ქართული ვირტუალური სოციალური ქსელის მნიშვნელობა

ახლახანს გაიხსნა ქართული ვირტუალური სოციალურ ქსელი http://samegobro.ge/ , რომელიც ჯერჯერობით ბეტა ტესტირების რეჟიმშია, თუმცა იმედი მაქვს, მისი განვითარება არ შეფერხდება.

არც თუ ისე დიდი ხნის წინ, მეგობრის კრიტიკულ სტატიას წავაწყდი რუსულ სოციალურ ქსელ ‘ოდნოკლასნიკზე,’ რომელიც საქართველოში იმდენად პოპულარულია, რომ , მისი ხათრით, რამის ბრეჟნევიც დააბრუნონ… ჩემი პირველი რეაქცია იყო ის, რომ ეს ყველაფერი კულტურულ კაპიტალს უკავშირდება: ენა/ენობრივი კაპიტალი ქმნის იერარქიის გარკვეულ დონეს და პირიქით, შესაბამისად, მისი ძალაუფლების მიზნებისთვის გამოყენება ეფექტურად შეიძლება. ‘ოდნოკლასნიკი.რუ’-ც, იმპლიციტურად თუ შეგნებულად, სწორედ ამას ემსახურება.

ყოველთვის ვამაყობ, რომ საქართველოში რუსული ენის გავლენამ ისეთი კატასტროფული მასშტაბები არ მიიღო, როგორც აზერბაიჯანში და შუა აზიის რესპუბლიკებში. ამას წინათ, უკრაინელი ბენდერი შემხვდა, რომელიც ვერაფრით ვერ ავალაპარაკე რუსულად; რუსულ ენაზე, უბრალოდ, კატეგორიული უარი განაცხადა … ყოველთვის ვამაყობ იმით, რომ რუსებს საქართველოში კულტურული ანექსია არ გამოუვიდათ, სახელმწიფო და საეკლესიო განძის განადგურების, ფრესკების გადაღებვის და სხვა ვანდალიზმების მიუხედავად.

დრო იცვლება და მასთან ერთად იცვლება კომუნიკაციის საშუალებები: ადრე თუ პირველი ქართულენოვანი გაზეთის დაარსება ერის გამარჯვებად მიიჩნეოდა (თუ არ ვცდები, პირველი ქართული გაზეთი/ჟურნალი გიორგი ერისთავმა გამოსცა), დღეს უკვე აღნიშვნის ღირსი ქართული ვირტუალური სოციალური ქსელის გაშვება ხდება. გლობალურ ან რეგიონალურ მასშტაბებზე, რუსეთისგან განსხვავებით, პრეტენზია არც გვაქვს, მაგრამ 4 მილიონიანი ერისთვის საკუთარი კულტურული იდენტობის შენარჩუნება გაცილებით უფრო ძვირფასია, ვიდრე რუსული იმპერიისთვის ხანტა მანსიაში გახსნილი რუსულენოვანი სტამბა.

ენის შენარჩუნებას და კულტურულ კაპიტალს რომ თავი დავანებოთ, სოციალური კავშირების გამყარება საზოგადოების სიცოცხლისუნარიანობის უმთავრესი ინდიკატორია. ტრადიციულ საზოგადოებებში, რომლებშიც ფეოდალურ ან ურბანულ-კრიმინალურ აზროვნებას ჯერ კიდევ მყარად აქვს ფესვები გადგმული, სოციალური კავშირები, ძირითადად, კორუფციასთან, ქრთამთან, ნეპოტიზმთან და კლანურ მმართველობასთან ასოცირდება. სრულებით განსხვავებული სურათის მომსწრე გავხდი დღეს, როცა ადგილობრივ Rotary Club-ში საქართველოზე პატარა პრეზენტაცია წარმოვადგინე. სანამ კათედრასთან მიხმობდნენ, კლუბის პრეზიდენტმა მოკლედ ჩამოაყალიბა გასული თვის აქტივობები და შემდეგ მომავლის პროექტების მიმოხილვაზე გადავიდა. ყველაზე საოცარი ჩემთვის კრების დასაწყისი აღმოჩნდა, როცა ოცდამეერთე საუკუნის ადამიანები, მეთვრამეტე საუკუნეში ინგლისური სატვირთო გემით ჩამოსული პილიგრიმებივით, ჩემთვის სრულიად გაუგებარ დევიზს იმეორებდნენ, სავარაუდოდ, კლუბის კრედოდან ამოღებულ ნაწყვეტს. პრეზიდენტის საუბრის სტილი გამოირჩეოდა იმით, რომ იყო ზედმეტად ინტერაქციული, ანუ ყველა ახალ პროექტზე, კლუბის წევრებს აძლებდა უფლებას, რომ მოკლე დახასიათებები მიეცათ. როგორც ჩანს, თითოეული პროგრამას თავისი კოორდინატორი და მთავარი დამფინანსებელი ჰყავს. ერთი სიტყვით, ბიზნესმენების და პროფესიონალების კლუბი გარეგნულად ფუნქციონებდა ისე, როგორც შუა საუკუნეების მონასტერი. რაინდებისა და ჯვაროსნების ხანაში, საზოგადოებამ კარგად იცოდა, თუ რა სოციალური მნიშვნელობა ჰქონდა მონასტერს, რომლის მოდელზეც შემდეგ რაინდური ორდენები ყალიბდებოდა. საქართველოში მონასტრების სოციალურ როლზე მეტყველებს ‘გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება,’ სადაც ქვეყნის აყვავება პირდაპირ სამონასტრო ცხოვრების გაღვვივებასთან არის დაკავშირებული . შუა საუკუნეები დიდი ხანია, რაც უკან მოვიტოვეთ, თუმცა გარკვეულმა მოდელებმა ტრანსფორმაცია განიცადა და უკვე პოსტ-ინდუსტრიულ დასავლურ საზოგადოებაში თავისი ადგილი და ფუნქცია მონახა. სახელმწიფოს მიერ შემოსავლების რედისტრიბუციის ნაცვლად, ანგლო-ამერიკულ სამყაროში, მსგავსი ხასიათის საქველმოქმედო ორგანიაციები კაპიტალისტური სისტემის მორალურ მსახურს წარმოადგენს.

რატომ მოვყევი ამდენი შუა საუკუნეების მონასტრებსა და ოცდამეერთე საუკუნის Rotary Club-ზე? მინდა, ვაჩვენო, თუ როგორ იცვლება სოციალური ინსტიტუტები იმ გარემოების მიხედვით, თუ რა სჭირდება საზოგადოებას ჯანსაღი არსებობისთვის. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, შუა საუკუნეების მონასტერი თანამედროვე ბიზნეს კლუბის წინაპარია, ვინ იცის, იქნებ ასი წლის მერე, ქართული ვირტუალური სოციალური ქსელი პირველი ქართული კიბერ სამყაროს წინაპრად მიიჩნიონ… იმედია, განვითარებაში ისევ ხელი არ შეგვეშლება და მსოფლიოში არსებულ ტენდენციებს ადეკვატურად მივყვებით . ამ პროცესში კი ალბათ ჩვენც შევიტანთ მოკრძალებულ, შეიძლება, მნიშვნელოვან წვლილსაც კი. ყველაფერს კონკურენცია გვანახვებს.

კიდევ ერთხელ ვულოცავ ქართული ვირტუალური სოციალური ქსელის http://www.samegobro.ge -ის ავტორებს ამ იმედისმომცემი პროექტის გაშვებას და იმედი მაქვს, რომ ქართული ვირტუალური საზოგადოება უფრო ძლიერი და ცხოველმოქმედი (რამდენჯერმე ვცადე ტექსტში ეს სიტყვა თავიდან ამეცილებინა, მაგრამ მშვენივრად გამოხატავს სათქმელს, ლიშთოთა არქაიზმების გამოყენებაში თუ არ დამდებს ბრალს…) გახდება.

6 Responses to ქართული ვირტუალური სოციალური ქსელის მნიშვნელობა

  1. Pink Panthere says:

    არ ვიცი რამდენად გაამართელებს ეგ პროექტი.

  2. მოდუსი says:

    ჩემი აზრით, გაამართლებს, რადგან ინტერნეტმომხმარებლების გარკვეული ნაწილისთვის დავუშვათ http://www.face.ge-ის ან ondoklassniki.ru-ს ფორმატი უბრალოდ უინტერესოა; როდესაც მთელი საიტი გათვლილია იმაზე, რომ ვიღაცების სურათებს ქულებო უწერო, ბუნებრივია, რომ თინეიჯერებს უფრო მოიზიდავ, ვიდრე ადამიანებს, რომლებსაც ერთმანეთის გარეგნობის შეფასების გარდა, სხვა ინტერესებიც აქვთ. შესაბამისად, ესეთი ადამიანები აქამდე ფეისბუქზე იყრიდნენ თავს, რომელმაც ნამდვილად მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაამართლა: ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ქსელია და მხოლოდ ერთი ასაკობრივი ჯგუფით არ შემოიფარგლება, მინახავს 15-16 წლის მოზარდებიც და ჩემი ლექტორებიც. საქართველოში პრობლემას ქმნის ის, რომ ინტერნეტს არა-თინეიჯერი თაობა ნაკლებად იყენებს. ვინც აქტიურობს, ისინი ძირითადად ფორუმ.ჯი-ს მომხმარებლები არიან. ეგ ახალი სოციალური ნეტვორქიც ფორუმელების აწყობილია… და ყველაფერთან ერთად, საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს და ემიგრანტებს ძალიან დაეხმარება.

  3. ლიშთოთა says:

    ეს პროექტი არ ვიცი, მაგრამ მსგავს პროექტებს გამართლების პრობლემა არ აქვს: ასე ვთქვათ, არ ასცდება ფართო მომხარება, გარდაუვალია.
    მე მაინც და მაინც არ მჭირდება ქართული სოციალური ქსელის ონლაინ საიტი (შეიძლება ვცდები კიდეც), ფეისბუქი მირჩევნია, სადაც ყველა ერთადაა, ნაცნობ-უცნობი ქართველიც და უცხოელიც, მაგრამ ცნობისმოყვარეობა მაინც თავისას შვება, დავრეგისტრირდები (face.ge უინტერესო აღმოჩნდა).

    მოდუს, მე გამიხარდა ქართულ ინტერნეტში გათიშული გლობალის ჩართვა თუ შენს პოსტში ამაღლებული სულია?
    ისე, მოგეყოლა უფრო დაწვრილებით თავად პრეზენტაციაზე – რა თქვი, რაზე ილაარაკე, როგორ ჩაიარა და ა.შ.

  4. მიხეილ says:

    http://www.alexa.com/site/ds/top_sites?cc=GE&ts_mode=country&lang=none

    ინფარმაცია კ რაზმიშლენიუ. არა მგონია, მთელი ამ ადნაკლასნიკომაების გადმობირება ესე მარტივი იყოს. მაგრამ ერთი ნათელია – საქართველოში ინტერნეტ-სოციალური ქსელები გემაინშაფტის ფორმატში იქნება და ბევრად უფრო .. ბოდიში ინგლისურისთვის და Interconectedness დონე უფრო მაღალი იქნება ვიდრე ფეისბუქში . სხვათა შორის,რუსეთშიც ასეა, მაგალითად, ჟეჟეზე

  5. თქვენი დასახელებული ბლოგს არ ვიცნობდი და 28ში დაახლოებით იგივეს ვფიქრობდი😉
    http://khatia.blogspot.com/2008/10/blog-post_4235.html

    საიტმა შეიძლება მართლაც გაამართლოს … ყველაფერი იმაზე დამოკიდებული, რამდენად ატქაქტიულს გახდის ავტორი ქსელს. მე ფეისბუქზე ვარ და იქ საკმაოდ ბედნიერად ვარ ჯერჯერობით, ჩემთვის მშვიდად და წყნარად😉 სადაც ვცხოვრობ, იქაურები ბებია, ბაბუებიანა ფეისბუქზე არიან, ასე რომ ბ-ვიტამინისთვის, ანუ ნაცნობობის წრის შესაქმნელად მართლაც აზრი აქვს იქ დარჩენას. მაგრამ ბევრი ქართველისთვის სწორედ ასეთივე არგუმენტით, ანუ რეალური ნაცნობობის წრის გასაღრმავებლად შესაძლებელია ქართული ქსელი უფრო მომხიბვლელი იყოს. თანაც არ ვიცი რამდენად გჯერათ, მაგრამ ბევრს არ ესმის უბრალოდ ინგლისური ისე კარგად, რომ ქსელს ათასი ფუნქციით ალღო იოლად აუღოს. სწორედ ბევრმა ამიტომ დაიწყო ადნაკლასნიკებით. მერე ხათრით ხათრით მთელი საქართველო იქ აღმოჩნდა თურმე😉🙂

    თან მუსიკებს ვუსმენ, იმედია კომენტარი ასე თუ ისე მაინცაა დაწყობილი🙂

  6. პირველ რიგში დიდი მადლობა თემის ავტორს და ყველას კეთილი სურვილებისთვის. სამეგობრო.გე -სთან დაკავშირებით დიდი გეგმები გვაქვს, უბრალოდ ახლა რაც ხდება, ესაა ტესტირება. რაღაც გაუმართაობებია და დავსდევთ ფლოსტით😀 . ჰოსტი არის ამერიკული, რამოდენიმე მიზეზის გამო:
    1. ძალიან დიდი სივრცე ფაილებისთვის და ტრეფიკისთვის
    2. დაცულობა ადგილობრივი IT ბიზნეს-გარჩევებისგან და პროვაიდერული სიანცისგან
    3. ე.წ. გლობალი საქართველოში აშკარად გამოსწორების გზაზეა, ასე რომ მალე სიჩქარე პრობლემა აღარ უნდა იყოს.
    4. დიზაინი შეიცვლება ძალიან მალე და გახდება უფრო ადვილად აღქმადი და მოხერხებული, სერვისები უფრო ხელმისაწვდომი, დაემატება ახალი პლაგინები.

    ეს რაც შეეხება ტექნიკურ საკითხს, შინაარსზე, სტრატეგიაზე და ფოკუსირებაზე ვიტყვი იმას, რომ როგორც თემის ავტორმა აღნიშნა, ჩვენი აუდიტორიისთვის გვინდა უფრო შინაარსიანი სივრცე შევქმნათ გამართულ ქართულ ენაზე, ვიდრე ამას სხვა ქართული სოციალური ქსელები სთავაზობენ. მე არ მაქვს იმის ილუზია, რომ ოდნოკლასსნიკის ან ფეისბუქს აუდიტორიას “წავართმევთ”, მაგრამ იმას მაინც მივაღწევთ, რომ მრავალფუნქციონალური ქართული სოციალური ქსელი შეიქმნას, სადაც აქცენტი შინაარსზე, დინამიურობაზე, პირადი, საზოგადოებრივი და კორპორატიული ინტერესების გამოხატვაზე გაკეთდება და რომელიც ერთნაირად გასაგები იქნება ბათუმიდან, თბილისიდან და ნებისმიერი ადგილიდან შემოსული ქართულენოვანი აუდიტორიისთვის. თვითონ საიტის და სერვისის უკან დგას ჩამოყალბებული ბიზნეს-მოდელი, შესაბამისად ვრეაგირებთ ინტერნეტ-გარემოს ცვლაზე, მოთხოვნილებებზე. შეჩერებას არ ვაპირებთ, პირიქით, უახლოესი 2 წლის მანძილზე რამოდენიმე ახალი პროექტის დაწყებასაც ვაპირებთ.
    ცოტა პათოსი მიმოვაყარე, მაგრამ მგონი გამიგეთ🙂 .

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: