მართლმადიდებლური ეთნონაციონალიზმი

მაისი 11, 2009

“კაცთა შორის რჩეულო! ჩემი მოხუცებულობის ოცნება იყო საკუთარი თვალით მენახა ჩვენი ხალხის სიამაყე და მსოფლიოს უდიდესი ადამიანი, მაგრამ ბედმა არ მარგუნა ეს ბედნიერება, ალბათ ამის ღირსი არა ვარ. მიიღეთ ძვირფასო იოსებ, საქართველოს ეკლესიის და მისი მეთაურის გულწრფელი მადლობა მშობელი ეკლესიის საბჭოთა კავშირში არსებული სარწმუნოებრივ ორგანიზაციათა სიაში შეყვანისათვის, ჩემი კადნიერი მამაშვილური სიყვარულის გამომხატველად მოგართმევთ ქართულ კულას წარწერით: იოსებ ქართველს, მსოფლიოში უცალღალატო ადამიანს, მაშვრალთა წინამძღვარს, მადლობით გულსავსე საქართველოს მართლმადიდებელთა მწყემსის კალისტრატე კათალიკოზ-პატრიარქისაგან.”

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე. წერილი იოსებ სტალინს. 1948 წ.

 

“საქართველოს ეკლესია მთლიანად უჭერს მხარს სსრკ მთავრობის საგარეო და საშინაო პოლიტიკურ კურსს – ასეთ დეპეშას ვაგზავნიდით ყოველთვის საახალწლოდ კრემლში.”

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. საიუბილეო გამოსვლა ოპერისა და ბალეტის თეატრში. 1997 წ.

 

“უნდა იცოდეთ, რომ ქართული იდეა ორ უმთავრეს სვეტს ეყრდნობა. ესაა სულიერი ღირებულებები (რაც გულისხმობს მართლმადიდებლურ სარწმუნოებას და მის წეს-ჩვეულებებს) და ეროვნულ-კულტურული ფასეულობები, რითაც ასე მდიდარია ჩვენი ქვეყანა. ქართულმა იდეამ რომ ხორცი შეისხას და განვითარდეს, საჭიროა გაერთიანდეს სახელმწიფოს, საზოგადოებისა და ეკლესიის ძალისხმევა.”

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. საშობაო ეპისტოლე, 2007.

 

“Нельзя говорить о Достоевском только как о религиозном мыслителе и сердцеведце. Нужно говорить о Достоевском как об огромной величине в политической философии. Ведь это он автор “русской идеи”. Владимир Соловьев о положениях “русской идеи” Достоевского говорит: “Русская идея” – это христианское преображение мира на основе истины, красоты и добра.’

Патриарх Московский и всея Руси Кирилл I

 

“Перед нами встает задача: воспитание нового типа священников; подбор и расстановка священников – дело партии.”

Константин Харчев, Председатель совета по делам религий при Совете Министров СССР

საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური ჟურნალი “კრიალოსანი” ვრცლად განმარტავს კათოლიკოს-პატრიარქის სწავლებას “ქართული იდეის” შესახებ: 
“… ქართული იდეა პატრიარქის ქადაგების მიხედვით ასე მოიაზრება: I- ღმერთი, II- სამშობლო, III- ადამიანი. ფაქტიურად, გიყვარდეს ღმერთი, შენი; გიყვარდეს სამშობლო შენი და ემსახურე მას მართლმადიდებლობით და ქრისტიანობით… ორი წლის წინ საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში შედგა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სა და სტუდენტების შეხვედრა… ძალიან საინტერესო კითხვა დასვა პატრიარქმა: რა არის ყველაზე მთავარი ჩვენი ერის გადასარჩენად? ზოგმა თქვა – მართლმადიდებლობა, ზოგმა – ეკლესიურობა, ზოგმა – სიკეთე, ღმერთისადმი სიცოცხლის მიძღვნა და ა. შ. მაგრამ, არც ერთი პასუხი პატრიარქისათვის დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდა და ბოლოს თვითონ გასცა ამ კითხვაზე პასუხი: ყველაზე მთავარია ქართველი ადამიანის გაეროვნულება ანუ გაქართველება. ე. ი. როდესაც კარგი ქართველი, ეროვნული გახდება ადამიანი, ის იქნება კარგი მართლმადიდებელი, ზნეობრივი, კეთილი, მოყვასისა და მტრის მოყვარულიც.” (კრიალოსანი, N 1 (47), იანვარი 2009. გვ.36).

პატრიარქის მიერ გავრცელებულმა რელიგიურ-ეთნონაციონალისტურმა სლოგანებმა: “საქართველო გაბრწყინდება!”, “ქართველნო, ერთად ღვთისაკენ!”, “საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია!” და სხვ. ფაქტიურად სახელმწიფოებრივი ლეგიტიმაცია შეიძინეს საქართველოში. “ზეციური საქართველოს” არსებობის შესახებ კი უკვე ყოველმა სკოლის მოსწავლემ იცის. 2009 წლის სააღდგომო ეპისტოლეში პატრიარქი მხოლოდ საგადასახადო ამნისტიის:“…ალბათ უფრო შედეგიანო იქნება საგადასახადო ამნისტიის გამოცხადება…” და დასავლეთზე პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლისაკენ კი არ მოგვიწოდებს: “ქვეყნის კეთილდღეობა დიდად არის დამოკიდებული მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობაზეც. ჩვენ მათთან, აუცილებლად, უნდა გავაღრმავოთ კავშირი, რის წინაპირობადაც უნდა იქცეს კულტურათა შორის დიალოგი; ერთმანეთის სულიერი, მეცნიერული და მატერიალური ფასეულობების წარმოჩენა ხელს შეუწყობს ჩვენს შორის არსებული სხვა საკითხების გადაწყვეტასაც”, არამედ იდეოლოგიური სახელმწიფოს შექმნას გვთავაზობს: “საერთოდ სახელმწიფო უნდა განვითარდეს და მისი იდეოლოგიის განმსაზღვრელი უნდა იყოს არა გეო-პოლიტიკური ფაქტორები, არამედ ეროვნული ინტერესები”. ფაქტიურად ჩვენ უკვე ვცხოვრობთ იდეოლოგიურ სახელმწიფოში, უბრალოდ დარჩა ამ მდგომარეობის კონსტიტუციაში დაფიქსირება. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მსოფლმხედველობას მართლმადიდებლურ-ეთნონაციონალისტური იდეოლოგია წარმოადგენს, ხოლო ამ იდეოლოგიის გამავრცელებელ ერთ-ერთ მთავარ ინსტიტუციად კი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გვევლინება.
მართლმადიდებელი ეთნონაციონალიზმის იდეოლოგიური ბაზა ერთდოულად პოლიტიკურიცაა და რელიგიურიც. ამგვარი მიმდინარეობის აღსანიშნავად გამოიყენება ორი ტერმინი: ინტეგრიზმი და ფუნდამენტალიზმი. იგი ინტეგრისტულია, რადგან ეწინააღმდეგება პლურალიზმს საზოგადოებაში და არსებობის უფლებას მხოლოდ რელიგიურ ღირებულებათა სისტემას ანიჭებს. ხოლო ფუნდამენტალისტურია იმიტომ, რომ არამარტო ეწინააღმდეგება მოდერნიზაციას და იცავს ტრადიციონალიზმს, არამედ სურს დაამარცხოს მოდერნიზმი და სეკულარიზმი, მოდერნის სოციალური ინსტრუმენტების (მედია, პოლიტიკური ინსტიტუტები და სხვ.) გამოყენებით და ააშენოს აღორძინებული და მოდიფიცირებული რელიგიურობის მქონე ახალი ტოტალიტარული საზოგადოება. ამიტომაც მართლმადიდებლური ეთნონაციონალიზმი უპირისპირდება არა მხოლოდ სეკულარულ ხელისუფლებას ან სახელმწიფოს, არამედ მთლიანად საზოგადოებას. დღეისათვის ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მთელი პოლიტიკური ცხოვრება წარმოადგენს მართლმადიდებლური ეთნონაციონალიზმის მეტ-ნაკლებად “რესპექტაბელურ” ფორმას. 

Read the rest of this entry »

Advertisements