სრულებითაც არ არის ის, რაც გვგონია. კონტექსტის შეცვლის ტენდენცია ნოვაცია ნამდვილად არაა, თუმცა ენობრივი სტრუქტურის დაშლა აშკარად სპეციფიკური მიმართულებაა. დაახლოებით, ამ სტილშია ჯასპერ ჯონსის Fool’s House (1962). ენის როლი პოსტმოდერნისტების აზრით სრულებითაც არაა გადაჭარბებული. ფრანგი ფილოსოფოსის, ჟაკ დერიდას თქმით, ენამ დაიპყრო ადამიანის მოღვაწეობის ყველა სფერო. აქედან გამომდინარეობს კიდევ ერთი პოსტმოდერნული პრობლემა_ აუთენტურობა და მითვისება. თუ ენამ დაიპყრო ყველაფერი და ხელოვნების დისკურსი სცდება ინდივიდის ფარგლებს, მაშინ უკვე ეჭვის ქვეშ დგება ორიგინალობის, შემოქმედებითობის, ავტორობის ცნებები. პოსტმოდერნისტები ილაშქრებენ ობიექტური რეალობის ამ განზომილების წინააღმდეგ. მათთვის არ არსებობს არანაირი ორიგინალური იდეა, ან ტექსტი, რომელიც მოწყვეტილია კონტექსტს. კონტექსტუალობა განსაზღვრავს აზროვნებას და კონკრეტულ ეპოქას. ამიტომ, უაზრობაა რამის მტკიცება მაშინ, როცა ყველაფერი წინასწარ კოდირებულია. ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა ფილმები სტრუქტურის ზეგავლენის შესახებ. მაგალითად, ძმები ვაჩოვსკების ‘მატრიცა’.
ლინგვისტურ შეზღუდვებთან დაკავშირებულია პოსტმოდერნისტების მიერ ირონიისა და იუმორის ხშირი გამოყენებაც. მომავლის სერიოზული მტკიცებები ზოგიერთისთვის უკვე წარსულს ჩაბარდა. ზოგმა ავტორმა კი თავი მინიმალიზმს შეაფარა. მოდერნიზმი ამბობდა, რომ იგი შეიცავდა დასრულებულ წინადადებებს, საჭირო იყო მხოლოდ მათი ამოკითხვა. ანტი-მოდერნიზმმა კი ამ სირთულეებს სიმარტივე და ზერელობა დაუპირისპირა. ენტონი კაროს კონსტრუქციები ამის ნათელი მაგალითია.

ისინი არ საჭიროებენ რთულ ფილოსოფიურ ძიებებს, უბრალოდ, უნდა შეხედო და მიღებული სიამოვნებით დაკმაყოფილდე. ესაა მარტივი სიამოვნება, ზედმეტი კითხვების გარეშე.
გამომდინარე იქიდან, რომ პოსტმოდერნული ხელოვნება აღიარებს მოდერნულობის მემკვიდრეობებს და მის კონტექსტს, დაპირისპირების არეალიც საკმაოდ ფართოა. ბუნებრივია, ყველა ასპექტის მიმოხილვა ძალზე რთულია, თუმცა თანამედროვე ხელოვნების მთავარი მიმართულებების დაფიქსირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დღეს ქართული კულტურა რამდენიმე მწვავე პრობლემის წინაშე დგას. ის ინარჩუნებს პრე-მოდერნულობასა და მოდერნულობას, ამავე დროს, დროის და ტექნოლოგიების ზემოქმედებით, ახალ, პოსტმოდერნულ პოზიციებსაც ითვისებს.

(c)გიორგი ცხადაია

2 Responses to პოსტმოდერნული ხელოვნების გამოწვევები

  1. GEONINI says:

    ar SeiZleba ar dageTanxmo, TiTqmis yvelaferSi, gansakuTrebit shefasebisas “ganzrax popularizacaSi”—Cemi azrit postmodernuli xelovnebis arsic zustad amaSia.aq SeiZleba mogewonos ragac oTkuTxedi, uazro qmnileba, magram is mainc Seizleba CaiTvalos xelovnebid nimuSad. ratom? Cemi azriT avtori im periodisaTvis ezebda sensacias da miaRwia kidec, man pirvelma moifiqra rom SeiZleba am namuSevarsac qononoda mowwoneba, da miaRwia kidec, radgan is iyo siaxle, axali SeTavazeba im droisaTvis pikShi miRweuli standartuli xelovneb dros rodesac sazogadoebac eZebda siaxles. esea yovelTvis, dres znelia raime Sestavazo sazogadoebas iseTi rac eseT reaqcias gamoiwvevs,axali axali da isev axli ai ras ezebs samyaro. me piradad var klasikosi mxatvrebis tayvaniscemeli magram amave dros Chemi kumiria endi verholi, romelmac eseve pirvelma Seztavaza sazogadoebas, sensaciuri namuSevrebi, romelic erti Sexedvit martivi da amave dros siRmiseuli.

    magram miuxedavat amisa mTavaria rogor gauzlebs dros es namuSevrebi, drom unda Seafasos Tu ramdenad miekuTvneba es mimdevroba xalovnabas.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: