ადამიანის გაუჩინარება (მეორე ნაწილი. სისტემა)

პირველ ნაწილში გადაკვრით შევეხეთ გაგარინის და ტერორისტების თემას, თუმცა მხოლოდ ეთნიკურობის კონცეპციის გაანალიზებით ადამიანის გაუჩინარების შესწავლა ძალიან მოკლე ფოკუსში ჩაიკეტება. ამიტომ, მეორე ნაწილში მთლიანად სისტემის და ბიოინტეგრაციის იდეებზე ვისაუბრებთ.
სანამ ზოგად სისტემაში ადამიანის ჩართულობას აღვნიშნავ, შევეცდები, ერთი საინტერესო ტენდენცია გავიხსენო. ამავე დროს, არ მინდა ამ ძალიან არაიდეალისტურმა და დისკურსულმა მიგნებებმა მეტაფიზიკური ხასიათი მიიღოს, თუმცა ტონის დაბალანსება უფრო შინაარსის არაადეკვატური აღქმისგან წამოსული მოთხოვნა მგონია. ამ შემთხვევაში, საუბარია ეკოლოგიასა და ენვაირონმენტალიზმზე, რომელიც ფემინისტურ და ანტირასისტულ მოძრაობებთან ერთად, სულ უფრო მეტად პოპულარული ხდებოდა (პოლიტიკური პარტიებით დაწყებული გაიას ფილოსოფიით დამთავრებული). თუ ფემინიზმი უტევს გენდერს, ანტირასიზმი_ რასას და ეთნიკურობას, ეკოლოგიზმი ებრძვის კაპიტალისტურ-კონსუმერისტულ სისტემას, თუმცა პარადოქსულად სამწუხაროა ის, რომ თავადვე ახდენს საკუთარი მტრის იმიჯის რეკონსტრუქციას. შედეგად, მივიღეთ ისეთი, ერთი შეხედვით, კონტროვერსიული მოძრაობა, როგორიც ლიბერტარიანული თავისუფალი ბაზრის ენვაირონმენტალიზმია. ლიბერტარიანული არგუმენტი, ეკოლოგიზმის სისტემური თეორიებით გატაცებას თუ გავითვალისწინებთ, სავსებით ლოგიკურად ჟღერს: მაშინ რატომ არ ჩავრთავთ ადამიანს, როგორც სისტემის ნაწილს, ამ პროცესში და რატომ არ მივცემთ სისტემას საშუალებას განსაზღვროს მთელი ბიოსფეროს ბედი? ამგვარი მიდგომის მომავალი თავიდანვე დეტერმინირებული ჩანდა: ვერაფერს ვიზამთ, ადამიანიც სისტემის ნაწილია. ამიტომ, დროა, რომ ‘რეალობის’ (ან ‘რეალობის’ პერცეპტუალური აღქმის) გააზრებას შევუდგეთ.
ადამიანის გაუჩინარება, რომელიც მისი ტრადიციული პრედიკატების ჩამოშორებით დაიწყო, სისტემის კონცეპციის წიაღში ჩაიკეტა. ამ ეტაპზე სისტემის ეფექტით გამოწვეული სუიციდის სხვა ფორმებთან დაკავშირება გაგვიჭირდება, თუმცა მომავალში, ამ ჩახლართული მდგომარეობის გარკვევა აუცილებლად მოგვიწევს, მაგრამ იქამდე, სულ მცირე, გენდერისა და კონსერვატიზმის საკითხები უნდა მიმოვიხილოთ.
ტრანსცენდენტის ჩამოშორება და ისტორიული წარსულის უგულებელყოფაც ამერიკით დაიწყო. ბოდრიარი წერს: “ზემოთ აღნიშნული საზოგადოებების (საუბარია, დეკოლონიზაციის შედეგად გაჩენილ სოციალურ სივრცეებზე_ გ.ც.) აღმასვლა აკნინებს ისტორიული საზოგადოებების ბედს…. ჩვენ ვერასდროს დავიჭერთ მათ, და ჩვენ ვერასდროს ვიქნებით მათი მსგავსი. ჩვენ ვახდენთ მათ პაროდირებას, იმიტირებას, ორმოცდაათწლიანი ჩამორჩენით, თუმცა ამასაც კი ნაკლები წარმატებით ვახერხებთ. ჩვენ არ გვაქვს არც იმისი გამბედაობა და სიმამაცე, რასაც კულტურის ნულოვან დონეს დავარქმევდით, ან არაკულტურის ძალას. სისულელეა მათთან ადაპტაცია. სამყაროს მათეული ხედვა ყოველთვის ჩვენ მიღმა იქნება, როგორც მათთვის ევროპის ტრანსენდენტალური ისტორიული Weltanschauung დარჩება მიუღწეველი.”
იქვე აგრძელებს: ” ჩვენი პრობლემა არის ის, რომ ჩვენი მიზნები_ რევოლუცია, პროგრესი, თავისუფლება იქამდე აორთქლდა, სანამ ჩავიჭერდით, სანამ რეალობა გახდებოდა. აქედან მოდის მელანქოლიაც. ჩვენ არასოდეს გვექნება იმისი ბედი, რომ დავტკბეთ coup de théâtre-ით.
ჩვენ ვცხოვრობთ ნეგაციასა და წინააღმდეგობებში. ისინი ცხოვრობენ პარადოქსში (თუ რეალიზებული უტოპია პარადოქსული იდეაა). ”
ბოდრიარის მთლიანი ნაშრომის ციტირებას აღარ მივყვები, მით უფრო, რომ ჩვენ, ამ შემთხვევაში, მხოლოდ გარკვეული ნაწილები გვაინტერესებს და არა თავისუფლების, თუ კულტურის ვარიაციები, რომლებსაც შემდგომში განსხვავებულ ჩარჩოში მოვაქცევთ. საინტერესოა ის, რომ სისტემას ისტორია არ აქვს, რადგან ლინეარული პროგრესული განვითარება მისთვის უცხო, ან ძნელად შესამჩნევია. ყოველ შემთხვევაში, არ არსებობს ერთიანი თანმიმდევრობა, რომელიც ისეთი წერტილისკენ გაგვიძღვება, რომელიც სხვა განზომილებაში მდებარეობს. მაგალითად, ამერიკის ისტორიაში არ ყოფილა არც ერთი ცალკეული შემთხვევა (თუ არ ჩავთვლით სამოქალაქო ომს), რომელიც კონსტიტუციის, როგორც სისტემის მთავარი კოდის ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ დააყენებდა. თვით 2000 წლის ფლორიდის შემთხვევამაც კი ვერ განაპირობა კონსტიტუციური სისტემის თუნდაც ოდნავი ცვლილება. ალ გორის და ჯორჯ ბუშის პაექრობას თითქოს წინასწარვე მშვიდობიანი, ლეგიტიმური გზით მოგვარება ეწერა. შემთხვევითი არ არის ისიც, რომ პოლიტიკურ მეცნიერებაში ცნობილი სისტემური თეორიის ავტორი დეივიდ ისტონიც ამერიკელია.
სისტემა შედგება ერთმანეთთან დაკავშირებული ნაწილებისგან, რომლებიც საერთო მიზანს ემსახურებიან, თუმცა პრობლემა ის არის, რომ ეს მიზანი უმრავლეს შემთხვევაში მთლიანად დეჰუმანიზირებულია. სისტემის ამგვარმა გააზრებამ გერმანელი სოციოლოგი ზიგმუნდ ბაუმანი ჰოლოკოსტის, როგორც ვებერისეული ფორმალური რაციონალობის არაადამიანური სახის, ახლებურ აღქმამდე მიიყვანა. სისტემის ძლიერების უდავო ტრიუმფატორი ვებერისა და ბაუმანისთვის ბიუროკრატიაა, თუმცა ცოტა უფრო ზოგად სფეროზე თუ გავავრცელებთ, ამაში საბაზრო ეკონომიკის შედეგად შექმნილი მულტინაციონალური, გლობალური ორგანიზაციებიც იგულისხმება. 11 სექტემბრის ტერორისტებმა შეუტიეს არა მხოლოდ ეთნიკურობის “melting pot”-ს, არამედ სისტემას, და მის ყველაზე უფრო თვალსაჩინო სიმბოლოს_ მსოფლიო სავაჭრო ცენტრს. ეს ტრაგიკული და ბარბაროსული აქტი, საბოლოოდ, მაინც არა სისტემის, არამედ ადამიანის განადგურებით დასრულდა, თუმცა მთელი აღნიშნული პარადოქსი მაინც ერთი დისკურსის შედეგია_ სისტემის და მასზე წინააღმდეგობის, რადგან ორივე იდეა ტრადიციული ადამიანური იდენტობის გაუჩინარებაზე მიგვითითებს.
გლობალიზაციას პარალელურად მოჰყვა ისეთი თეორიების გამოჩენა, როგორიცაა, მაგალითად, ვალერსტაინის გლობალური სისტემის თეორია. ადამიანები სულ უფრო მეტად არიან მიდრეკილნი იმისკენ, რომ ახლადაღმოჩენილი სისტემა მთელს მსოფლიოზე განავრცონ. გარდა ამისა, მათ იციან ისიც, რომ გარემომცველი კოსმოსიც გარკვეული სისტემაა, გაწერილი და დაურღვეველი კანონებით. მიუხედავად ამისა, ისევე როგორც კოსმოსში, დედამიწაზე მოქმედ აქტუალურ სისტემაშიც (შეგნებულად ვარიდებ თავს ტერმინ ‘სოციალურ სისტემას’) თეორიულად მაინც არსებობს ე.წ. ‘შავი ხვრელები.’ ლინეარული აზროვნების გაქრობა აქაც ცხადია და აშკარაა: აღარავინ მიუყვება წრფის დასაბამს, ახლა უკვე სფეროს, კუბის, უჯრედის, სისტემის შიგნით ვმოძრაობთ, დასაბამსა და დასასრულს ერთმანეთთან ვკრავთ და ვაკავშირებთ.
ალბათ ბედნიერ შემთხვევას უნდა მივაწერო ისიც, რომ ამ რამდენიმე დღის წინ, როდესაც გუგენჰაიმის მუზეუმს ვეწვიე, კანადელი არტისტის ანჯელა ბულოჩის გამოფენა დამხვდა. მაურისიო კატელანთან და სხვა არტისტებთან თანამშრომლობით შეიქმნა გუგენჰაიმის არქიტექტურის შესაბამისი ჯგუფური შოუ ‘theanyspacewhatever’, რომელიც მთლიანად სივრცისა და სისტემის თემას დაეთმო. სამწუხაროდ, გუგენჰაიმში სურათების გადაღება აკრძალულია (თუმცა სურათს სხვა წყაროებიდან მაინც მოგაწვდით), მაგრამ ბულოჩის შესახებ რამდენიმე სიტყვით მოგითხრობთ: ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი ტექნიკა, რომელიც სისტემური თეორიებით დაინტერესებული არტისტის მრავალმხრივ აზროვნებაზე მიუთითებს, სხვადასხვა ტიპის ვიზუალური და მატერიალური ობიექტების გამოყენებაა, თან ეს ყველაფერი იმდენად არაკონვენციურია, რომ ზეინკლუზიურ და დეჰუმანიზირებულ სისტემის იდეას საუკეთესოდ წარმოაჩენს. ინტერაქციული მოწყობილობები, ხმა, განათება, ვიზუალიზაცია, მყარი ობიექტები, სხვადასხვა სახის და შემადგენლობის ნივთები_ ბულოჩი სისტემის ყოვლისმომცველობაზე მოგვითხრობს. მისი კრიტიკული წერტილი მაინც სოციალური ქცევის სისტემური დეტერმინაციაა. გუგენჰაიმში იდგა თვალისმომჭრელი ინსტალაცია, რომელიც განათებულ მინის წრეებზე მდგარ ავეჯის ნაწილებს მოიცავდა. განსხავებულ დონეებზე განლაგებული , სავარაუდოდ, პოტენციურად წრეზე მბრუნავი საყოფაცხოვრებო ავეჯი თანამედროვე ადამიანის მიკროკოსმოსზე მოგვითხრობს.

KUB_Carsten Hšller

Angela Bulloch, Firmamental Night Sky: Oculus 12, 2008

ბულოჩის კუბები პიკასოს კუბებისგან განსხვავდება იმით, რომ სამგანზომილებიანი, შეკრული და ყოვლისმომცველია. იგი მიიჩნევს, რომ ხელოვნების სხვადასხვა კონცეპტების თავმოყრა კუბებში შეიძლება. მისთვის კუბი, როგორც ფორმა, ასევე არქიტექტურაა. მოძრაობა მთლიანად ჩაკეტილია არქიტექტურასა და კუბებში. ამითი აიხსნება ბულოჩის გატაცება ციფრული პიქსელებით ვარირებით, რადგან ეს ყველაფერი უფრო სისტემური ლოგიკას წარმოადგენს, ვიდრე აქტუალურ მოძრაობას წრფის გასწვრივ.

თანამედროვე, არამასობრივი ხელოვნების ინტერესი კუბებითა და სისტემური ფორმებით გასაგებია. არტისტებს, როგორც ფრირაიდერებს დამთრგუნველი წინააღმდეგობის გადალახვის ან მისით მანიპულირების სურვილი ხშირად უჩნდებათ, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს მასობრივი, პოპულარული ფილმების მზარდი ინტერესიც სისტემის მიმართ. ჩემთვის ყველაზე უფრო საინტერესო ალეგორია კანადელი რეჟისორისა და სცენარისტის ვინჩენცო ნატალის ‘კუბია.’ ფილმი დასაწყისიდანვე დამაინტრიგებელი და კონცეპტუალურია, რადგან არც ერთმა პერსონაჟმა არ იცის, როგორ აღმოჩდნენ მოჯადოვებულ კუბში, რომელიც ასობით პატარა კუბური ოთახებისგან შედგება და მისგან გამოსვლა თითქმის შეუძლებელია. საინტერესოა პერსონაჟების პროფესიაც: პოლიციელი, არქიტექტორი, არტისტი და სტუდენტი. მათ ემატებათ გონებრივად ჩამორჩენილი, რომელიც იმის შემდეგ, რაც ტრადიციული იდენტობის ადამიანები იღუპებიან, საბოლოო გასასვლელში შეაბიჯებს. ფინალური სცენა მოიცავს დიალოგს კუბის ორ ტყვეს შორის, რომელთაგან ერთ-ერთი აცხადებს, რომ მოჯადოებული წრიდან გასვლა არ სურს, რადგან გარეთ მყოფი სივრცე მისთვის უცნობია, მას გარეთ არაფერი ესაქმება.

სისტემაზე შეტევის და კიბერ-ტერორისტების თემა გვხვდება ბრიულ უილისის მონაწილეობით გადაღებულ ჰოლივიდურ ფილმში “Live Free or Die Hard.” ტერმინი ‘კიბერ-ტერორიზმი’ შემთხვევით არ მოიცავს ტერორისტულ ფუძეს, რადგან ვირტუალურ სივრცეშიც, ან კასტელსი როგორც იტყოდა, ‘ინტერნეტის გალაქტიკაში’ სისტემური გავლენის დაძლევა პოტენციური ვირტუალური სუიციდის სანაცვლოდ იმავე დისკურსის ნაწილია, რომელიც ტერორისტ-კამიკაძეებსაც მოიცავს. რუსეთის მიერ ესტონეთსა და საქართველოს განხორციელებულმა კიბერ-შეტევებმა ეს საკითხი პოლიტიკურ დონეზე აქტუალური გახადა. თავდაცვის მდივან გეიტსის ცნობილ სტატიაში, ნატო-სა და აშშ-ს პრიორიტეტების ჩამონათვალში კიბერთავდაცვას ერთ-ერთი წამყვანი როლი უკავია. ისევ ლენ ვაისმანის ფილმს რომ დავუბრუნდეთ, ჰაკერული ეგალიტარულ-ანარქისტული მოდელის რამდენიმე იმპლიკაციას ადვილად შევამჩნევთ. კასტელის ინტერნეტის კულტურის კვალიფიკაციიდან ‘ტექნო-მერიტოკრატიული’ და ‘ჰაკერული’ კულტურების დაპირისპირება და კონვერგაცია ფილმში წამყვან როლს თამაშობს. ბრიუს უილისის პერსონაჟი უბრალო პოლიციელია, რომელიც სისტემური კოდებისგან დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს იღებს და ცდილობს, რომ ქვეყანა ყველაზე უფრო დრამატული სიტუაციიდან გამოიყვანოს. საქმე ის არის, რომ ტექნოელიტის გარკვეულმა ჯგუფმა ხელში ჩაიგდო მთელი ამერიკის ვირტუალური სისტემა და ქვეყნის ეკონომიკასა და ენერგეტიკას ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის. ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჰოლივუდური ‘ჰეპი ენდით’ მთავრდება, მაგრამ უილისთან ერთად ამაში წვლილი ახალგაზრდა ჰაკერ ბიჭს შეაქვს, რომელიც ‘ბოროტ ჰაკერებს’ დაუპირისპირდება და შეაჩერებს. ფილმს ჩვეულებრივი ჰოლივუდური ბლოკბასტერისგან თანამედროვე სისტემური კულტურის კრიტიკა გამოარჩევს, მაგალითად, გარკვეულ ეპიზოდში, როცა გზებზე მანქანების მოძრაობა ჩერდება, მხოლოდ უილისი ახერხებს ადეკვატურად ორიენტირებას. მახსოვს, ჩემმა მეგობარმა, რომელთან ერთადაც ამ ფილმს ვუყურე, ამ ეპიზოდზე ესეთი კომენტარი გააკეთა: ‘ეს ერთადერთი ჰყავთ ნეანდერტალელი და ეს გადაარჩენთ.’

სისტემის სიყალბეზე და ვირტუალურ რეალობაზე გადაღებული ფილმებიდან ალბათ ‘მატრიცა’ ყველაზე პოპულარულია, თუმცა ამავე დროს, ყველაზე უფრო კარგად აღქმული და მიღებული. აქაც, ცენტრალური ნეო-ს, ანუ ახალი ადამიანის, ახალი იდენტობის გაჩენის პრობლემაა. ნეო ებრძვის და აკონტროლებს სისტემას, ისევე, როგორც ბრუს უილისი და მისი მეგობარი ახალგაზრდა ჰაკერი. სისტემასთან ბრძოლის მორიგი, ცინიკურ-იუმორისტულ-პოსტმოდერნული ვერსია ჰოლივუდური ბლოკბასტერის “ბეტმენის” ახალ სერიაში გვხვდება, ცენტრალური პერსონაჟის ‘ჯოკერის’ სახით.

ვიდეოს 1:36 წუთზე ჰიტ ლეჯერის პერსონაჟი ამბობს:
” Do I really look like a guy with a plan? You know what I am? I’m a dog chasing cars. I wouldn’t know what to do with one if I caught it. You know, I just… do things. The mob has plans, the cops have plans, Gordon’s got plans. You know, they’re schemers. Schemers trying to control their little worlds. I’m not a schemer. I try to show the schemers how pathetic their attempts to control things really are. So, when I say… Ah, come here.
When I say that you and your girlfriend was nothing personal, you know that I’m telling the truth. It’s the schemers that put you where you are. You were a schemer, you had plans, and look where that got you.I just did what I do best. I took your little plan and I turned it on itself. Look what I did to this city with a few drums of gas and a couple of bullets. Hmmm? You know… You know what I’ve noticed? Nobody panics when things go “according to plan.” Even if the plan is horrifying! If, tomorrow, I tell the press that, like, a gang banger will get shot, or a truckload of soldiers will be blown up, nobody panics, because it’s all “part of the plan.” But when I say that one little old mayor will die, well then everyone loses their minds!Introduce a little anarchy. Upset the established order, and everything becomes chaos. I’m an agent of chaos. Oh, and you know the thing about chaos? It’s fair!”

“ვგავარ იმ ტიპს, რომელიც გეგმავს? იცი, მე რა ვარ? მე ვარ ძაღლი, რომელიც მისდევს მანქანებს. წარმოდგენა არ მაქვს რას ვუზამ, როცა დავიჭერ. მე მხოლოდ ვაკეთებ რაღაცებს… მაფიას აქვს გეგმები, ძაღლებს აქვთ გეგმები, გორდონს აქვს გეგმები. ისინი სქემებს ადგენენ, სქემერები არიან. სქემერები ცდილობენ თავიანთი პატარა სამყაროები გააკონტროლონ. მე სქემერი არ ვარ. მე ვცდილობ ვაჩვენო სქემერებს, თუ როგორი პათეტიკურია მოვლენების და საგნების გაკონტროლების მათი მცდელობები. როცა მე ვამბობ, რომ შენ და შენი შეყვარებული ჩემთვის არაფერი იყავით, მე სიმართლეს ვამბობ. აი, სქემერებმა კი იქ მოგათავსეს, სადაც ხარ. შენ სქემერი იყავი, შენ გქონდა გეგმები, და ნახე სად ხარ. მე ის გავაკეთე, რაც საუკეთესოდ გამომდის. მე ავიღე შენი პატარა გეგმა და ჩემს სასარგებლოც გამოვიყენე. შეხედე, რა ვუქენი ქალაქს გაზის რამდენიმე ბალონითა და რამდენიმე ტყვიით. ჰმ? იცი, რას დავაკვირდი? არავინ ვარდება პანიკაში, როცა “ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.” მაშინაც კი, როცა გეგმა საშინელია! თუ ხვალ ვეტყვი პრესას, რომ ბანდის უფროსი მოკვდება, ან ჯარისკაცებით დატვირთული მანქანა აფეთქდება, არავინ ჩავარდება პანიკაში, რადგან ეს ყველაფერი ‘გეგმის ნაწილია.’ მაგრამ როცა ვამბობ ერთი პატარა მერი მოკვდება, ყველა ჭკუიდან იშლება! შემოიტანე პატარა ანარქია. აშალე დამკვიდრებული წესრიგი, და ყველაფერი ქაოსად იქცევა. მე ქაოსის აგენტი ვარ. და იცი მთავარი რამ ქაოსის შესახებ? ის სამართლიანია!”

სამწუხარო დამთხვევაა, მაგრამ ჯოკერის როლის შემსრულებელი ჰით ლეჯერი ფილმის გადაღებიდან რამდენიმე ხანში დაიღუპა.

სისტემის გავლენისა და სუიციდის თემები თანამედროვეობაში თითქმის ერთდროულად გაჩნდა. კამიკაძეებიდან დაწყებული, ეუთანაზიის თემით დამთავრებული. ამას წინათ ერთ საოცარი ტერმინს წავაწყდი: “Suicide booth,” ანუ “სუიციდის ჯიხური.” მეტ გროუნინგის ანიმაციურ სერიალში “ფუტურამა” სუიციდის ჯიხურები ჰგავს ტელეფონის ჯიხურებს და გამოყენება ღირს 25 ცენტი.

ადამიანი, რომელმაც სისტემის რიგითი ნაწილის პოზიცია დაიკავა, თავის არარსებობას ყველაზე უფრო ნაკლები ტკივილით აღიქვამს, რადგან იგი იმპლიციტურად გრძნობს, რომ თავად სისტემის მუშაობის მექანიზმს ამით ძნელად თუ დააკლებს რამეს, პირიქით, შეიძლება დადებითი გავლენაც კი მოახდინოს. ბულოჩის პროვოკაციას, რომ ადამიანის მიკროკოსმოსის დეტერმინირებაში სისტემამ უპრეცედენტო როლი დაიკავა, უფრო მეტ აქტუალობას სძენს სექსის და პორნოინდუსტრიის თანამედროვე ფემონემენი დღეს სექსი გახდა უზარმაზარი პორნოინდუსტრიის სისტემის ნაწილი. მედია საშუალებების გავრცელებამ გამოიწვია გაუჩინარებული ადამიანის სექსის მორიგი დეჰუმანიზაცია. ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ ამერიკული პორნოინდუსტრიის მფლობელების  განცხადებით, კონგრესს მათი ბიზნესების(პორნოსისტემის) bailout-ისთვის 5 მილიარდი დოლარი უნდა მოსთხოვონ.

გიორგი ცხადაია, 8 იანვარი, 2009

2 Responses to ადამიანის გაუჩინარება (მეორე ნაწილი. სისტემა)

  1. joao says:

    kargia.zalian momewona.

  2. nikusha_marx says:

    ise suicidis jixurebi sheklis mogonilia:) ubralod futuramashi aris hamoyenebuli (snobi)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: