ადამიანის გაუჩინარება (პირველი ნაწილი. ეთნიკურობა)

ბევრჯერ თქმულა და დაწერილა თანამედროვეობის სხვადასხვა კრიზისულ ფორმებსა და მისწრაფებებზე, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, მაკლდა ის, რაც ყველაზე მეტად მაღელვებს_ ადამიანი. ამიტომ, როდესაც გადავწყვიტე, რომ ამ საკითხზე დამეწერა, უფრო თვითრეფლექიიას მივმართე. ვფიქრობ, ესე უფრო მარტივად შევძლებ, პრობლემები სხვების აღქმამდე მივიტანო.
თუ ადრე ეგონათ, რომ ღმერთი მოკვდა და სამყაროს სრულ ბატონ-პატრონად მხოლოდ ადამიანიღა დარჩა, ახლა უფრო სახიფათო და დესტრუქციული მოვლენის მომსწრენი გავხდით_ ვეღარ ვხედავთ თავად ადამიანს. ამის გააზრება თავიდან ძალიან მიჭირდა , რადგან, პრინციპში, არც ვიცოდი, თუ ესე ვფიქრობდი…უფრო სწორედ, ალბათ ამ ამბავს ძალიან ზერელედ ვუყურებდი და მის გავლენას საკუთარ თავზე ვერ ვგრძნობდი. რიტორიკა ‘ავტორის სიკვდილზე,’ სამწუხაროდ, ისეთივე ‘რეალურია,’ როგორც მისი უშუალო შედეგი _ შეტევა მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე, 2001 წლის 11 სექტემბერი….ეს უკანასკნელი, გლობალურ ტერორიზმთან ერთად, ადამიანური იდენტობის გადარჩენის ყველაზე ტრაგიკული მცდელობაა (შენიშვნა: ვითვალისწინებ თემის სპეციფიკურ შინაარსს და აქვე განვმარტავ ამ ფრაზას, გაურკვევლობები რომ არ გამოიწვიოს. იგულისხმება ეთნიკური იდენტობის გადარჩენა /ანუ იმ ტრადიციული ფორმების, რომლებიც აქამდე ადამიანის არსებას შეადგენდა/ და საბაზრო ეკონომიკის თვალსაჩინო სიმბოლოს წინააღმდეგ განხორციელებული გაუმართლებელი ბარბაროსობა, რომელიც ეპოქის ტრაგედიის მთავარი ნიშანია. დაახლოებით ის, რასაც ჰანტიგტონი ‘ცივილიზაციათა შეჯახებას’ ეძახის.). ცნობილია, რომ საბაზრო ურთიერთობები შლის ტრადიციულ სოციალურ კავშირებს და იწყებს ახალი კავშირების გამყარებას, და თანაც, გლობალიზაციის პროცესში, ეს ყველაფერი იმდენად გამჭვირვალე და მოულოდნელია, რომ თვალის დახუჭვასაც კი ვეღარ ასწრებ. 11 სექტემბრის ტერორისტები ჰგვანან ადამიანებს, რომლებსაც ეგონათ, რომ დედამიწა ბრტყელია, მაგრამ ერთხელ ინტერნეტში Google Earth ნახეს და შეეშინდათ… ადრე, როცა მაგელანმა ჩვენს პლანეტას შემოუარა და მისი სიმგვალე დაამტკიცა, ადამიანების უმრავლესობას სოფლის მღვდლის უფრო სჯეროდა, ვიდრე ვიღაც საეჭვო კაცის, რომლის ისტორიის მთელი ირონია ის არის, რომ, ფაქტობრივად, იგი იქამდე დაიღუპა, ვიდრე ესპანეთამდე ჩააღწევდა; წარმოგიდგენიათ? თავად მაგელანიც კი ვერ დარწუნდა იმაში, რაზეც მერე წიგნებში წერდნენ. ყველაფერი კი დამთავრდა მაშინ, როდესაც გაგარინმა ამ მენტალურ დავასაც წერტილი დაუსვა და ყველას დააჯერა, რომ დედამიწა მართლა მრგვალია. რა თქმა უნდა, ეს სიმბოლური დასაწყისია იმის, რაზეც ვწერ, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს გარემოება ჩვენს სოციალურ იმაჯინაციას უფრო უწყობს ხელს, ვიდრე ფანტაზიებს თოვლის დედოფალზე.
რა კავშირშია სოციალური იმაჯინაცია გაგარინთან? საბჭოთა კოსმონავტი დადგა გარდაუვალი რეალობის წინაშე, თავისი თვალით დაინახა იმის საერთო სურათი , რაც ადრე მყარი და შეუვალი მოცემულობა იყო. სიმბოლურია ისიც, რომ ლეგენდარულ გაგარინს, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის შემდეგ, ფსიქოლოგიური პრობლემები აღარ ასვენებდა… ბოლოს კი საეჭვო ვითარებაში დაიღუპა. დაახლოებით ისე, როგორც თერთმეტი სექტემბრის ტერორისტები. ეს, უბრალოდ, სახალისო დამთხვევებია, მაგრამ ყველაფრის მიზეზი მაინც ულმობელი თანამედროვეობაა.
ადამიანის გაუჩინარება დაიწყო გაგარინიდან და გრძელდება კომუნიკაციის ულტრათანამედროვე საშუალებების ხანაში. ფაქტია, რომ გარკვეულმა პროცესებმა გვიბიძგეს, ჩაგვერთო სოციალური რადარი. ეს უკანასკნელი კი არანაკლებ საშიშია, ვიდრე აშშ-ს მიერ პოლონეთსა და ჩეხეთში ანტი-სარაკეტო სისტემების და რადარების შესაძლო განთავსება… საშიშია იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არიან ძალები, რომლებისთვისაც თანამედროვეობა კატასტროფულად მტკივნეული და დესტრუქციულია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რუსეთის დღევანდელი იმპერია თანამედროვეობის ისეთივე უშუალო პროდუქტია, როგორც ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ჯერ კიდევ ფსევდო პოსტ-რასობრივი სამყაროს ახალი სიმბოლო. მეორე მხარეს კი დგას ტრადიციული კონსერვატორული პასუხი, რომელზეც ამ მეორე ნაწილში ვისაუბრებთ, როდესაც 80-იანი წლების ირან-რეიგან-თეტჩერის ეპოქას და შესაძლო გაგრძელებებს განვიხილავთ. რესპუბლიკელი კანდიდატის, ჯონ მაკკეინისთვის თანამედროვეობით შოკირებული ადამიანების ანესთეზიის ერთადერთი საშუალება ტრადიციული კონტროლის გამყარება და ამავე დროს, საბაზრო მექანიზმების თავის ნებაზე მიშვებაა. ერთი შეხედვით პარადოქსულია, მაგრამ ფაქტია, რომ ორივე ფილოსოფია ზომიერი და, ამავე დროს, მიმდინარე პროცესების მხარდამჭერია. ეს უფრო იმპლიციტურ დონეზე მუშაობს, ვიდრე ბინ ლადენის გამოსვლები, მაგრამ ჩემნაირი რადიკალი ლიბერტარიანელისთვის, ამერიკული სტრატეგია უფრო რაციონალური და მოქნილია, ვიდრე ეკონომიკური და სოციალური, ანუ ორმაგი ინდივიდუალიზმის შიშველი გამოცხადება. სწორედ ამ უკანასკნელის დემონსტრირებას ვაპირებ, იმიტომ, რომ იდეოლოგიური მარწუხებისგან დროებით მაინც თავისუფალი და დამოუკიდებელი ვარ.
თანამედროვე სამყაროს ყველაზე დიდი პრობლემა ეთნიკურობის და ნაციონალიზმის პრობლემებს უკავშირდება. 80-იან წლებში ევროპარლამენტარები ე.წ. ‘ნიანგის კლუბში’ იკრიბებოდნენ და მსჯელობდნენ იმაზე, თუ როგორ გაექროთ ნაციონალიზმი. შემდეგ საბჭოთა კავშირი დაიშალა და ევროკავშირმა მაასტრიხტის შელშეკრულებით, ყველაზე რადიკალური წერტილისკენ მოძრაობა სრული სვლით განაგრძო. 2008 წლის 8 აგვისტოს კი გაგიჟებული იმპერიის მიერ პატარა საქართველოს დაჩაგვრა მთელი მსოფლიოსთვის უპრეცედენტო გამოწვევად იქცა, როგორც ჯორჯ ფრიდმანი სამართლიანად აღნიშნავს, ‘დოუ ჯონსის’ კრიზისთან ერთად, 8 აგვისტომ კვლავ აქტუალური გახადა ზერელედ მივიწყებული იდეა _ ერი-სახელმწიფო. საოცარია, მაგრამ ვერავინ ამჩნევდა აშკარა კონტროვერსიას_ აქამდე ერთმანეთის პირისპირ იდგა ორი მოდერნული იდეა: ეთნიკური თვითგამორკვევა და ერი-სახელმწიფო. ვერავინ ამჩნევდა, რომ თურქეთის მთავრობის მიერ ქურთული სეპარატიზმის ჩახშობა, ან რუსეთის მიერ ჩეჩნეთში განხორციელებული მასობრივი მკვლელობები ამ ორი რადიკალურად განსხვავებული იდეის საშინელი, თუმცა აუცილებელი რეპრეზენტაცია იყო. ევროკავშირს ხშირად ერთადერთ პოსტმოდერნულ პოლიტიკურ ფორმას უწოდებდნენ, თუმცა უკანასკნელ ხანებში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ გააძლიერა აშშ-ს იდეა, ქვეყნის, რომელმაც ეთნიკური პრობლემები უკვე დაამარცხა, ახლა კი ძალას იკრებს და მოდერნის ბოლო ნაშთს_ რასასაც უტევს. 4 ნოემბერს ამერიკამ მთელს მსოფლიოს დაანახვა, რომ ჯერ კიდევ შესწევს ძალა იყოს პროგრესის ერთადერთი ფლაგმანი.
ნაციონალიზმის იდეა სათავეს საფრანგეთის დიდი რევოლუციიდან იღებს, რომელსაც მოჰყვა ევროპაში ყველაზე დიდი, ნაპოლეონის არმიის შექმნა და დანარჩენი მსოფლიოს დამორჩილების წარუმატებელი მცდელობა. ეს, შეიძლება ითქვას, რომ გერმანული ნაციზმის პრეისტორიაა. მეორე გარდატეხა განხორციელდა 1917 წელს, როდესაც ‘ავანგარდული’ პარტიის მესვეურებმა დაამხეს ფეოდალი და გამოაცხადეს, რომ ძალაუფლებას ხალხს (პროლეტარიატს) ანიჭებდნენ. ორივე შემთხვევაში, მოხდა ძალაუფლების გადაცემა, რომელსაც მოჰყვა იმპერიის შექმნა და იდენტობების რადიკალური ცვლილება. რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირის შემთხვევაში, მასების გააქტიურებამ ბუნებრივად გამოიწვია ნაციონალიზმის დანერგვაც და შედეგად მივიღეთ განსაკუთრებით მაღალი ეროვნული მგრძნობელობა, არა მხოლოდ, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, არამედ პატარა ავტონომიურ ოლქებშიც კი, ისეთში, როგორიც აფხაზეთი, ოსეთი, ჩეჩნეთი და კოსოვოა. აქედან დასკვნა: ერი-სახელმწიფოს შექმნამ მსოფლიოს გაუჩინა ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გადაუჭრელი პრობლემა_ ნაციონალიზმი და ეროვნული თვითგამორკვევა. თუმცა საფრანგეთის დიდი რევოლუციის პარალელურად მიმდინარეობდა პროცესი, რომელმაც შემდგომ შეიძინა მსოფლიოს შეცვლის არნახული პოტენციალი_ იქმნებოდა ამერიკის შეერთებული შტატები, ერთობა, რომელიც, თანდათანობით, ამკვიდრებდა იდენტობის სრულიად ახალ ფორმას. ამერიკის შემთხვევაში, მოხდა იქამდე არნახული ტრანსფორმაცია_ევროპიდან ახლადგამოჩეკილი ნაციონალისტები ჩადიოდნენ ახალ მიწაზე და ისევე სწრაფად კარგავდნენ იდენტობას, როგორც ცოტა ხნის წინ შეიძინეს. ახალი სახელმწიფოს დევიზი გახდა ადამიანის უფლებები და ინდივიდუალიზმი, ეთნიკური ძირების სრული უგულებელყოფით. შესაბამისად, ამას მოჰყვა მსოფლიოში უნიკალური პოლიტიკური და სამოქალაქო კულტურის ჩამოყალიბება, რამაც თანამედროვე ამერიკამდე მიგვიყვანა. ამერიკაში ჩამოდიოდნენ ევროპელი ემიგრანტები, რომლებიც ხვდებოდნენ, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში, გადარჩენის ერთადერთი გზა ეთნიკური კავშირების გარღვევა და სოციალური მობილობა იყო. ისინი ხდებოდნენ ამერიკელები. ევროპული ნაციონალიზმისგან განსხვავებით, ამერიკაში არ სჯეროდათ ისტორიის, ენის და კულტურული ერთიანობის; სჯეროდათ მხოლოდ ინდივიდის უფლებებისა და თავისუფლებების. მეორე თაობის ემიგრანტი კალიფორნელიისთვის არ არსებობდა არანაირი საფუძველი იმისა, რომ ნაციონალიზმზე ეფიქრა. მან იცოდა, რომ ნაციიდ ჩამოყალიბების ერთადერთი პირობა ადამიანური შეთანხმება იყო. ამერიკელს თითქოს არ აწუხებდა არც ნაცისტი გერმანელის და არც რუსი პროლეტარის პრობლემები, რადგან იგი უკვე ხედავდა იმას, რაც გაგარინმა 1961 წელს დაინახვა_ გიგანტურ კონსტრუქციას, რომელშიც ვცხოვრობთ. ამერიკელი ხედავდა საზოგადოებას და მის ძალას, თუ როგორ იქმნება იდენტობა და როგორ ხდება მისი ტრანსფორმირება, მაგრამ იგი მაინც ჯიუტად აგრძელებდა ძველი ფორმების დაცვას… ცვლილებები დაიწყო 1964 წლის სამოქალაქო უფლებების აქტით, რომელიც ჯონ ფიტჯერალდ კენედიმ მარტინ ლუთერ კინგის და სხვა სამოქალაქო აქტივისტების მოღვაწეობის შედეგად ამერიკას წარუდგინა. ერთმანეთის ჯაჭვის რეაქციით მიჰყვა ფემინიზმი, ანტირასიზმი და ის პოსტმატერიალური ღირებულებები, რომელიც დასავლეთმა აქტუალური გახადა.2008 წელს კი ერთდროულად იფეთქა თანამედროვეობის ლოგიკურმა გაგრძელებამ და მასზე მომართულმა წინააღმდეგობამ…
ამერიკანიზაცია და გლობალიზაცია წარიმართა ორი ურთიერთმხარდამჭერი ძალით: საბაზრო ეკონომიკით და მისი კულტურული კონტექსტით. აქედან, პირველი მათგანი შესანიშნავად ადაპტირდა ადგილობრივ კულტურებში, მეორე მათგანს კი დახვდა ჯერ კიდევ შემორჩენილი წინააღმდეგობა_ ეთნოცენტრიზმი და ნაციონალიზმი. მსოფლიო ისევე ხედავდა ამერიკას, როგორც გაგარინი დედამიწას. მსოფლიო ხედავდა, თუ როგორ რჩებოდა ადამიანის გარეშე. ბოდრიარი მოგზაურობდა ამერიკაში და ამბობდა, რომ თანამედროვეობა განწირულია კატასტროფისთვის…. იგი უყურებდა სისტემას და მისი სიკაშკაშე ანიჭებდა უდიდეს ტკივილს, რომელსაც, სავარაუდოდ, უფრო ღრმა კონცეპტუალურ დონეზე განიცდიდა, ვიდრე ოსამა ბინ ლადენი, თუმცა ამ უკანასკნელისთვის სოციალური ტრანსფორმაციის გაანალიზება გაცილებით უფრო ძნელად მისაღწევი ამოცანაა, ვიდრე მიღებულ ტკივილზე კონცენტრირება. ამიტომ, მისი პასუხიც ისეთივე უხეში, ნაივური და საშიში გამოვიდა, როგორც რუსეთის ბოლოდროინდელი გამოხდომა.
ადამიანისთვის, რომლისთვისაც პრობლემა დღესავით ნათელია და მისი გაანალიზებაც თითქმის დამთავრებული, ერთადერთი პასუხი მასზე საუბარია, რადგან სხვა ყველაფერი, უბრალოდ, არარაციონალურია. თუმცა ადამიანების უმრავლესობა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჰგავს პლატონის გამოქვაბულის მცხოვრებლებს, რომლებმაც ბორკილები მოიხსნეს და ცეცხლისკენ მიიწევენ, თუმცა, შემდეგ ზოგიერთმა გზაში აღმოაჩინა, რომ ეს ცეცხლი თურმე თავადვე დაუნთია… სხვები კი, ბორკილების მოხსნით და გარდაუვალი მოქმედებით განრისხებულები, სასოწარკვეთას მიეცნენ და დანარჩენებს ხოცავენ, თითქოს ამით ამტკიცებენ, რომ ბორკილებქვეშ უფრო სანდოდ გრძნობდნენ თავს, ვიდრე ღია გამოქვაბულში, რომელსაც მაინც ვერასდროს დააღწევენ თავს.
ისევ კონკრეტიკას და ეთნიკურობის საკითხს დავუბრუნდეთ: დღეს ვიცით, რომ, როგორც ერთმა მოსწრებულად აღნიშნა, Ethnicity is ‘a group of people united by a common error about their ancestry and a common dislike of their neighbors.’ და ეს ცოდნა ჩვენი დისკურსის პირდაპირი შედეგია… იმ დისკურსის, რომელმაც ადამიანის გამოცდილების და სიცოცხლის შესწავლით დაიწყო და ბოლოს სისტემის ულმობელ და მოსაწყენ ანალიზამდე დავიდა. ამერიკაში გავაანალიზე, რომ ვარ ქართველი, იმიტომ, რომ დავიბადე საქართველოში, ჩემი მშობლიური ენა ქართულია და თავს ქართველად მივიჩნევ, რაზეც მეგობრისგან უცენზურო, თუმცა, ჩემი აზრით, მოსწრებული კომენტარი მივიღე, რომელიც შინაარსობრივად ესე ჟღერდა: ‘შენ ხომ არ გააფრინე?’
ამ დროს ვიღაცას სურვილი უჩნდება, რომ იყოს ნეო და ამ ყველაფერს თვითონ აკონტროლებდეს (კიდევ ერთი საოცარი დამთხვევა_ ფილმის ერთ-ერთმა რეჟისორმა სქესი გადაიკეთა), თუმცა დანგრეული სამყაროს რეალობა თვითონ ნეოსთვისაც კი დამთრგუნველია . ერთმა მეგობარმა ამას წინათ მითხრა, ხანდახან ვფიქრობ, რომ იესო ქრისტე, მუჰამედი და ბუდა უცხოპლანეტელები იყვნენ, რომელიც შორეული გალაკტიკის ერთ-ერთი უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდნენ და ჩვენზე ექსპერიმენტებს ატარებდნენო… წარმოვიდგინე, როგორ ხარხარებდა ფუკო, გამოგონილ არსებებზე ჩინური ენციკლოპედია რომ წაიკითხა… და დაახლოებით, მივხვდი, თუ რას გრძნობდა…

გიორგი ცხადაია (მოდუსი), 2008 წლის 10 ნოემბერი

10 Responses to ადამიანის გაუჩინარება (პირველი ნაწილი. ეთნიკურობა)

  1. nemorez says:

    ai es rom wavikiTxe – “შეტევა მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე, 2001 წლის 11 სექტემბერი….ეს უკანასკნელი, გლობალურ ტერორიზმთან ერთად, ადამიანური იდენტობის გადარჩენის ყველაზე ტრაგიკული მცდელობაა.” – iq Sevwyvite kiTxva🙂

  2. მოდუსი says:

    ნემორეზ, მეც ვიფიქრე მაგაზე, რომ, სამწუხაროდ, მაგ სიტყვებს პირდაპირ გაიგებდნენ, მაგრამ მაინც არ დავაკონკრეტე. მოკლედ, ჯერ აქ დავაკომენტებ მაშინ და მერე შეიძლება ესსეშიც ჩავასწორო (გავითვალისწინებ იმას, რომ ძალიან სენსიტიური თემაა): იგულისხმება ეთნიკური იდენტობის გადარჩენა (ანუ იმ ტრადიციული ფორმების, რომლებიც აქამდე ადამიანის არსებას შეადგენდა) და საბაზრო ეკონომიკის თვალსაჩინო სიმბოლოს წინააღმდეგ განხორციელებული გაუმართლებელი ბარბაროსობა, რომელიც ეპოქის მთავარი ტრაგედიის ნიშანია.

  3. ლიშთოთა says:

    არა, მე მომეწონა და ვეთანხმები ამ ფორმულირებას (თუ სწორად გავიგე საერთოდ)

    პ.ს. მოდუს, რა ამბავია ამდენი ბარბარიზმი?

  4. მოდუსი says:

    აქ ერთი კომენტარი წავშალე. მიზეზი: ნაციონალიზმი სად იღებს სათავეს, ეს შეგიძლიათ სხვა ადგილას გაარჩიოთ. ოღონდ ჯერ ნაციონალიზმში რა იგულისხმება, ეგ უნდა გაარკვიოთ.

    განმარტება: ‘ნაციონალიზმში’ იგულისხმება იდეოლოგია და სოციალური მოძრაობა, რომელიც მე-18 საუკუნის ევროპაში წარმოიშვა. ამაზე თითქმის ყველა მეცნიერი თანხმდება. ამიტომ, ნებისმიერი კომენტარი მსგავს საკითხზე ცალკე მსჯელობის საგანია, ისევე, როგორც შემდეგ სახის კომენტარი: მართლა გაფრინდა თუ არა გაგარინი კოსმოსში?

    პ.ს. ამას რომ თავი დავანებოთ, ამ საკითხზე, მე მგონი, ფორუმზე ვიმსჯელეთ აღნიშნულ სუბიექტთან ერთად და, სამწუხაროდ, ყოველგვარი შედეგის გარეშე. აქედან გამომდინარე, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ზოგადი ხასიათის ამ ესსეზე გაკეთებულ პატარა კომენტარებს რაიმე შედეგი მოჰყვეს. ამავე ბლოგზე არის Kid -ის და ლიშთოთას რამდენიმე სტატია, რომელიც ნაციონალიზმის თემას ეხება.

    მაგალითად, Kid-ის პოსტი ამავე ბლოგზე _’ქართველი ერის წარმოშობა.’

  5. მემგონი ყველაფერი წავიკითხე რაც ოდესმე ნაციონალიზმზე დაუწერიათ… და მაინც, ვინმე ამიხსნის რა არის “ნაციონალიზმიიიიიი”…😦

  6. onavara says:

    gagikvirdebat albat … shemovikhede, gamikharda da tsavedi … KHochag tqven ….

  7. Dodi says:

    b.e.t.t.y_blue – ნაციონალიზმი მოიფიქრეს რობესპიერმა და ჟან-ჟაკ რუსომ🙂 მანამდე არ არსებობდა საერთოდ🙂 და ამათმაც განმარტება არავის უთხრეს მარტო ერთმა იცის საიდუმლო დოკუმენტებიდან, მოვა და გეტყვის🙂

    პ.ს. ლიშთოთამაც შეიძლება იცოდეს, მარა აქამდე არ ამხელდა და რე ვიცი, რე ვიცი🙂

  8. 2kija says:

    eri an misi msgavsi ram (subnacia da a.sh daje am dayofashi sheidzleba shevitanot ama tu im ubnis tsarmomadgnelebi, magalitad ghetoelebi da a.sh :d) chemi azrit yvela variantshi tsarmoiqmneba, amas itsvevs bunebrivi, kulturuli da sxva saxis pirobebi romlebic ayalibeben am gaertianebashi monatsile adamiantatvis damaxasiatebel chacmulobas, tses chveulebebs, gamarjobis tqmis formasac ki. mosazreba rom amerikeli eri ar arsebobs chemi azrit araa stsori. ethnologiashi da msgavs mecnierebebshi kargad verr vervevi mara chems mier tsamoyenebuli dayofis sqemis mixedvit xshirad naxmari terminitermini”american people” igebs eris sinonimis funqcias. erti gansxvavebit, rom amerikul sazogadoebashi ntegracia dzalian advilia evropulisgan gansxvavebit

    roca erovnuloba iqceva ideologiad, es ukve katastrofaa imho

  9. მოდუსი says:

    2kij
    amerikis shemtxvevashi, nacionaluria ara tradiciuli gagebit, anu saerto warmoshobis ar sjerat. sul sxva momentia: amerikelebi arian imitom, rom shetanxmdnen. nacionalizmi chveni diskursis nawilia, iseve, rogorc liberalizmi. es ori ideologia titqmis ertdroulad warmoishva, socializmtan ertad.

  10. Shalvari says:

    ეროვნულოვა ავტომატურად იდელოლოგიაა და რავიცი.. კატასტროფაა თუ არა, გემოვნების ამბავია🙂

    ავტორს: აპადურაი არჯუნი წავიკითხე ამასწინებზედ და კაკ რაზ მსგავსი თემატიკაა. იქნებ გამოგადგეს.

    Disjuncture and Difference in the Global Cultural Economy.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: