ჰეინერ ბიელეფელდტი (Heiner Bielefeldt) – რელიგიის თავისუფლება: საბოლოო კრიტერიუმი?

საზოგადოების ინტერესი რელიგიის, როგორც ნოსტალგიის, ცნობისმოყვარეობის, თუ უსაფრთხოების ობიექტის მიმართ, უკანაკნელ წლებში უდავოდ გაიზარდა. რელიგიის თავისუფლებიც თემაც იმავე პროპორციით დაბრუნდა საჯარო დისკუსიების ცენტრში. თუმცა, იდეა იმის შესახებ, რომ რელიგიის თავისუფლება ადამიანის ხელშეუხებელი უფლებაა, პრინციპულად საყოველთაოდ აღიარებული რჩება ევროპის ქვეყნებში. ამიტომ ძალზედ მკაფოიდ ისმება კითხვა: ვის შეუძლია თავისთვის მოითხოვოს რელიგიის თავისუფლება, კონკრეტულად რას იცავს ეს თავისუფლება და ზუსტად სად გადის რელიგიის თავისუფლების საზღვრები. ე. წ. “ფსიქო-სექტების”, ნეო-წარმართული კულტების და ფუნდამენტალისტური მოძრაობების ადეპტებს შეიძლება ჰქონდეთ პრეტენზია მათი რელიგიური თავისუფლების აღიარებაზე? შეიძლება მუეძინის შეძახილი იურიდიულად ქრისტიანული ეკლესიების ზარების რეკვის ტოლფასად ჩაითვალოს, თუ უნდა განვასხვავოდ საზოგადოების რელიგიური უმრავლესობისა და უმცირესობის ინტერესები? რელიგიის თავისუფლების გამო, შეუძლიათ მშობლებს უარი თქვან მათი ბავშვების გარკვეული ტიპის სამედიცინო მკურნალობაზე?
ბოლო პერიოდში, გერმანიაში, განსაკუთრებით მწვავე დებატები გამოიწვია პრობლემამ აქვთ თუ არა მუსლიმ მასწავლებელ ქალებს, საჯარო სკოლებში, მუსლიმური თავშალის ტარების უფლება. ადგილობრივი (ფედერალური მიწების) კანონმდებლობის ამ თემასთან დაკავშირებული მრავალი ნორმის კრიტიკა ხდება რელიგიის თავისუფლების პოზიციიდან. აგრეთვე მნიშვნელოვან როლს თამაშობს რელიგიის თავისუფლება სკოლაში რელიგიების კონფესიურ წავლებასთან დაკავშირებულ დებატებში: შენარჩუნებული უნდა იქნეს ამგვარი სწავლება საჯარო სკოლებში, თუ არაკონფესიური ფასეულობების სწავლებით შეიცვალოს?
დიდ სიახლეს არ წარმოადგენს, რომ რელიგიის თავისუფლება დაპირისპირებებს იწვევს. როგორც ადამიანის უფლება, ის თავიდანვე საკამათო იყო. ქრისტიანული ეკლესიებიც დიდხანს სიფრთხილით ეკიდებოდნენ რელიგიის თავისუფლებას, ზოგჯერ კი მძაფრად ეწინააღმდეგებოდნენ მას. რომის პაპების მრავალჯერადი დაგმობის, განსაკუთრებით კი პიუს IX-ს მიერ 1864 წელს, ანტიმოდერნისტული ცდომილებათა სილაბუსის (Syllabus errorum) გამოცემის მიზეზი იყო იმის შიში, რომ რელიგიის თავისუფლება გზას გაუხსნიდა რელიგიურ ინდიფერენტიზმს, ქრისტიანობის სოციალურ მარგინალიზაციას და ათეიზმს. მხოლოდ ნაციონალ-სოციალიზმის და სხვა სახელმწიფოებრივი ტოტალიტარიზმების გამოცდილების შემდეგ დამკვიდრდა კათოლიციზმში ის იდეა, რომ სწორედაც მორწმუნეთა უფლებების დასაცავადაა აუცილებელი რელიგიის თავისუფლება. ორმოცი წლის წინ, ვატიკანის მეორე საეკლესიო კრების დეკლარაციით ადამიანის ღირსება (Dignitatis humanae), დაიწყო კათოლიკეთა მიერ რელიგიის თავისუფლების აღიარება.
იმ ქვეყნებში, სადაც ძლიერია მართლმადიდებელი ეკლესიების გავლენა დღემდე არსებობენ რელიგიის თავისუფლების შემზღუდავი კონცეპციები: მაგალითად ეს სახელმწიფოები მკაცრ სამართლებრივ საზღვრებს უწესებენ მისიონერულ მოღვაწეობას. სულ ახლახანს, საბერძნეთში დააპატიმრეს იეჰოვას მოწმე. გაცილებით მძიმე მდგომარეობაა ისეთ კონსერვატიულ ისლამურ სახელმწიფოებში, როგორებიც არიან საუდის არაბეთი, ირანი ან მავრიტანია. იქ ისლამის “დატევებამ”, შეიძლება სიკვდილით დასჯაც კი გამოიწვიოს. XIX საუკუნეში, ირანში წარმოშობილი პოსტ-ისლამური რელიგიის, ბაჰაის მიდევრების მდგომარეობა მძაფრად დრამატულია. ისინი, განსაკუთებით ირანში, ოფიციალურად იდევნებიან და საშინელი სოციალური დისკრიმინაციის ქვეშ იმყოფებიან. რელიგიის თავისუფლების და კონკრეტულად მუსლიმის მიერ რწმენის შეცვლის უფლების აღიარება, ისლამის წიაღში რეფორმების გარშემო ამჟამად მიმდინარე მწვავე დებატების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.
შეცდომა იქნებოდა ზოგიერთივით გვეფიქრა, რომ რელიგიის თავისუფლების მიმართ უნდობლობა, მხოლოდ მონოთეისტურად წოდებული რელიგიების კონტექსტში არსებობს. ინდუიზმისა და ბუდიზმის მრავალი ადეპტი შიშობს, რომ რელიგიის თავისუფლების მიერ დამკვიდრებული რელიგიური პლურალიზმი, ეჭვის ქვეშ დააყენებს მათ საკუთარ ტრადიციებს და სოციალურ მშვიდობას დაემუქრება. ჩინეთში, პოლიტიკური კონტროლის მიზნით, სახელმწიფო ახორციელებს იმ რელიგიური ჯგუფების დევნას, რომლებსაც არ სურთ მის ზედამხედველობის ქვეშ ყოფნა. მოკლედ, ადგილი აქვს რელიგიის თავისუფლებისადმი წინააღმდეგობას და მისი ნორმების დარღვევას სხვადასხვა რელიგიური, პოლიტიკური თუ იდეოლიგური მოტივაციით. ისტორიული თვალთახედვით, წარსულში, რელიგიის თავისუფლებამ მრავალი შიში გამოიწვია, ცხადია, რომ იგი დღესაც მრავალს აშფოთებს. რადგან რეალურად, იგი აბსოლუტურად რევოლუციური გადატრიალებაა სახელმწიფოსა და რელიგიური ორგანიზაციების ურთიერთობაში. პარადიგმის ცვლილება შემდეგში მდგომარეობს: ამიერიდან რელიგიური შეხედულებების და ორიენტაციის, ცხოვრებაში რელიგიური ქცევების საკითხები, აღარ ექვემდებარება სახელმწიფოს კონტროლს და მთლიანად მიეკუთვნება პასუხისმგებლობის უნარის მქონე ადამიანების თავისუფლების სფეროს. ამ ღონისძიებამ თავისი შედეგები მოუტანა როგორც რელიგიური ორგანიზაციებს, ასევე სახელმწიფოს. რელიგიურ ორგანიზაციებს არ შეუძლიათ გამოიყენონ სახელმწიფოს ძალა, რათა გაუსწორდნენ დისიდენტებს საკუთარ წიაღში და დისტანციაზე ამყოფონ კონკურენტი კონფესიები, მით უმეტეს სახელმწიფოს არა აქვს უფლება, გამოიყენოს რელიგია საკუთარი ლეგიტიმაციის წყაროდ ან პოლიტიკური ინტეგრაციის საშუალებად. ამიტომ, სახელმწიფოს, საზოგადოებისა და რელიგიური ორგანიზაციებისათვის, რელიგიის თავისუფლება ერთნაირ გამოწვევას წარმოადგენს.

რელიგიის თავისუფლება და ტოლერანტობა

სახელმწიფოსა და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობის პარადიგმის ცვლილება მინიმიზირებულია მაშინ, როდესაც რელიგიის თავისუფლება რელიგიურ ტოლერანტობასთან არის გაიგივებული – ეს კი ხშირად ხდება. მაგალითად, მუსლიმი ავტორები ხშირად აღნიშნავენ, რომ რელიგიის თავისუფლების იდეა ისლამისათვის არაა ახალი, რადგან ებრაელები, ქრისტიანები და მუსლიმები, მშვიდობიანათ თანაცხოვრობდნენ ისლამის დომონირების ქვეშ შუასაუკუნეების ესპანეთსა თუ ოტომანთა იმპერიაში. ისტორიულად, ისლამურ ქვეყნებში ტოლერანტობის ტრადიციულ პრაქტიკას, შუასაუკუნეების ქრისტიანულ საზოგადოებებთან და თანამედროვე ეპოქის პირველ პერიოდთან შედარებით, მრავალი დადებითი თვისება ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ასეთი ტოლერანტობა არსობრივად განსხვავდება ადამიანის უფლებებიდან გამომდინარე რელიგიის თავისუფლებისაგან. მართალია ისლამური სახელმწიფო თანაარსებობდა ზოგიერთ რელიგიურ უმცირესობასთან, მაგრამ მას აგრეთვე გააჩნდა მისია დაეცვა ჭეშმარიტი რელიგიის გაბატონებული მდგომარეობა. რელიგიის შეცვლა მხოლოდ ერთი მიმართულებით შეიძლებოდა, შერეული ქორწინებები მკაცრად იყო შეზღუდული, ხოლო ისეთი სამოქალაქო სტატუსის იდეა, რომელიც ყველა რელიგიას ერთნაირ უფლებებს მიანიჭებდა, აბსოლუტურად უცნობი იყო.
რეფორმების მომხრე მუსლიმები ხშირად წარმოადგენენ ყურანის ცნობილ ციტატას: “რწმენაზე იძულება არ შეიძლება” (სურა 2,256), როგორც ყურანში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ რელიგიის თავისუფლების საფუძველს. ჩვეულებრივ კი ტრადიცია ამ ციტატის შემდეგ ინტერპრეტაციას ახდენდა: მართალია არავინ არ შეიძლება აიძულონ, რომ აღიაროს ისლამი, მაგრამ ისლამის დატოვება პრინციპულად უნდა იწვევდეს სისხლის სამართლებრივ დევნას. ასე რომ, გაწევრიანების თავისუფლებასთან ერთად არ არსებობდა წასვლის თავისუფლება.
შუასაუკუნეების ქრისტიანი მოაზროვნეების ნაწერებშიც იგივე შეხედულებებს ვპოულობთ. წმინდა თომა აქვინელი ქრისტიანად გახდომას “თავისუფლების აქტად” თვლის, თუმცა მიაჩნია, რომ ერთხელ მიღებული ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვა, ის აუცილებლობაა, რომელიც, ზოგიერთ შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ ძალის გამოყენებით უნდა იქნეს დაცული. ისლამის ტრადიციულ ინტერპრეტაციასთან პარალელი ნათელია. სხვათა შორის თომა შესაძლებლად მიიჩნევდა განსხვავებული სარწმუნოების მიმდევრებთან ერთად მშვიდობიან სოციალურ თანაცხოვრებას, მაგრამ “ერეტიკოსებისა” და ქრისტიანი დისიდენტების “ბოროტი” გავლენის წინააღმდეგ სახელმწიფოს ძალისმიერ ჩარევას მოითხოვდა. ამით იგი ადგენდა ტოლერანტობის ქრისტიანული ტრადიციული დოქტრინის ვიწრო საზღვრებს. რეფორმაციის ეკლესიებიც დიდხანს ემხრობოდნენ ამ პოზიციას და ხშირად ავლენდნენ იგივენაირ დამოკიდებულებას.

ადამიანური ღირსებისადმი პატივისცემის გამოხატულება

როგორც ადამიანის უფლება, რელიგიის თავისუფლება განსხვავდება არა მარტო ტრადიციული რელიგიური ტოლერანტობისაგან, არამედ უფრო შორსმიმავალი, თანამედროვე ეპოქის ტოლერანტობის პოლიტიკისგანაც. მაგალითად, ფრედერიკ დიდი ამბობდა: ყოველ ადამიანს აქვს უფლება “თავისებურად გახდეს ბედნიერი”. ფრედერიკ II-ს პრაგმატული რელიგიური პოლიტიკა ნამდვილად სცილდებოდა ტრადიციულ ვიწროდ შემოსაზღვრულ, კონფესიურ პლურალიზმს, მაგრამ მისი მთავარი მოტივი იყო განათლებული რელიგიური ემიგრანტების მოზიდვა, რომელთაც შეეძლოთ სახელმწიფოს ეკონმიკური აყვავება. ამ პოლიტიკას არავითარი კავშირი არ ჰქონდა ადამიანების რელიგიური შეხედულებების საყოველთაო პატივისცემასთან: ებრაელთა მიმართ ხორციელდებოდა დისკრიმინაცია, რომელიც ფრედერიკ II-ს მეფობის გარკვეულ პეროდში კიდევ უფრო გამკაცრდა.
ბუნებრივია, რომ რელიგიური ტოლერანტობის პოლიტიკა უფრო ჰუმანურია ვიდრე რელიგიური შეუწყნარებლობა. მაგრამ კონცეპტუალური სიცხადისათვის მნიშვნელოვანია ტოლერანტობისა და რელიგიური თავისუფლების კატეგორიების ერთმანეთისაგან გარჩევა: მაშინ როდესაც ტოლერანტობის გამოცხადება (ან აკრძალვა) ხდებოდა ხელისუფლების მიერ, რელიგიის თავისუფლება ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ უცილობელ მოთხოვნას წარმოადგენს; როდესაც ტოლერანტობა მოიცავდა რელიგიური ჯგუფების ვიწრო წრეს, რელიგიის თავისუფლებას საყოველთაო განზომილება აქვს; და როდესაც რელიგიური ტოლერანტობის ჩარჩოებში შესაძლებელი იყო ზოგიერთ რელიგიური ორგანიზაციებს, დანარჩენებზე მეტი უფლებები ჰქონოდათ, რელიგიის თავისუფლება დაკავშირებულია მოთხოვნასთან, რომ გაუქმებულ იქნას ყოველგვარი დისკრიმინაცია. როგორც ადამიანის ყველა უფლება, რელიგიის თავისუფლებაც ადამიანური ღირსების პატივისცემის გამოხატულებაა. პოლიტიკურად და იურიდიულად ადამიანური ღირსება დაცულია, თუ აღიარებულია ადამიანის თავისუფალი თვითგანსაზღვრის უფლება. ღირსება ყველა ადამიანს გააჩნია, ამიტომ თავისუფლებები ყველას თანასწორ უფლებად უნდა იყოს დადგენილი. “ ყველა ადამიანი დაბადებულია თავისუფალი და თანასწორუფლებიანი”, ამბობს 1948 წლის ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის პროგრამული I მუხლი. მნიშვნელოვანია რელიგიის თავისუფლების განხილვა ამ პოსულატის შუქზე.
რელიგიის თავისუფლების სუბიექტები რელიგიები ან კონკრეტული მსოფლმხედველობები კი არ არიან, არამედ ადამიანები, რომელთა, რელიგიის სფეროში თვითგანსაზღვრის თავისუფლება იურიდიულად უნდა იყოს აღიარებული. ადამიანის უფლებათა კონტექსტში ეს აღიარება ყველა ადამიანს თანაბრად უნდა ეხებოდეს და გარანტირებული იყოს არადისკრიმინაციის პრინციპის მიხედვით. რელიგიური თავისუფლებიდან გამომდინარე, პატივისცემის უფრო მეტად გამოხატვა ამა თუ იმ რელიგიური პრაქტიკისადმი, იმ მიზეზით, რომ იგი უფრო შეესაბამება მოცემული ქვეყნის ადათ-წესებს (მაგალითად ზარების რეკვის მუეძინის შეძახილზე უფრო მნიშვნელოვნად გამოცხადება), არალეგიტიმური იქნებოდა. რელიგიური ორგანიზაციის სიდიდე ან ისტორიული მნიშვნელობა არ უნდა ჩაითვალოს მისი წევრებისათვის პრივილეგიების მინიჭების კრიტერიუმად, აგრეთვე არალეგიტიმურია მცირერიცხოვანი ორგანიზაციების შეზღუდვა, რომელთაც ხშირად უწოდებენ “სექტებს”, რაც დამამცირებელი ტერმინია.
ბოლოს, რელიგიის თავისუფლება არ შეიძლება დამოკიდებული იყოს რელიგიური ორგანიზაციის დოგმატურ სისტემაზე: მაგალითად, მონოთეისტურია ის თუ არა ან საერთოდ თუ არის მასში ღმერთისადმი რწმენა. რელიგიის თავისუფლების უფლება აგრეთვე აქვთ არათეისტურ ორგანიზაციებს, ამიტომ ზუსტი ტერმინოლოგიით, საუბარი უნდა იყოს არა “რელიგიის თავისუფლებაზე”, არამედ “რელიგიისა და მსოფლმხედველობის თავისუფლებაზე”. სხვათა შორის ინგლისურენოვან სამყაროში გამოიყენება ტერმინი ფრეედომ ოფ რელიგიონ ანდ ბელიეფ.
მართალია რელიგიის თავისუფლება, როგორც ადამიანის უფლება ყოველ ცალკეულ ადამიანს მიემართება, მაგრამ მაინც არ შეიძლება მისი, როგორც მხოლოდ ინდივიდუალისტურის, ვიწრო გაგებით ინტეპრეტაცია. ის აგრეთვე მოიცავს რელიგიური თემის საზოგადო პრაქტიკას, მაგალითად ღვთისმსახურებას, ლიტურგიკულ პროცესიებს, რელიგიის სწავლებას და რელიგიურ ორგანიზაციაში გაწევრიანების რიტუალებს. რწმენისა და სინდისის თავისუფლებასთან ერთად, რელიგიის თავისუფლება იცავს გარეგან აღსაარებას ანუ სარწმუნოების და რელიგიური პრაქტიკის თუ არათეისტური მსოფლმხედველობის საჯარო მანიფესტაციებს. პოლიტიკა, რომელიც ცდილობს რელიგიური კონფესიები მხოლოდ “პირად საქმედ” წარმოადგინოს და საჯარო სივრციდან მოაშოროს, ეწინააღმდეგება რელიგიის თავისუფლების გლობალურ მოთხოვნებს.
აგრეთვე მნიშვნელოვანია წარმოჩნდეს განსხვავება რელიგიის პოზიტიურ თავისუფლებასა და რელიგიის ნეგატიურ თავისუფლებას შორის. პოზიტიური თავისუფლება გულისხმობს რელიგიური თუ მსოფლმხედველობრივი (ყველაზე ფართო გაგებით) მოღვაწეობის დაცვას, “რელიგიის ნეგატიური თავისუფლება” კი უკრძალავს სახელმწიფოს აიძულოს ადამიანი ირწმუნოს რომელიმე რელიგია ან მონაწილეობა მიიღოს ამა თუ იმ რელიგიასთან თუ მსოფლმხედველობასთან დაკავშირებულ საქმიანობაში. რელიგიის თავისუფლების შესახებ ადამიანის უფლებაში ეს ორივე ასპექტი ორგანულად ერწყმიან ერთმანეთს.

რელიგიის თავისუფლების საზღვრები

უკანასკნელ პერიოდში, რელიგიური მოტივაციით განხორციელებული ტერორისტული აქტების შემდეგ, ახალი სიმწვავით დაისმის რელიგიის თავისუფლების საზღვრების საკითხი. არავის ეპარება ეჭვი ამგვარი შეზღუდვების აუცილებლობაში, დებატები მიმდინარეობს მხოლოდ მათი დადგენის კრიტერიუმების შესახებ. რელიგიის თავისუფლების შინაარსის რელატივიზაცია მავანთა სურვილის მიხედვით რომ არ მოხდეს, 1950 წელს ევროკავშირმა მიიღო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, რომელსაც “საზღვრების საზღვრებს” უწოდებენ. იგი აკონტროლებს, რომ რომელიმე სახელმწიფოს მიერ დადგენილი რელიგიის თავისუფლების საზღვრები ზედმეტად ვიწრო არ იყოს:
“საკუთარი რელიგიის ან მსოფლმხედველობის რწმენის თავისუფლებას შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ისეთი შეზღუდვები, რომლებიც გათვალიწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოების უსაფრთხოების, წესრიგის, ჯანმრთელობის, მორალის და აგრეთვე სხვების უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად” (მუხლი 9. 2).
რელიგიის თავისუფლება კიდევ უფრო მკაფიოდაა დადასტურებული ფუნდამენტურ კანონში (მუხლი 4). აქ ის, სხვა ფუნდამენტური კანონებისაგან განსხვავებით, არანაირი ლეგალური პირობით არ არის შეზღუდული. გაბატონებული იურიდიული კონცეპციის მიხედვით, რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც ეს პირდაპირ ემსახურება სხვა ფუნადამენტური უფლებებისა და ამავე დონის იურიდიული პრივილეგიების დაცვას.
მაგალითად უეჭველია, რომ რელიგიის თავისუფლება არ შეიძლება დაუპირისპირდეს სიცოცხლის უფლებას. ამიტომ, მშობლებს არა აქვთ უსაზღვრო თავისუფლება, რომ საფრთხის ქვეშ დააყენონ ბავშვების სიცოცხლე და რელიგიური მოტივით, უარი განაცხადონ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაზე. რელიგიური ორგანიზაციის მიერ მის წიაღში არსებულ დისიდენტთა ან სხვა კონფესიის მორწმუნეთა მკვლელობისაკენ მოწოდება, ცხადად არღვევს რელიგიის თავისუფლების საზღვრებს.
მაგრამ როგორი მდგომარეობაა ნაკლებად დრამატულ შემთხვევებში? მისაღებად შეიძლება ჩაითვალოს მოთხოვნა, რომ გარკვეუწილად შეიზღუდოს ზარების რეკვისა და მუეძინის შეძახილის სიძლიერე, რათა დაცული იქნას მეზობლად მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობის უფლება, რომელიც აგრეთვე გულისხმობს ღამით წყნარ ძილს. ბუნებრივია ამ მსჯელობიდან არ გამომდინარეობს მუეძინის შეძახილის საერთოდ აკრძალვა ან მისი ზარების რეკვასთან შედარებით არათანასწორად განხილვა. განათლების მიღების საყოველთაო და სავალდებულო კონსტიტუციური პრინციპი არ შეიძლება ეჭვის ქვეშ დადგეს რელიგიის თავისუფლების გამო – შესაძლებელია მხოლოდ ნაწილობრივი შეღავათები: მაგალითად, სპორტისა და კოლექტიური ცურვის გაკვეთილების ხარჯზე, თუ მხოლოდ ასე შეიძლება იმ საფრთხის აცილება, რომელიც სინდისის თავისუფლებას ემუქრება.
რამდენიმე წელია მიმდინარეობს დებატები მუსლიმი მასწავლებელი ქალების შესახებ: შეუძლიათ მათ საჯარო სკოლებში მუსლიმური თავშალის ტარება? საკითხი რთულდება იმის გამო, რომ ერთმანეთს უპირისპირდება რელიგიის თავისუფლებაში შემავალი ორი ასპექტი – მასწავლებლის რელიგიის პოზოტიური თავისუფლება და მოსწავლეების რელიგიის ნეგატიური თავისუფლება. ჩემი აზრით, მასწავლებლის თავისუფლების შეზღუდვა, რომ გაკვეთილების დროს თავისი რელიგიური შეხედულებების მიხედვით იყოს ჩაცმული, მხოლოდ მაშინ იქნება გამართლებული, თუ მასწავლებლის ქცევების ერთობლიობიდან ნათლად ჩანს ზიანის შესაძლებლობა მოსწავლეთა რელიგიის ნეგატიური თავისუფლებისათვის.

რელიგიის თავისუფლება სეკულარულ სამართლებრივ სახელმწიფოში

რელიგიის თავისუფლების საზღვრების არსებობა გამართლებულია, მაგრამ ეს არ უნდა აზიანებდეს ადამიანის ამ უფლების ღირებულებას. ამიტომაც რელიგიის თავისუფლების ადგილის გავსაზღვრა სხვა იურიდიული გარანტიების მიმართ სიფრთხილით უნდა მოხდეს. მხოლოდ უმნიშვნელოვანესი იურიდიული უფლებების, კერძოდ ადამიანის უფლებების გამო შეიძლება შეიზღუდოს რელიგიის თავისუფლება, ისიც იმ შემთხვევაში, თუ მათ შორის ადგილი აქვს რეალურ კონფლიქტს. ამჟამად გავრცელებული შეხედულებები, მაგალითად მუსლიმური უმცირესობების მიმართ, რომელთა მიზანია ზოგადად კონფლიქტების პრევენცია, არ იძლევიან რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ მოტივებს.
რელიგიის თავისუფლების სრული განხორციელება მხოლოდ სეკულარიზებულ სამრთლებრივ სახელმწიფოში არის შესაძლებელი. მართლაც, როგორც უკვე ავღნიშნეთ, ადამიანის ყველა უფლება შეიცავს ყოველგვარი დისკრიმინაციისაგან დაცვის მოთხოვნას. თუ სახელმწიფო განსაკუთრებული დამოკიდებულების ვალდებულებას გრძნობს კონკრეტული ოფიციალური რელიგიისადმი, მაშინ, სიმბოლურად მაინც, აღიარებს ამ ოფიციალური რელიგიის მიმდევრების პრიორიტეტს, რითაც დაარღვევს არადისკრიმინაციის ნორმას. ამგვარი მდგომარეობისადმი სერიოზული დამოკიდებულება, მოითხოვს, რომ სახელმწიფომ არ გააიგივოს საკუთარი თავი რომელიმე კონკრეტულ რელიგიასთან და რელიგიისა და მსოფლმხედველობის სფეროში ნეიტრალური პოზიცია აირჩიოს. ასე რომ, არადისკრიმინაციის ნორმას მოსდევს სახელმწიფოს მიერ კონკრეტული რელიგიისადმი საკუთარი თავის არგაიგივების ნორმა.
სამართლებრივი სახელმწიფოს სეკულარულობის პოზიტიურ მოტივს ადამიანების რელიგიის თავისუფლების მიმართ პატივისცემა წარმოადგენს. ამიტომაც საჭიროა სახელმწიფოს რაიმე რელიგიისადმი არაგაიგივების მოთხოვნა უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბდეს და განისაზღვროს, როგორც “პატივისცემით განმსჭვალული არგაიგივების პრინციპი”. გარდა ამისა, რელიგიისა და მსოფლმხედველობის სფეროში სახელმწიფოს ნეიტრალიტეტი არ უნდა აგვერიოს, როგორც ეს ხშირად მოსდით, უნივერსალურ “აქსიოლოგიურ ნეიტრალიტეტში”. რელიგიისა და მსოფლმხედველობის თავისუფლების ადამიანის უფლების, როგორც უმაღლესი “კონსტიტუციური ღირებულების” ლოგიკურ შედეგს, სახელმწიფოს ნეიტრალურობას, არავითარი კავშირი არა აქვს ეთიკურ ინდიფერენტულობასთან. მათ გაიგივებას ხშირად კარიკატურულად ცდილობენ, ისინი კი ანტიპოდებს წარმოადგენენ.
პატივისცემით განმსჭვალული არგაიგივების პრინციპი, რომელიც სეკულარული სამართლებრივი სახელმწიფოს საფუძველს წარმოადგენს, სრულებიდაც არ გამორიცხავს რელიგიური ორგანიზაციებისა და სახელმწიფოს ურთიერთ თანამშრომლობას. ის არ მოითხოვს, რომ გერმანიაში (და აგრეთვე მრავალ ევროპულ სახელმწიფოში) არსებული თანამშრომლობის ურთიერთობები, შეიცვალოს 1905 წლიდან საფრანგეთში დადგენილი რელიგიის და სახელმწიფოს მკაცრი გაყოფით. მიუხედავად ამისა, პატივისცემით განმსჭვალული არგაიგივების პერსპექტივაში, სასურველია სახელმწიფოსა და რელიგიური ორგანიზაციების თანამშრომლობის ურთიერთობები ითვალისწინებდნენ, ბოლო პერიოდში ჩვენს საზოგადოებებში წარმოშობილ რელიგიურ და მსოფლმხედველობრივ პლურალიზმს.
ამ პოსტულატის განხორციელების სირთულე ჩანს, გერმანიაში ამჟამად მიმდინარე დებატებში, საჯარო სკოლებში რელიგიის სწავლების თაობაზე. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის უმრავლეს ფედერალურ მიწებში არსებული კონფესიური სწავლების სისტემის შენარჩუნება, მხოლოდ იმ პირობით იქნება შესაძლებელი, თუ გაიღება ქვეყანაში იურიდიულად აღიარებული ყველა რელიგიისა და მსოფლმხედველობისათვის. თუ ეს შეუძლებელი აღმოჩნდება პრაქტიკული განხორციელების ან სხვა მიზეზის გამო, დასაშვებია, რომ დროთა განმავლობაში, სკოლაში რელიგიის არაკონფესიური სწავლების მოთხოვნები იქნება უფრო მისაღები.

რელიგიური დისკრიმინაცია “გაბატონებული და წარმართველი კულტურის” სახელით?

თანამედროვე ევროპაში არ არსებობს იმის რეალური საშიშროება, რომ სახელმწიფომ, საუდის არაბეთის ამ ირანის მსგავსად, საკუთარი თავი მოიაზროს ჭეშმარიტი რელიგიის ან ღვთის მცნებების აღმასრულებელ ორგანოდ. თეოკრატია უკვე აღარ არის ევროპაში, ხოლო სახელმწიფოებრივ-რელიგიური სტრუქტურები, რომლებსაც ზოგიერთ ქვეყანაში (ინგლისი, დანია) ვხვდებით, უბრალოდ ისტორიულ ნაკვალევს წარმოადგენენ.
თანამედროვე ევროპულ ქვეყნებში რელიგიური უმცირესობების დისკრიმინაცია შეიძლება განხორციელდეს არა ოფიციალური ან გაბატონებული რელიგიის სახელით, არამედ “გაბატონებული კულტურის” სახელით. ზოგადად ევროპული კულტურისა და ევროპული დემოკრატიული სახელმწიფოების განვითარებაში ქრისტიანობის უმნიშვნელოვანესი ისტორიული როლი, ხშირად გამოიყენება საჯარო სივრცეში ქრისტიანობის სიმბოლოებისათვის პრივილეგირებული სტატუსის მინიჭების კონტექსტში, რასაც ნებით თუ უნებლიეთ, არაქრისტიანული რელიგიებისა და მსოფლმხედველობების დისკრიმინაციისაკენ მივყავართ. ამის მრავალ მაგალითს ვნახულობთ უახლოეს წარსულში მიღებულ ნორმებსა თუ სხვადასხვა ფედერალური მიწების მიერ სასკოლო განათლების შესახებ მომზადებულ კანონპროექტებში. განსაკუთრებით ეს ეხება რელიგიურ სიმბოლოებს.
ამ ნორმების მომხრეებს ზოგჯერ მოჰყავთ შემდეგი არგუმენტი: რელიგიის თავისუფლება და მასზე დაფუძნებული სეკულარული სახელმწიფო ქრისტიანულ კულტურაში წარმოიშვნენ და, ბოლოს და ბოლოს, მათი შენარჩუნება მხოლოდ ქრისტიანული ორიენტაციის “წარმართველი კულტურის” ჩარჩოებში იქნება შესაძლებელი. მაგრამ ავიწყდებათ, რომ ქრისტიანულმა ეკლესიებმა თავისუფლების ფასი მხოლოდ მრავალსაუკუნოვანი ისტორიული გაკვეთილისა და გრძელვადიანი ისტორიული კონფლიქტების შემდეგ გაიგეს.
დღეს, ქრისტიანული ეკლესიების წარმომადგენლები სეკულარული სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობის თეოლოგიური დასაბუთებისათვის იყენებენ იესოს სიტყვებს: “მიაგეთ კეისარს კეისრისა, ხოლო ღმერთს ღმრთისა” (მათე 22:21), მაგრამ ისინი არ წამოადგენენ იმ რელიგიურ და კულტურულ ფესვს, საიდანაც, ორი ათსი წლის განმავლობაში ამოიზარდა სეკულარული სახლმწიფო. სიტუაცია უფრო საპირისპიროდ განვითარდა: ჯერ თანამედროვეობის ნიადაგზე იესოს ამ სიტყვებმა რეტროსპექტიულად მიიღეს სიმბოლური მნიშვნელობა, რამაც შემდგომში, შესაძლებელი გახადა სეკულარული სახელმწიფოს არსებობის აგრეთვე თეოლოგიური დასაბუთება.
იმ ფაქტს, რომ რელიგიის თავისუფლება არ წარმოადგენს ქრისტიანული კულტურის ექსკლუზიურ მემკვიდრეობას, განსაკუთრებით ნათლად წარმოაჩენს რელიგიის თავისუფლების, როგორც ადამიანის უფლების, საყოველთაო განზომილება. პირიქით, ეს თავისუფლება მოგვიწოდებს გადავლახოთ ის კულტურული ჰორიზონტი, სადაც პირველად მოხდა რელიგიის თავისუფლების ფორმულირება. ის, ვინც ცდილობს ამ ჰორიზონტის შემოფარგვლას სავალდებულო “წარმართველი კულტურის” სახელით, რომელსაც წარმოაჩენს რელიგიის თავისუფლების გააზრების ერთადერთ პირობად, ცხადად თუ ფარულად, ეჭვის ქვეშ აყენებს რელიგიის თავისუფლების ადამიანის უფლებებისადმი კუთვნილებას. კონკრეტულად ეს ნიშნავს რეგრესს პრემოდერნული ტოლერანტობის პოლიტიკისაკენ. Aევროპული დემოკრატიები ვერ ასცდნენ ამ რეგრესს თავისი არსებობის პირველ ეტაპზე. რელიგიის თავისუფლება დისკრიმინაციის გარეშე მოითხოვს რელიგიური და მსოფლმხედველობრივი პლურალიზმის განხორციელებას, ამიტომ დღესაც პოლიტიკურად აქტუალური რჩება.

F Revue Esprit, mars-avril, 2007
ფრანგულიდან თარგმნა ვასილ კობახიძემ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: