ლათინოამერიკული ’მაჩოიზმი’ და ქართული რეალობა

ყოველთვის მაინტერესებდა, რატომ არის საქართველოში ლათინოამერიკული სერიალები ესეთი პოპულარული. ამაზე ცოტა სერიოზულად მას შემდეგ დავფიქრდი, რაც კომიკურად თვალშისაცემი გახდა ’მარიო ჩიმაროს ფენომენი’… თავიდან გადავწყვიტე, რომ რაღაც განსაკუთრებულ მოვლენასთან გვაქვს საქმე, რომელიც მსგავსი კულტურული და სოციალური ფაქტორებით აიხსნება, თუმცა მერე გამახსენდა, რომ ლათინოამერიკული სერიალების გავრცელების არეალი მხოლოდ საქართველოთი არ შემოიფარგლება. ლათინოამერიკულმა სერიალებმა თითქმის მთელი მსოფლიო დაიპყრო. ამავე დროს, მათ განსხვავებული სოციოკულტურული დატვირთვა აქვთ თავად იმ ღარიბ ქვეყნებში, რომლებშიც იწარმოება. მოსახლეობის დაბალი ფენებისთვის სერიალებში ასახული ფუფუნება და ცხოვრების მაღალი სტანდარტები ხშირად გამაღიზიანებელი კი არა, იმედისმომცემი ფაქტორებია. ეს რაც შეეხება სერიალების გავლენის სოციალურ განზომილებას. ამ შემთხვევაში, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი კულტურული ასპექტია, რომელიც მკვლევარების დაინტერესების საგნად იქცა. კულტურალიზმის კვლევის არენად ეს ბლოგი ნამდვილად არ გამოდგება, თუმცა რამდენიმე სიტყვის თქმა ლათინოამერიკული საპნის ოპერების კულტურულ საფუძვლებზე ნამდვილად შეიძლება. ფაქტია და ვერსად გავექცევით, რომ მამაკაცურობის და ქალურობის გამოკვეთილი ნიშნები სერიალის თითქმის ყველა გმირს ასახიათებს, არ არის საჭირო 1043-ივე სერიის ყურება, ამას, მთლად რეკლამიდან თუ არა, ერთი სერიის ნახვითაც ადვილად შეამჩნევთ. საუბარი არ არის, უბრალოდ, მასკულინურ და ფემინურ გამოვლინებებზე, არამედ ისეთ ზედმეტად რადიკალიზირებულ ფორმებზე, როგორიცაა მაჩოიზმი და მარიანიზმი. ამ უკანასკნელზე საუბარი სპეციფიკური კათოლიკური კონტექსტის გამო გაგვიჭირდება. მაჩოიზმისა და კავკასიური ’ჯიგიტიზმის’ შედარება კი ვშიშობ, ნაყოფიერ მცდელობად უნდა ჩაგვეთვალოს. მასკულინური თვისებების დომინირება, ისტორიულად, იმ ფუნდამენტური სფეროების გააქტიურების შედეგია, რომლებიც ფიზიკურ ძალას მოითხოვს. უფრო კონკრეტულად, სოფლის მეურნეობა, მძიმე მრეწველობა, ომი და ა.შ. კავკასიის შემთხვევაში, მიწათმოქმედების და ომის ფაქტორებმა მამაკაცის გენდერული როლის ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სიღარიბე მასკულინობის ერთ-ერთი სერიოზული მტერია, თუმცა თუ სიღარიბეს ომიც ემატება, მამაკაცის როლი კვლავ დღის წესრიგში ბრუნდება. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ პროცესისა და სტრუქტურის თეორიული წინაპირობები. მაგალითად, ომი, შეიძლება, ჩავთვალოთ იმ პროცესად , რომელიც გენდერულ როლს აყალიბებს; სტრუქტურულ დონეზე კი ეს ყველაფერი სოციალიზაციის მეშვეობით ხორციელდება. ლათინოამერიკულ და ქართულ რეალობაში ბიჭის აღზრდა თითქმის იდენტური პარამეტრებით მიმდინარეობს:

1. ბიჭების მიერ გამოვლენილი აგრესია მხოლოდ იმ შემთხვევაში ისჯება, თუ საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს გადააჭარბებს. გოგოებისგან უფრო იშვიათად მოელიან მრისხანების გამოხატვას და, შესაბამისად, საზოგადოებაც ნაკლებად ტოლერანტულია მათი აგრესიული საქციელის მიმართ. უფრო სწორედ, წახალისების მექანიზმების ნაცვლად, ამ შემთხვევაში, დასჯის მექანიზმები მოქმედებს.

2. როდესაც ბიჭები ლაპარაკს სწავლობენ, ისინი დიდებისგან და თანატოლებისგან უცენზურო სიტყვებს ითვისებენ, თუმცა მათ არაეთიკურ საქციელ ხშირად ახალისებენ, დასჯაზე უკვე ლაპარაკიც ზედმეტია; ხოლო გოგოების მხრიდან ვულგარულობის გამოხატვის მცირედი შემთხვევაც კი მკაცრად ისჯება.

3. ადრეულ ასაკში ბიჭებს უფრო ხშირად რთავენ ნებას მშობლებისგან შორ დისტანციაზე ისეირნონ და ითამაშონ; გოგოები ამგვარ პერსონალურ ავტონომიას შედარებით მოკლებულნი არიან.

4. ცოტა მოგვიანებით, ბიჭებს აქვთ უფლება საღამოობით მოიარონ სამეზობლო და გაერთონ ზედამხედველის გარეშე.

5. ბიჭები უფრო მეტად მოწოდებულნი არიან არაფრად ჩააგდონ დედის ბრძანებები, გოგოები კი მკაცრად არიან დედებზე მიბმულნი.

6. ბიჭების ფიზიკური დასჯის პრაქტიკა უფრო მცირე ასაკში წყდება.

7. როდესაც თინეიჯერი ბიჭი საღამოს სახლში ნასვამი ბრუნდება, მას გაცილებით უფრო ნაკლები უსიამოვნებები ელის, ვიდრე იმავე მდგომარეობაში მყოფ გოგოს.

რა თქმა უნდა, ამგვარი პრაქტიკის ჩამოყალიბას გარკვეულმა ეკონომიკურმა, კულტურულმა და სოციალურმა ფაქტორებმა შეუწყო ხელი. ლათინურ ამერიკაში ეს იყო მიწათმოქმედების განსაკუთრებული როლი. საქართველოში ურბანიზაციის პროცესები, მართალია, მიმდინარეობდა, მაგრამ გვიანი შუა საუკუნეების და ფეოდალიზმის მიერ დანერგილ ღირებულებებს ქალაქში კრიმინარული მენტალიტეტი შეერწყა, რამაც საბჭოთა პერიოდში ე.წ. ’ქურდული გაგება’ დაამკვიდრა. ქურდული მენტალიტეტი კი ტრადიციულთან შედარებით ქალის მიმართ გაცილებით უფრო დისკრიმინაციული აღმოჩნდა; გაჩნდა სოციალიზაციის ერთ-ერთი ძლიერი აგენტი_ ’ქუჩა’, რომლის რესტრუქტურიზაცია გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ოჯახის ან სკოლის. ქუჩამ მთლიანად აითვისა მასკულინობის ქურდული და ტრადიციული საფუძვლები. ამასთანავე, აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ მაჩოიზმის ქართული და ლათინოამერიკული კულტურები დაფუძნებულია საპირისპირო პოლუსის_ ჰომოსექსუალიზმის დისკრიმინაციაზე. სხვანაირად რომ ვთქვათ, გეისა და მაჩოს სოციალური კონსტრუქციები ერთ სიბრტყეზეა განლაგებული და ისინი მხოლოდ ერთმანეთის ’დაჩაგვრის’ ხარჯზე შეიძლება გაფართოვდნენ. საუბარია ურთიერთგამომრიცხავ საწყისებზე, რომლებიც ძალაუფლებისთვის იბრძვიან. ამ მოდელის მარტივი დემონსტრაციაა სიტყვა ’პიდარასტი’, რომელიც იმთავითვე დამამცირებელ კონტექსტს შეიცავს. ძალაუფლების ველის ამგვარი დისპოზიცია, სამწუხაროდ, ორივე მხრიდან დიდ დაძაბულობებს შეიცავს. შედეგად, კონსენსუსის მიღწევის შესაძლებლობებს კონფლიქტური სიტუაციები აფერხებს. გამოსავალი ისევ და ისევ ეკონომიკური, სოციალური და კულტურული პროცესების მასშტაბურობა შეიძლება იყოს. იქამდე კი მარიო ჩიმაროს პოპულარულობა არც უნდა გაგვიკვირდეს…

3 Responses to ლათინოამერიკული ’მაჩოიზმი’ და ქართული რეალობა

  1. mest says:

    ძალიან კარგი მიმოხილვა იყო, განსაკუთრებით მომეწონა ეკონომიკური ფაქტორისა და სერიალების ურთიერთკავშირის ხაზგასმა. სწორადაა შენიშნული.

  2. juze says:

    ქართული რეალობა კი მასეა🙂

    ისე მოდუს, “ნიგერიზმზე” რო დაგეწერა კაი იქნებოდა🙂

    მე ძაან ნერვებს მიშლიან🙂 მე მყავს რამდენიმე ძაან კაი აფრო–ამერიკელი მეგობარი, თან ნუ გეტოდან არიან იმინა, მაგრამ აი რასაც ქვია ნიგერები არ არიან, მაგრამ მყავს ჯგუფელები, რომელბიც მაგარი სირები არიან, შუა კლასში რეპავენ თავის ლირიკებს, ანუ მუსიკა აქვთ ტელეფონზე ჩართული და ღრეობენ და ა.შ.

    მასეთი რამეც არის ქართულ რეალობაში ბლომად და იქნება შემოგვთავაზო მიმოხილვა🙂

    დიდი მალდლობა, რომ არსებოოოობთ😀

  3. ლიშთოთა says:

    ბარემ აფროქართველებზეც დაწეროს
    იო იო

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: