გლობალიზაცია და მისი ასპექტები

გლობალიზაციის კვლევის თავისებურებები და მნიშვნელობა
გლობალიზაცია მრავალშრიანი მოვლენაა, ამიტომაც, მისი ცალმხრივად გაშუქება ძალზე არაეფექტურია. როგორც წესი, გამოყოფენ გლობალიზაციის სხვადასხვა ასპექტს. თითოეული მათგანის გაშუქება უმნიშვნელოვანესია იმდენად, რამდენადაც დღევანდელ მსოფლიოში ადგილი აქვს უპრეცედენტო ინტეგრაციას, რასაც, რა თქმა უნდა, მოყვება თავისი გვერდითი შედეგები და წინააღმდეგობები. ანტი-გლობალიზმის იდეა თითქმის ყველა ქვეყანაში აქტუალურია. ვესტფალიის ზავის მიერ დამკვიდრებული ერი-სახელმწიფოების სისტემის ვალიდურობის პრობლემა დღითი დღე უფრო ცხადი ხდება. საკითხი ძალაუნებურად მოითხოვს ინტერ-დისციპლინარულ მიდგომას, თუმცა, შესაძლოა, ბევრი მკვლევარი შეგნებულად არიდებდეს თავს ზედმეტ გართულებებს. ნებისმიერი მსჯელობა უნდა პასუხობდეს არსებულ რეალობასა და კონტექსტს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თეორიები ბანქოსგან აშენებულ სახლს დაემსგავსება. ხშირად თანამედროვე გლობალიზაცია ესმით გასული საუკუნის დასაწყისის კონტექსტში, რაც შემდგომ იწვევს კრიტიკოსების ცინიკურ შენიშვნებსა და მკვეთრად რადიკალიზირებულ წარმოდგენებს. იმისათვის, რომ თავი დავაღწიოთ ამგვარ უხერხულობას, საჭიროა, უფრო საფუძვლიანი გამოკვლევა. უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური, კულტურული, პოლიტიკური, სოციალური და, თქვენ წარმოიდგინეთ, ფილოსოფიური ასპექტების მოკლე, მაგრამ არსებითი განხილვაც კი ხელს შეუწყობს გლობალიზაციის მოვლენის საზოგადოებისთვის სწორი ფორმით მიწოდებას.

დანაშაულია, ისაუბრო გლობალიზაციის შესახებ და არ აღნიშნო მოვლენები, რომლებიც შენ გარშემო ყოველდღიურად მიმდინარეობს. თუნდაც ის ფაქტი, რომ ამ თემას “Word”-ის ფაილში ვწერ, უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს, ინტერნეტისა და ციფრული ტექნოლოგიების სხვა გავლენებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. დაახლოებით ერთი თვის წინ, თბილისის ფორუმზე გავხსენი ანალოგიური თემა (1), სადაც გლობალიზაციასთან ერთად ვსაუბრობდით ვესტერნიზაციაზეც. ამ ორი ცნების ერთმანეთთან დაკავშირება ცოტა რთული და სადავო საკითხია. როგორც თემის მიმდინარეობამ გვაჩვენა, ადამიანებს ხშირად არასწორად ესმით თანამედროვე გლობალიზაციის არსი, რასაც შემდგომ მოსდევს შეხედულებების დაპირისპირება და, ფაქტობრივად, ჯანსაღი დისკუსიის ჩიხში შეყვანა. ფორუმის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გლობალიზაცია პირდაპირ კომუნიზმს დაუკავშირა. ბევრისათვის ეს ორი ცნება, “კოსმოპოლიტიზმთან” ერთად, ისე მჭიდროდაა ერთმანეთთან გადაჯაჭვული, რომ კონტექსტიდან “ამოჭრა” და სხვაგან “ჩაკერება” ფუნდამენტურ ძიებებს მოითხოვს. ცნობილ მკვლევართა ნაშრომებს შორისაც კი დიდი შეუსაბამობებია. ნეილ ფერგიუსონი, ჰარვარდის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორი, 2005 წელს აქვეყნებს სტატიას გლობალიზაციის შესახებ(2) , სადაც საუბრობს თანამედროვე გლობალიზაციისა და მეცხრამეტე საუკუნის ბოლო მეოთხედის გლობალიზაციის მსგავსებებსა და შედეგებზე. თუმცა ეკონომიკურ მსგავსებებთან ერთად სოციალურ ძვრებს ნაკლებ ყურადღებას უთმობს.
ოცდამეერთე საუკუნის გამოწვევებზე ადეკვატური პასუხის გაცემა შეუძლებელია მოვლენათა სწორი გააზრების გარეშე. სწორედ ამიტომ, ეკონომიკა, სოციოლოგია, კომუნიკაციის თეორია, მულტიკულტურალიზმი, თუ პოსტმოდერნული ფილოსოფია წარმოადგენს კვლევის იარაღებს, რომელთა გამოყენებაც დაგვეხმარება გლობალიზაციის ზოგადი არსის გამოკვეთაში.
დღევანდელი ქართული საზოგადოების გლობალურ კულტურაში მონაწილეობის ხარისხი და ამბიცია ძალზე დაბალია. გლობალიზაციის არსის სწორად გაგება დაგვეხმარება უმაღლესი განათლების განვითარების პერსპექტივების დახვეწაში. ამასთან დაკავშირებით, წავაწყდი ძალზე საინტერესო ნაშრომს(3), სადაც საუბარია კანადის უნივერსიტეტების საქმიანობისა და მისიის გლობალიზებაზე. ცოდნის მენეჯმენტის დახმარებით გლობალიზაციის უარყოფითი მხარეები ნაკლებად იმოქმედებს ადამიანთა ცხოვრებაზე. მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში მომხდარი გადატრიალებები ციფრულ ტექნოლოგიებში ახალი დილემების წინაშე გვაყენებს, თუმცა მკაცრი დუალიზმის თავიდან აცილება ძალზე მარტივად შეგვეძლება, თუ დადებით მნიშვნელობებს ადეკვატურად გავიგებთ.
ოცდამეერთე საუკუნის გლობალიზაცია თავისი მასშტაბითა და სპეციფიკით არის უპრეცედენტო. ცივილიზაციათა ომის, სიღარიბის, შიმშილობის, ეკოლოგიური კატასტროფების წინაშე მდგარი მსოფლიო გაცილებით უფრო ფრთხილი და “მგრძნობიარეა”.

გლობალიზაციის ისტორია
გლობალიზაციის თემის პოპულარობა 90-იანი წლებიდან მომდინარეობს. ბევრი სწავლული ცდილობდა ეპოვა თანამედროვე გლობალიზაციისა და მისი ისტორიული ანალოგების საერთო ძირები.
გლობალიზაციის ისტორიული პრეცედენტები შეგვიძლია ვეძებოთ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის იმპერიული სახელმწიფოების დაპირისიპირების ხანაში. თუმცა გლობალიზმის ადრეული ფორმები არსებობდა ძველ მსოფლიოშიც. ამისი მაგალითია რომის იმპერია, პართია, ხანის დინასტია. ამ უკანასკნელის მმართველობის პერიოდში დაიწყეს “აბრეშუმის გზის” მშენებლობა. ასევე, შეგვიძლია გავიხსენოთ
”ისლამის ოქროს ხანა” – მუსულმანმა ვაჭრებმა მოახდინეს პროდუქციისა და ცოდნის გლობალიზება. მონღოლთა იმპერიაში კი აბრეშუმის გზამ უდიდესი მნიშვნელობა შეიძინა.
1850 წელს ინდუსტრიული კაპიტალიზმის მზარდმა აღმავლობამ მოითხოვა მეტი რესურსები და გლობალური ბაზარი. ესეთ პირობებში ტრადიციული პროტექციონიზმი გახდა “გამოუსადეგარი”. ყველაფერმა ამან ხელი შეუწყო თავისუფალი ვაჭრობის განვითარებას .(4) უკვე 1870 წლისათვის ბრიტანეთის ეკონომიკური უპირატესობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა გერმანიისა და აშშ-ს ინდუსტრიალიზაციის მზარდი ტემპების გამო. ნეილ ფერგიუსონი თვლის, რომ 1870 წლიდან პირველ მსოფლიო ომამდე საქონლისა და კაპიტალის მიმოქცევამ მიაღწია იქამდე არნახულ მასშტაბებს, რაც შემდგომ მეოცე საუკუნის 80-იან წლებში განმეორდა. ეკონომიკური ასპექტებით იმდროინდელი მსოფლიო მართლაც ძალიან ჰგავდა თანამედროვე ტენდენციებით გაჯერებულ რეალობას, თუმცა, შესაძლოა, მხოლოდ ერთი შეხედვით.

რას წარმოადგენს თანამედროვე გლობალიზაცია?
გლობალიზაციის უამრავი განმარტება არსებობს. მაგალითად, “გლობალიზაცია არის ბიზნესის ინტეგრაცია გეოგრაფიული და ორგანიზაციული საზღვრების მიღმა” .(5) ტერმინ “გლობალიზაციის” ეკონომიკურ კონტექსში ხმარება დაკავშირებულია თეოდორ ლევიტთან (1983), რომელმაც აღწერა გლობალიზებული ბაზრების მოქმედება. თუმცა შემდგომში ამ ტერმინს ხშირად ხმარობდნენ ახალი ტიპის მულტინაციონალური ორგანიზაციების აღსაწერად. ეკონომიკური გლობალიზაციის ძირითადი აგენტები სწორედ მულტინაციონალური ორგანიზაციებია.
ბევრი ავტორი მიიჩნევს, რომ გლობალიზაციას კი არ განმარტავენ, არამედ იცავენ. ჰირსტი და ტომპსონი შენიშნავენ, რომ გლობალიზაციის სწორად გასაგებად, აუცილებელია, წარმოვიდგინოთ იდეალური გლობალური ეკონომიკის მოდელი, რომლის მიმართ კონტრასტირებაც საშუალებას მოგვცემს დავაკვირდეთ არსებულ ტენდენციებს. ზემოთ აღნიშნული იდეალური მოდელის შესაძლო ნიშნებია:
1. პოლიტიკური მმართველობის პრობლემის გადაწყვეტა.
2. მულტინაციონალური ორგანიზაციების ტრანსნაციონალურ ორგანიზაციებად გარდაქმნა, რაც გულისხმობს კაპიტალს, სახელმწიფოს, ანუ ნაციონალური იდენტობის გარეშე.
3. ნაციონალური ან ლოკალური სავაჭრო კავშირების დასუსტება.
4. ჰეგემონური ერი-სახელმწიფოს გაქრობა. (6) თანამედროვე ეკონომიკური გლობალიზაცია უფრო და უფრო ინტენსიური ხდება ტექნოლოგიის გაუმჯობესებისა და საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის გაცვლა-გამოცვლის ლიბერალიზაციის ხარჯზე. ამ უკანასკნელ მოვლენას ხელი შეუწყო “მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ”, “საერთაშორისო სავალუტო ფონდმა” და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა თუ შეთანხმებებმა.

გლობალიზაცია არ გულისხმობს მხოლოდ ეკონომიკურ პროცესებს. იან შოლტეს განმარტებით, “გლობალიზაცია აღნიშნავს პროცესებს, რომელთა მეოხებითაც სოციალურ ურთიერთობებს შედარებით ნაკლებად აფერხებს მანძილი და საზღვრები.” შოლტე ასევე გამოყოფს გლობალიზაციის ასპექტებს:
კომუნიკაციების სფეროში გლობალიზაციას ციფრულმა ტექნოლოგიებმა, სატელეფონო კავშირმა, ელექტრონულმა მასმედიამ და სხვა საშუალებებმა შეუწყო ხელი.
ორგანიზაციების სფეროში გლობალიზაცია გამოიხატა კომპანიების, ასოციაციებისა და მარეგულირებელი უწყებების ზრდით.
ეკოლოგიურად, გლობალიზაცია გამოიხატა ისეთ ფენომენში, როგორიცაა პლანეტის ჰავის ცვლა, სტრატოსფეროში ოზონის შემცირება, ცალკეული ბუნებრივი რესურსის შესაძლო ამოწურვა და დედამიწის ბუნებრიბი მრავალფეროვნების შემცირება. ამ მოვლენების იზოლირება შეუძლებელია.
წარმოების სფეროში იზრდება “გლობალური ფაბრიკები”, რომლებმაც მოიცვეს ისეთი სექტორები, როგორიცაა საავტომობილო მრეწველობა და მიკროელექტრონიკა. რამდენიმე ქვეყანა ერთ საწარმოო ხაზად ერთიანდება. გაჩნდა საფონდო ბირჟები, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ოცდაოთხი საათი მუშაობენ. გლობალიზაციას უკავშირდება დედამიწის ყველა კუთხეში აღიარებული საკრედიტო ბარათების გავრცელება და ზოგიერთი ვალუტის მზარდი გამოყენება.
სამხედრო სფეროში თვალსაჩინო გახდა გლობალური შეიარაღების ეპოქის დადგომა. კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების, საჯაშუშო თანამგზავრებისა და მსგავსი ტექნოლოგიების დანერგვის შედეგად მთელი მსოფლიო ერთ სტრატეგიულ არეალად გადაიქცა.
შეიცვალა ნორმები (ადამიანის უნივერსალური უფლებები) და ყოველდღიური აზროვნება (ადამიანები მსოფლიოს ერთ მთლიანობად აღიქვამენ). ცნობიერების ამგვარი შეცვლა დიდად განაპირობა 1966 წელს ღია კოსმოსიდან გადაღებულმა ფოტოსურათებმა. (7)
თანამედროვე გლობალიზაციის “გაზომვის” სხვადასხვა საშუალებები არსებობს. მაგალითად, შვეიცარიული “KOF Index of Globalization”(8) , რომელიც ითვალისწინებს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ ფაქტორებს. ამ ინდექსის მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე გლობალიზებული ქვეყანა ბელგიაა. ჟურნალი “Foreign Affairs” კი აქვეყნებს ალტერნატიულ მონაცემებს_ 2006 წლის ინდექსით სინგაპური სიაში პირველ ადგილზეა.

გლობალიზაციის ძირითადი ასპექტები
იმისათვის, რომ განვიხილოთ გლობალიზაცია უნდა გამოვყოთ მისი ძირითადი ასპექტები. ტრადიციულად საუბრობენ ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ გლობალიზაციაზე. თითოეული მათგანი წარმოადგენს ერთი მოვლენის განსხვავებულ განშტოებას. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი ძირები საერთოა. კაპიტალისტური ეკონომიკური სისტემა კვლავ ფუნქციონირებს, თუმცა განსხვავებით 20-30 წლის წინანდელი მდგომარეობიდან, ახლა უკვე მთელი მსოფლიო კაპიტალისტურია; შეიცვალა ტექნოლოგიები, უფრო მეტიც, მოხდა ნამდვილი ციფრული რევოლუცია. ტრანსნაციონალური ორგანიზაციების მოქმედებაც მჭიდროდაა დაკავშირებული გლობალიზაციის პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ ასპექტებთან. ჩვენ მხოლოდ სოციალურ ასპექტს განვიხილავთ .

პოლიტიკური ასპექტი_ერი-სახელმწიფოები უდიდესი განსაცდელის წინაშე დგანან. სახელმწიფოს აქვს ძალის გამოყენების მონოპოლია განსაზღვრულ ტერიტორიულ საზღვრებში. გლობალური ეკონომიკური პრობლემების გადაჭრა მოითხოვს უფრო მსხვილ პოლიტიკურ ერთეულებს. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ “ევროკავშირი”. ნარკოტიკებით არალეგალური ვაჭრობა, შიდსის წინააღმდეგ ბრძოლა_ ერთ-ერთი მთავარი პრობლემებია, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებლად მოითხოვს ქვეყნების ერთობლივ ძალისხმევას. ძალამ შეიძინა რეგიონალური, ტრანსნაციონალური, გლობალური მნიშვნელობა. შეგვიძლია ორი მიმართულების გამოყოფა:1. მზარდი დეცენტრალიზაცია. 2 ინტეგრაციისკენ მიდრეკილება. ვესტფალიის სისტემა კრიზისს განიცდის. ჰანტინგტონის მოდელი აქტუალურია ისე, როგორც არასდროს. ცივი ომის დასრულების შემდეგ მსოფლიო აღარაა იდეოლოგიზირებულ ბანაკებად დაყოფილი. სამყარო ხდება უფრო პატარა; ეკონომიკური პროცესები იწვევს ინდივიდების ალიენაციას. საერთო ან მსგავსი ცივილიზაციის ნიშნით დაჯგუფებული სახელმწიფოები დიდ როლს შეასრულებენ მსოფლიო პოლიტიკაში. მთავრობები ცვლიან თავიანთ პოლიტიკას არა პირდაპირი ზეწოლის, არამედ კულტურული ცვლილებებისა და კონკურენტუნარიანობის აუცილებლობის გამო.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, თანამედროვე სამყარო განიცდის ფრაგმენტაციისა და ინტეგრაციის ორმაგ პროცესს. თუმცა ბევრი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ფრაგმენტაცია ინტეგრაციის სიძლიერეა.
ცივი ომის შემდეგ გლობალური პოლიტიკის მთავარი ტენდენცია გახდა რეგიონალიზმი. რეგიონალური ფორმაციები ქმნიან ახალ მსოფლიო წესრიგს, რომელიც არსებითად განსხვავდება ვესტფალიური სისტემისგან. თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში ერთმანეთს ეჯახება ორი პარადიგმა: ერთი კონკრეტული ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესი და ევროკავშირის რეგიონალიზმი. რეგიონი არ არის, უბრალოდ, გეოგრაფიული ან ადმინისტრაციული ობიექტი, მისი შინაგანი ერთიანობა და საზღვრები მუდმივად იცვლება. მზარდი “რეგიონალობა” ნიშნავს გეოგრაფიული სივრცის ტრანსფორმაციას პასიური ობიექტიდან აქტიურ სუბიექტამდე, ანუ აქტორამდე, რომელსაც შეუძლია ტრანსნაციონალური ინტერესის არტიკულაცია. აქედან გამომდინარე, “რეგიონალობის” ცნება გამოხატავს კონკრეტული რეგიონის ერთობის პირობებსა და ხარისხს. ეს შეიძლება იყოს ხანგრძლივი ენდოგენური ისტორიული პროცესი, ან ნებაყოფლობითი გაერთიანება – რეგიონალიზმის თანამედროვე ლოგიკა. საუბარია ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებაზე, რაშიც რეგიონალიზმის კონცეფციამ წამყვანი როლი უნდა ითამაშოს. 1970-იან წლებში დაიწყო “ახალი საერთაშორისო ეკონომიკური წესრიგის” დამყარების დისკუსია, რომელიც გულისხმობდა მესამე მსოფლიოს ქვეყნების განვითარების ჰარმონიზაციას. თუმცა ჰეგემონურმა დისკურსმა საწინააღმდეგო პოლიტიკა მოიტანა_ ღარიბი ქვეყნები სიღარიბისთვის გაკიცხეს. ერაყის პირველი ომის შემდეგ, 1991 წელს, პრეზიდენტმა ბუშმა შემოიტანა ცნება “ახალი მსოფლიო წესრიგი”. ეს უკანასკნელი, ბუშის აზრით, გულისხმობდა ტერორისტებისა და ტირანების წინააღმდეგ ომს. 90-იანი წლები განსაზღვრა ინტერვენციონიზმმა, რომელმაც უარყო მულტილატერალიზმი. 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ დაიწყო “გლობალური ომი” ტერორიზმის წინააღმდეგ. ევროკავშირის მიდგომა ამ ომთან მიმართებაში არ გულისხმობს ხისტი ძალის გამოყენებას. სახეზე გვაქვს უნილატერალიზმისა და მულტილატერალიზმის დილემა. მისი გადაწყვეტა არ იქნება მთლიანად პოლიტიკური დისკურსის საკითხი. სავარაუდოდ, გლობალიზაციის სხვა ასპექტები დიდ გავლენას მოახდენს პოლიტიკური დუალიზმების გადაჭრაზე.
თანამედროვე საზოგადოებებში დღითი დღე იზრდება არასამთავრობო ორგანიზაციების მნიშვნელობა. ეს ეხება, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ “ენჯეობსაც”. ზოგიერთ შემთხვევაში ისინი ქმნიან ერთგვარ იერარქიას. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების ზეწოლამ მთავრობებსა და კერძო კომპანიებზე მსოფლიოს განვითარებაში პოზიტიური როლი ითამაშა.

სოციალურ-ეკონომიკური ასპექტი; “ინფორმაციული საზოგადოების” ჩამოყალიბება_
სოციალური ასპექტის კვლევისას შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე მიმართულება. გლობალიზაციის ეპოქაში გაიზარდა მიგრირებული ადამიანების რიცხვი. მიგრაციის მოვლენა შეიძლება სხვადასხვა მიზეზებით აიხსნას, თუმცა ეკონომიკური ფაქტორების მნიშვნელობა მაინც უდიდესია. გლობალიზაციის სოციოლოგიური კონტექსტი ყურადღებას ამახვილებს შემდეგი ტიპის ტენდენციებზე:
1. უცხოელი გაღარიბებული მუშების ექსპლუატაცია_ ღარიბი ერების წარმომადგენლების ექსპლუატაცია მსხვილი ინდუსტრიული ძალების მიერ. მართალია, მუშებს შეუძლიათ სამუშაოს მიტოვება, მაგრამ ბევრ უკიდურესად ღარიბ ქვეყანაში ეს შიმშილით სიკვდილის ტოლფასია.
2. მანუფაქტურების შეცვლა მომსახურების სფეროთი_ ოფშორული იაფი მუშახელის არსებობამ მდიდარი კომპანიები “აიძულა” გაეზარდათ პროდუქცია საზღვარგარეთის ქვეყნებში. შესაბამისი უნარების მქონე და არმქონე მუშაკებს შორის მოხდა ეკონომიკური პოლარიზაცია. ამან გამოიწვია საშუალო ფენის შესუსტება, რაც ნიშნავს იმას, რომ საზოგადოების დაბალი ფენებისთვის სიღარიბის დაძლევის შესაძლებლობა გაცილებით უნდა შემცირდა.
3. “კონტინგენტური სამუშაოს” აღმავლობა_ რადგანაც გლობალიზაციამ გამოიწვია სამუშაო ადგილების ოკეანის გაღმა გადატანა და საშუალო ფენის შესუსტება, შემცირდა სრულ განაკვეთზე მომუშავე ადამიანების რიცხვი. კომპანიები სულ უფრო ნაკლებად გასცემენ დამატებით წახალისებებს, შვებულებებს, ბონუსებს, პენსიებსა და ჯანდაცვის გარანტიებს. საშუალო ფენის ნაწილი კვლავ მუშაობს, მაგრამ მათი მსყიდველობითუნარიანობა შემცირდა.
4. პროფკავშირების დასუსტება_პროფკავშირებმა დაკარგა თავისი ძალა ისეთ კომპანიებთან მიმართებაში, რომლებთაც შეუძლიათ ადვილად შეცვალონ პერსონალი. კავშირების ეფექტურობა ეცემა იმის გამოც, რომ სხვადასხვა სფეროს მუშაკები ნაკლებად წევრიანდებიან მათში.
არასამთავრობო ორგანიზაციათა მნიშვნელობაზე უკვე ვისაუბრეთ, თუმცა აქ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ სოციალური მოძრაობების როლი გლობალიზაციის პროცესში. სოციალური მოძრაობა წარმოადგენს მოქმედების სპეციალურ მოდუსთა კომპლექსს, რომლებიც არიან პოლიტიკურად მოტივირებულნი და მიმართულნი სოციალური და კულტურული ცვლილებებისკენ. სოციალურ მოძრაობებს ხშირად რესურსების ნაკლებობა და შიდა განხეთქილებები აზარალებს, თუმცა მათ მსოფლიო მმართველობაზე მაინც მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლიათ.
1970-იანი წლებიდან ათასობით ადამიანი მონაწილეობს გაეროს მიერ დაფინანსებულ გლობალურ კონფერენციებში. ხშირად სოციალური მოძრაობების მიზანი პოლიტიკური ქმედების გაბატონებული კონცეფციების შეცვლაა; მაგალითად, ფემინისტური მოძრაობა, რომელიც სულ უფრო აქტუალური ხდება.
სოციალური მოძრაობები დაკავშირებულია მოვლენასთან, რომელიც 60-იანი წლებიდან პოსტინდუსტრიული საზოგადოების ჩამოყალიბებად აღიქმება (9). თუმცა მაგ პერიოდისთვის ახალი საზოგადოების იდეა გარკვეულწილად ჯერ კიდევ უტოპიასთან იყო დაკავშირებული. ციფრული ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის გამოგონებამ უტოპია რეალობად აქცია. მკვლევარები საუბრობენ “ინფორმაციულ საზოგადოებაზე”. მოდერნის პროექტი გულისხმობდა მეტა-ნარატივების არსებობას. ეს იყო სამყაროს შეცვლის ფილოსოფიური კონფეპცია, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ერთიანი ჭეშმარიტების ძიება. მოდერნულობა აისახებოდა ადამიანთა საქმიანობის ყველა სფეროში. დღეისათვის, ეკონომიკაში ნაწარმის სტანდარტიზაციის მცდელობები მრავალფეროვნებით შეიცვალა. მრავალფეროვნების შესაძლებლობას ახალი ტექნოლოგიები გვაძლევენ. მოდერნის, როგორც “დიადი პროექტის” იდეის აპოთეოზად ოსვენციმისა და დაჰაუს ბანაკებს თვლიან, ანუ უკიდურესი ნაციონალიზმის იდეა გულისხმობდა მასობრივი ტექნოლოგიებით განსხვავებების წაშლას. იგივე შეიძლება ითქვას კომუნიზმის უტოპიაზეც. ამას უკავშირდება ფრენსის ფუკუიამას ცნობილი გამოთქმაც “ისტორიის დასასრული”. საბჭოთა კავშირის დაშლით პოლიტიკური მოდერნი დამთავრდა! პლურალიზმის, დეცენტრალიზაციისა და ფრაგმენტაციის ცნებები პოსტმოდერნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. “მესამე ტალღის” ანუ პოსტმოდერნული ერის მუშა აღარ აზროვნებს, როგორც კონვეირის ნაწილი. ახალი ტექნოლოგიები ხელს უწყობს სოციალურ მრავალფეროვნებასა და ინდივიდუალიზაციას. პლურალიზმთან დაკავშირებულია დეცენტრალიზაციის ცნებაც, რომელიც გულისხმობს სოციალური ცენტრის არარსებობასა და “მოზაიკური საზოგადოების” ჩამოყალიბებას. დეცენტრალიზაციის ტენდენციები შეიმჩნევა წარმოებაში, სადაც ვხვდებით დემასიფიკაციის პროცესს, ხოლო პოლიტიკაში კი_ რეგიონალიზმს. მოდერნული საზოგადოება და წარმოდგენები დაიმსხვრა, ანუ მოხდა ფრაგმენტაცია; სუსტდება კლასობრივი მიკუთვნებულობის იდეაც. უმცირესობების უფლებები ყურადღების ცენტრში ექცევა. ჟაკ დერიდას “დეკონსტრუქცია” არ არის მხოლოდ განყენებული ფილოსოფიური სტრატეგია. ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით დეკონსტრუქციის მცდელობებს. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ფემინიზმი და “უნისექსის” პოპულარობა.
მიუხედავად ყველაფრისა, პოსტმოდერნული საზოგადოება არ არის პოზიტიური რეალობა. უმრავლეს შემთხვევაში, ადგილი აქვს ადამიანთა მასების “გარიცხვას” ურთიერთდაკავშირებული ქსელებიდან. სწორედ ამ პრობლემაზე საუბრობს მანუელ კასტელსი (10), რომელიც მოკლედ მიმოიხილავს “ინფორმაციული საზოგადოების” სტრუქტურას. კასტელსი საუბრობს ქსელებზე, რომლებიც მოითხოვენ კვალიფიციური, ცოდნით შეიარაღებული ადამიანების ჩართვას, რასაც მოსდევს საპირისპირო თვისებების მქონე მოქალაქეების გარიყვა. მარგინალიზაცია იწვევს კრიმინალური ფონის გამძაფრებას.
გლობალიზაციის უარყოფით გავლენებზე საუბრისას, აუცილებლად უნდა განვასხვავოთ უთანასწორობა, პოლარიზაცია, სიღარიბე და უკიდურესი სიღარიბე. უთანასწორობა ნიშნავს სიმდიდრის არათანაბარ ფლობას ინდივიდების ან სოციალური ჯგუფების მიერ. Pპოლარიზაცია აღნიშნავს უთანასწორობის ორ უკიდურეს პოლუსს შორის მანძილის გაზრდას. სიღარიბე არის ინსტიტუციურად განსაზღვრული ნორმა, რომელიც აწესებს საარსებო მინიმუმის დონეს. უკიდურესი სიღარიბე კი დაკავშირებულია გადარჩენისთვის ბრძოლასთან. თუ დავაკვირდებით მსოფლიოში მიმდინარე სოციალურ ტენდენციებს, აუცილებლად შევნიშნავთ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში უთანასწორობის სიტუაცია შედარებით გამოსწორდა (მაგალითად, ინდოეთში, ესპანეთსა და აზიის წყნარი ოკეანის სანაპიროს ქვეყნებში), ზოგან კი, პირიქით, _გაღრმავდა (მაგ. შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთსა და ბრაზილიაში). პოლარიზაცია ყველგან განუხრელად იზრდება. რაც შეეხება სიღარიბეს, აქ ცოტა რთულადაა საქმე. ბევრგან სიღარიბე პროპორციულად შემცირდა, თუმცა ღარიბი ადამიანების რიცხვი გაიზარდა. იგივე ტენდენცია ფიქსირდება უკიდურეს სიღარიბესთან მიმართებაშიც.
ამგვარად, სახეზე გვაქვს სოციალური კრიზისი, რომელიც დაკავშირებულია გლობალიზაციასთან. კასტელსი საუბრობს ე.წ. “მეოთხე სამყაროზე”, ანუ ტერიტორიებზე, რომლებიც დარჩნენ თანამედროვე პროცესების მიღმა.

კულტურული ასპექტი_გლობალიზაცია მსოფლიო კულტურას ცვლის ორი ფუნდამენტური გზით. Bბევრი მკვლევარი მიიჩნევს, რომ კულტურული გლობალიზაცია ამერიკანიზაციის ტოლფასი მოვლენაა. შეერთებული შტატების მედია , განსაკუთრებით კი ტელევიზია, უდიდეს გავლენას ახდენს საზოგადოებაზე. ასევე, განვითარდა ინტერნეტი, რომელშიც დომინირებს ინგლისური ენა და ამერიკული პორტალები. ინდოეთი ჰოლივუდზე მეტ ფილმს აწარმოებს, თუმცა საერთაშორისო ბაზარზე კონკურენციის სურვილი არ აქვს. ეს გამოწვეულია “ბოლივუდის” ფილმების ადგილობრივი ენითა და შინაარსით.
ამ ყველაფრის პარალელურად დიგიტალიზაცია ხელს უწყობს ინდივიდუალისტურ პრეფერენციებსა და გემოვნებებს. მაგალითად, http://www.forum.ge – ზე კლასიკური მუსიკის მოყვარულებს აქვთ ცალკე ქვეგანყოფილება, ისევე როგორც, სხვა მიმდინარეობის მსმენელებს, ანუ რაიმე გარკვეული ნიშნით ადამიანთა გაერთიანება უფრო მეტად სპეციალიზირდება. როგორც თანამედროვე იტალიელი მწერალი უმბერტო ეკო აღნიშნავს, “ინტერნეტს მივყავართ ცოდნის დე-ნაციონალიზაციისკენ.”(11) ინტერნეტი არის სამყაროს მიკრომოდელი, რომელშიც შეგვიძლია სასურველი ინფორმაციის მოძიება. ჯგუფები იქმნება უფრო სპეციფიკური, კონკრეტული ინტერესების გარშემო. ინტერნეტი გვთავაზობს ბრენდების ინდივიდუალიზაციას.
ეკონომიკური პოლიცენტრიზმის ექვივალენტია მულტიკულტურალიზმი, ანუ სხვადასხვა კულტურების კომბინაცია და ინტერნაციონალური ან ზე-ნაციონალური კავშირების გაღრმავება. ძალიან საინტერესო პროცესი მოხდა იაპონიაში_ იაპონელებმა თავიანთი ეროვნული კულტურის ელემენტები გლობალური კულტურის ნაწილად აქციეს. ალექსანდრ ტომოვის აზრით, გლობალიზაცია და მულტიკულტურალიზმი ერთმანეთს არ გამორიცხავს, რადგანაც: 1. ახლად წარმოქმნილი გლობალური კულტურა ვრცელდება მსოფლიოს მედიის მიერ და იგი ხდება სულ უფრო და უფრო განსხვავებული დომინანტური ერების კულტურისგან. 2. დიდი ერების კულტურა პოლიტიკური პოლიცენტრიზმისა და მულტიკულტურალიზმის პრინციპების დანერგვის კვალდაკვალ კარგავს გავლენასა და უნარს, გაანადგუროს მცირე ერების კულტურა.(12)
ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ჰანტინგტონის წინასწარმეტყველება არ გამართლდება? ცნობილი მულტიკულტურალისტი, რიჩარდ ლუისი მიიჩნევს, რომ კულტურათა ადაპტაცია მიმდინარეობს ძალიან ნელი ტემპით, ანუ არის ელემენტები, რომლებიც სწრაფად ადაპტირდება, თუმცა ამის პარალელურად ზოგიერთი ელემენტი იწვევს კულტურათა შორის “უთანხმოებას”.(13)
ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ გამოსავალი დიგიტალიზაციაშია. IT გვთავაზობს ახალ დემოკრატიულ მოდელს, რომელიც რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჰაკერული ტექნოლოგიების განვითარების დამსახურებაა.

გლობალიზაცია და განათლება; გამოსავლის ძიება
თემის დასაწყისშივე აღვნიშნეთ, რომ გლობალიზაციის უარყოფითი გავლენების შესასუსტებლად უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება განათლებას და, განსაკუთრებით, უმაღლეს სასწავლებლებს. კასტელსი საუბრობს ორპირიან მახვილზე. ერთი მხრივ, გლობალიზაცია ხელს უწყობს ქვეყნებს, გადალახონ ეკონომიკური ჩამორჩენილობა და მოახდინონ პროდუქციის მოდერნიზაცია (ამის მაგალითია ჰონგ-კონგი, ტაივანი, სინგაპური, მალაიზია და სამხრეთ კორეა); მეორე მხრივ კი, ის ეკონომიკური სისტემები, რომლებთაც ვერ გაიარეს ადაპტაცია, ხდებიან კიდევ უფრო ჩამორჩენილები. საზოგადოების უნარი, გადავიდეს “ინფორმაციულ ხანაში”, დამოკიდებულია მისი წევრების განათლების დონეზე. Eეს ეხება საგანმანათლებლო სისტემას_ დაწყებითი სკოლიდან უნივერსიტეტის ჩათვლით. ყველაზე უფრო თანამედროვე ქვეყნების განათლების სისტემაც კი სრულად არ ასახავს სისტემის დინამიზმს. აქედან გამომდინარე, გლობალიზაციის ეპოქაში უკვე აქსიომად იქცა, რომ საჭიროა ინვესტიციების ჩადება განათლების სფეროში. ე.წ. “სილიციუმის ველის”(14) ტექნოელიტის პროპორციული შემცირება, იქნება სოციალური კრიზისის გაღრმავების მწვავე მაჩვენებელი.
ახალი ერის გამოწვევებთან დაკავშირებულია კორპორატიული უნივერსიტეტების ჩამოყალიბება. ე.წ. “e-learning” დღითი დღე უფრო პოპულარული ხდება. ზოგიერთი მკვლევარი საუბრობს კორპორატიული უნივერსიტეტების აშკარა უპირატესობებზე.
უმაღლესი განათლების ინსტიტუტების ინტერნაციონალიზია არის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მადეტერმინიზებელი ფაქტორი. იგი განსაზღვრავს, თუ ვინ იქნება მოგებული გლობალიზაციის პროცესში.
გლობალიზაციის ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული და სოციალური კონტექსტები აუცილებლად უნდა აისახებოდეს თანამედროვე უნივერსიტეტის მოდელზე. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს აქვს სხვა აუცილებელი განზომილებებიც, მაგრამ ცოდნის მენეჯმენტი რჩება ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ასპექტად.

(1)თემის ლინკია:http://forum.ge/?f=36&showtopic=33788602
(2)სტატია შეგიძლიათ იხილოთ ჟურნალ “Foreign Affairs”-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: http://www.foreignaffairs.org/20050301faessay84207/niall-ferguson/sinking-globalization.html
(3) Bond S; Lemasson J.(1999) A New World of Knowledge, Canadian Universities and Globalization; Ottawa, ON, Canada: International Development Research Centre
(4)Panayiotopoulos P; Capps G .(2001) World Development, An Introduction ; London.
(5)Kirkbride P; (2001) Globalization:The External Pressures. JOHN WILEY & SONS, LTD
(6)იქვე.
(7)იან შოლტე, მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაცია, საერთაშორისო ურთიერთობების თეორია(ქრესტომათია). თბილისი, 2004 წ.
(8)შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: http://globalization.kof.ethz.ch/
(9)ვადიმ ემელინის ესსე პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაზე, შეგიძლიათ იხილოთ ამავე ბლოგზე.
(10)Manuel Castells, Information Technology, Globalization and Social Development, UNITED NATIONS RESEARCH INSTITUTE FOR SOCIAL DEVELOPMENT, UNRISD Discussion Paper No. 114, September 1999
(11)Guillermo de le Dehesa, (2006) Winners and Losers in Globalization, BLACKWELL PUBLISHING, p. 169
(12)Alexander Tomov, The Fourth Civilisation, Sofia, 1996. available from http://lib.ru/POLITOLOG/TOMOV/4civil.txt
(13)Richard D. Lewis, (2003) The Cultural Imperative: Global Trends in the 21st Century, Intercultural Press.
(14)“სილიციუმის ველი”_ არის რეგიონი აშშ-ში, კერძოდ კალიფორნიის შტატში, სადაც კონცეტრირებულია “ჰაი-ტეკის” ბიზნესის დიდი ნაწილი.

About these ads

5 Responses to გლობალიზაცია და მისი ასპექტები

  1. Giorgi says:

    didi madloba xval mid-termi maqvs politologiashi da ert-erti tema scored globalizaciaaa. imedia ar gecyneba ramodenime prazas tu gamoviyeneb sheni statiidan :)

  2. Giorgi says:

    p.s ra mshia? ris grechixa? cin terorizmi! :D

  3. მოდუსი says:

    ok, gamoiyene, Tumca shens saxelsa da gvars tu momwer mail-ze, kargi iqneba :)

  4. tamuna says:

    zalian kargi statia…….. gaagrzele wera :) :)

  5. MissG. says:

    mshvenieria :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

%d bloggers like this: