მაგიიდან სამოქალაქო რელიგიამდე

აპრილი 7, 2009

Для меня всегда было и есть что-то глубоко омерзительное во всяком «культе», в фанатизме в любой форме, фанатизм мне кажется самой страшной, безобразной, унизительной и опасной чертой человека. Как это ни покажется странным, но он вызывает во мне прежде всего физиологическую реакцию: я чувствую всю его противоестественность, то есть противность моему естеству, сама моя природа ему противится, и весь мой организм реагирует на него легким, отдаленным позывом к тошноте. Меня начинает мутить, и тогда я знаю, что это не только отвратительно, но и противоестественно: этот пробный камень физиологической реакции еще никогда не подвел меня.

  Нина Берберова. “Курсив мой”

 

14 იანვარს, იესო ქრისტეს წინადაცვეთის სადღესასწაულო ქადაგებაში, მოსკოვის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მიტროპოლიტმა კირილე გუნდიაევმა რელიგიური რიტუალები სამხედრო აღლუმებს და სხვა სახელმწიფო ცერემონიებს შეადარა: “აღლუმი ახდენს მისი მონაწილეების მობილიზაციასა და აღზრდას” –  განაცხადა მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ. 

რიტუალი (ritualis, ritus – ლათ. რელიგიური წესი, საზეიმო ცერემონია) არის რთული სიმბოლური ქცევის ისტორიულად ჩამოყალიბებული ფორმა, ქმედებათა კოდიფიცირებული სისტემა, რომელიც გამოხატავს გარკვეულ სოციალურ და კულტურულ ურთიერთობებს, იქნება ეს კონკრეტული ღირებულებებისა და ავტორიტეტების აღიარება, სოციალურ-ნორმატიული სისტემის განმტკიცება და ა. შ. ადამიანის სტატუსის ცვლილებას ხშირად თან ახლავს რიტუალი, მაგალითად: ქორწინება, დაკრძალვა, ნათლობა და სხვ. მრავალრიცხოვანი ჯგუფების ერთობლივი ლოცვაც რიტუალით გამოიხატება: ლიტურგია, წირვა. 

თითქმის ყოველი რელიგიური დოქტრინა შეიცავს სიმბოლოების კრებულს, რომლებიც ადამიანებში პატივისცემას და მოწიწებულ შიშს იწვევს. ეს სიმბოლოები მორწმუნეთა თემის მიერ აღსრულებული  რიტუალების მნიშვნელოვანი ელემენტები არიან. მიუხედავად იმისა არის თუ არა მოცემულ რელიგიურ დოქტრინაში ღმერთის იდეა, პრაქტიკულად ყოველთვის ფიქსირდება ისეთი ობიექტები ან არსებები, რომელთა მიმართ თაყვანისცემა და მოწიწება გამოიხატება. ზოგიერთ რელიგიებს ახასიათებთ რწმენა არა პერსონიფიცირებული ღვთაებისადმი, არამედ აბსტრაქტული “ღვთიური ძალისადმი”. სხვებში კი ხდება ისეთი პერსონების თაყვანისცემა, რომლებიც ღმერთები არ არიან: მაგალითად ბუდა, კონფუციუსი.

რელიგიური რიტუალები შეიძლება იყოს ლოცვები, საგალობლები, ცეკვები, პროცესიები, გარკვეული ტიპის საკვების მიღება ან მარხვა. რიტუალური აქტები მჭიდროდაა დაკავშირებული რელიგიურ სიმბოლოებთან, ამიტომაც ისინი განიხილებიან, როგორც ყოველდღიური ცხოვრების წესებისაგან სრულიად განსხვავებულნი. ხშირად რელიგიურ რიტუალებს ადამიანები განმარტოებით ასრულებენ, მაგრამ ყველა რელიგიაში არსებობენ აქტები, რომლებშიც მორწმუნეთა მრავალრიცხოვანი ჯგუფები მონაწილეობენ. ოფიციალური ცერემონიები ტარდება სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში – ეკლესიებში ან ტაძრებში. 

მკვლევარები კოლექტიური რიტუალების არსებობას განიხილავენ, როგორც რელიგიის მაგიისაგან განსხვავების ფაქტორს, თუმცა ამ განსხვავების მკაფიოდ გამოკვეთა ყოველთვის შესაძლებელი არ არის. მაგია წარმოადგენს ქმედებებს, რომელთა მიზანია სხვადასხვა საშუალებებით (ნივთები, შელოცვები)  ღვთაებრ და ბუნების ძალებზე ზემოქმედება. მაგალითად პოლინეზიის კუნძულებზე მცხოვრები ტომები ყოველთვის ასრულებენ მრავალ მაგიურ რიტუალს ზღვაში მოგზაურობის წინ. 

ტრადიციული ტიპის საზოგადოების ცხოვრებაში რელიგიას ძირითადი ადგილი უკავია. რელიგიური სიმბოლოები და რიტუალები ხშირად ინტეგრირდება საზოგადოების კულტურაში: მუსიკა, ფერწერა, ცეკვა, ფოლკლორი და ლიტერატურა. მცირე კულტურებში არ არსებობს პროფესიონალი სამღვდელოება, თუმცა ყოველთვის მოიპოვებიან ადამიანები, რომელთა ძირითადი საქმიანობაც რელიგიური (და ხშირად მაგიური) რიტუალების აღსრულებაა. მართალია ამგვარი ადამიანების ჯგუფები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, მაგრამ ყველაზე გავრცელებულ ტიპად შეიძლება დასახელდეს შამანი. ითვლება, რომ რიტუალების აღსრულებისას შამანს შესწევს უნარი იყოს შუამავალი ადამიანსა და ზებუნებრივ ძალებს შორის.

იური ლოტმანი წერდა, რომ რიტუალი წარმოადგენს მექანიზმს, რომლის საშუალებითაც ხდება ინდივიდის თანაზიარება ჯგუფურ ხსოვნასთან. რიტუალში მთავარ როლს თამაშობს ხსოვნის ორგანიზირება, ამიტომ ის ქმნის მუდმივ ორგანიზირებად სისტემას, რომელიც მკვეთრად ზღუდავს ან საერთოდ არ ტოვებს სივრცეს ევოლუციისათვის. რიტუალი ართმევს ცალკეულ ინდივიდს ინდივიდუალური მოქმედების უნარს და აბსოლუტურად წინასწარ განსაზღვრულს ხდის ამ უკანასკნელს.

რიტუალი შეიძლება იყოს საკრალური ქმედება, რომელიც საგნებს ანიჭებს განსაკუთრებულ სიმბოლურ თვისებებს. კულტურის ფილოსოფიის ტრადიციული გაგებით რიტუალი განიხილებოდა, როგორც ჯანსაღი ტექნოლოგიური რეცეპტის ატრიბუტი, რომელიც სრულიად უმნიშვნელო იყო პრაქტიკული შედეგის მიღწევისათვის. მისი აუცილებლობა კი გამოწვეულია პოზიტიური ცოდნის დეფიციტითა და რეალური მიზეზების ყალბით შეცვლით. თუმცა, თანამედროვე ისტორიულ-კულტურული კვლევები, რომლებიც ადამიანების ქცევის სპეციფიური ტიპების რეკონსტრუქციას ახდენენ, აფიქსირებენ რიტუალურისა და პრაგმატულის ურთიერთოების ცვლილებას. არქაულ კულტურებში რიტუალი აღმოჩნდა ადამიანის ყოველდღიური შრომითი საქმიანობის საფუძველი, ადამიანური კოლექტივების ინტეგრაციისა და მთლიანობის გარანტი, ანუ სოციალური და ფსიქოლოგიურ ფუნქციების მატარებელი.  

რიტუალი აკავშირებს კოსმოლოგიას სოციალურ ორგანიზაციასთან. აგრეთვე მრავალფეროვანია რიტუალის კავშირი ეთნოსის ცხოვრებასთან. ეთნოლოგები მას სოციალური კომუნიკაციის სიმბოლურ საშუალებას უწოდებენ. Read the rest of this entry »

Advertisements